Thumbnail

ვიქტორია და დევიდ ბექჰემები სახლში გვირაბის გაყვანას აპირებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ბრიტანული ჯგუფის, Spice Girls-ის ყოფილი წევრი, დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი და მისი ქმარი, ცნობილი ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი საკუთარ საცხოვრებელში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას გეგმავენ. როგორც გამოცემა Page Six წერს, ადგილობრივ გაზეთს Express ხელში ჩაუვარდა დაგეგმარების დოკუმენტის ასლი, რომლის მიხედვითაც, ინგლისში, კოტსვოლდის დასახლებაში მცხოვრები წყვილი სახლში მიწისქვეშა გვირაბის გაყვანას აპირებს. ის შენობაში არსებულ ღვინის მარანს ავტოფარეხთან დააკავშირებს.

ბრიტანული მედიის ცნობით, ვიქტორიამ და დევიდმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მაისის დასაწყისში ლონდონში, საფეხბურთო კლუბ "ტოტენჰემის" ნახევარმცველის, დელე ალის სახლში შეიარაღებული ბოროტმოქმედები შეიჭრნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ფეხბურთელს დანით დაემუქრნენ და სახის არეში დაზიანებაც მიაყენეს, სახლიდან კი საიუველირო ნაკეთობები და ძვირადღირებული საათები წაიღეს.

ბექჰემების ოჯახი 8 მილიონ დოლარად შეფასებულ, 9-საძინებლიან სახლში 2015 წლიდან ცხოვრობს.

ვიქტორიამ პოპულარობა ჯგუფ "სფაის გერლზში" მოღვაწეობით მოიპოვა. ბენდი ბრიტანეთში 1994 წელს ჩამოყალიბდა. 85 მილიონი გაყიდული ალბომით კოლექტივი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. პროექტს მსოფლიო პოპულარობა სადებიუტო სინგლმა Wannabe მოუტანა. სიმღერა 1996 წელს გაყიდვებისა და ჰიტ-აღლუმების ლიდერი გახდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან მოყოლებული ჯგუფი მსოფლიო ტურნეს მართავდა. ვიქტორიამ მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული