Thumbnail

მოუსმინეთ: Ty Dolla Sign ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას კომპოზიციით გამოეხმაურა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა არენბი შემსრულებელმა, ტაირონ უილიამსმა, ფსევდონიმით Ty Dolla Sign, ინსტაგრამის გვერდზე ახალი კომპოზიციის You See It ნაწყვეტი გაავრცელა, რომლითაც თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას გამოეხმაურა. ტრეკში ცნობილი ამერიკელი დიჯეი Skrillex, ნიუ ჯერსელი მუსიკოსი Ant Clemons, გერმანელი პროდიუსერი Virtual Riot და მსახიობი და სამოქალაქო აქტივისტი, ნია მირანდა მონაწილეობენ.

"მშვიდად განისვენოს ჯორჯ ფლოიდმა და ყველამ, ვინც თავისი სიცოცხლე პოლიციის ძალადობისა და უსამართლობის შედეგად დაკარგა. საშინელება ხდება. ცვლილებების დროა!", - წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.

46 წლის ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციელს მის კისერზე 8 წუთის განმავლობაში ჰქონდა მუხლი მიბჯენილი იმის მიუხედავად, რომ დაკავებული სთხოვდა, მისთვის სუნთქვის შესაძლებლობა მიეცა. გონების დაკარგვის შემდეგ ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უკვე კვირაზე მეტია, აშშ-ში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელთა მონაწილეებიც მომხდარს რასიზმს უკავშირებენ და პოლიციელის მკაცრად გასამართლებას მოითხოვენ.

Ty Dolla Sign-მა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Free TC 2015 წლის ნოემბერში ჩაეშვა გაყიდვაში. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი კი Blase გახლავთ, რომელშიც ატლანტელი მუსიკოსი Future და ჰიპ ჰოპ დუეტი Rae Sremmurd მონაწილეობენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული