Thumbnail

მუსიკოსები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე სამართლიან განაჩენს მოითხოვენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

აშშ-ში თეთრკანიანი პოლიციელის მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შედეგად გააქტიურებულ საერთაშორისო მოძრაობას Black Lives Matter არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის მუსიკოსები შეუერთდნენ. ისინი სამართლიანი განაჩენისა და სისტემური ცვლილებების მოსათხოვნად სხვადასხვა პლატფორმას იყენებენ.

მუსიკოსები პოლიციელის მიერ შავკანიანი რეპერის მკვლელობას აპროტესტებენ

Halsey: აქციაზე ახლო მანძილიდან რომ მომხვედროდა ტყვია, სერიოზულ ტრავმას მივიღებდი

ლეგენდარული ბრუკლინელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯეი ზი შტატ მინესოტის გუბერნატორ ტიმ ვოლზის პირადად ესაუბრა, რის შემდეგაც თავისი კომპანიის Roc Nation ინსტაგრამის გვერდზე დაწერა:

"მადლობას ვუხდი გუბერნატორ ვოლზს, რომ ჩვენი საუბრის შემდეგ ისე მოიქცა, როგორც საჭირო იყო - საკუთარ თავზე აიღო ჯორჯ ფლოიდის საქმე და გენერალურ პროკურორს, კიტ ელისონს დაუკავშირდა. მე, როგორც ადამიანი, მამა და შავკანიანი მამაკაცი, იმაზე შეუპოვრად ვაპირებ სამართლიანობის მისაღწევად ბრძოლას, ვიდრე ამას ჩემს პირად მჩაგვრელებთან გავაკეთებდი".

View this post on Instagram

@mngovernor #JusticeForGeorgeFloyd

A post shared by Roc Nation (@rocnation) on

ქმრის პოზიციას იზიარებს ამერიკელი პოპვარსკვლავი ბიონსეც:

"ჯორჯ ფლოიდის საქმეზე სამართლიანი განაჩენი უნდა დადგეს. ჩვენ ყველანი მოწმეები ვართ, თუ როგორ მოკლეს ის დღის შუქზე. განადგურებულები და აღშფოთებულები ვართ. ამ ტკივილს ვერ ვუმკლავდებით".

მინეაპოლისში დაწყებულ პროტესტს მხარდაჭერა გამოუცხადა ინგლისელმა მუსიკოსმა, ჰარი სტაილზმა, რომელმაც ტვიტერზე დაწერა:

"მე შიშის გარეშე ვცხოვრობ, რადგან ჩემი კანის ფერის გამო პრივილეგირებული ვარ. საკმარისი არ არის, არ იყო რასისტი, ჩვენ ანტირასისტები უნდა ვიყოთ. სოციალური ცვლილებები მაშინ ხდება, როცა საზოგადოება ერთად დგება. პროტესტის ყველა მონაწილეს სოლიდარობას ვუცხადებ".

ამერიკელი პოპვარსკვლავი, მერაია ქერი კი ფლოიდის სიკვდილს ინსტაგრამზე გამოეხმაურა. ვიდეოს დასაწყისში ის 1991 წელს გავრცელებული კომპოზიციის There’s Got to Be a Way ნაწყვეტს ასრულებს, რომელიც რასიზმის, სიღარიბისა და ომების შესახებ დაწერა, შემდეგ კი ამბობს:

"ეს სიმღერა ჩემი პირველი ალბომისთვის ჩავწერე. პასუხები დღემდე ვერ ვიპოვე. ცვლილებების დროა, რომელთაც ჩვენ უნდა ჩავუდგეთ სათავეში. ჩუმად ვეღარ ვიქნებით".

ხოლო მუსიკოსმა, ლედი გაგამ ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მასხარად და რასისტად მოიხსენია "იმ სისტემის წახალისებისთვის, რომელშიც რასიზმს ისედაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული".

"შავკანიანთა ხმა ისედაც დიდხანს იყო დახშული. პროტესტის ნიშნად რასაც არ უნდა აკეთებდნენ ისინი, ვერ იღებენ თანაგრძნობას ქვეყნის ლიდერებისგან, რომელთაც მათი დაცვა ევალებათ. ამერიკაში რასიზმი კვლავ ცოცხლობს, ეს ფაქტია. ახლა კრიტიკული მომენტი დგება, აფროამერიკელებს მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ. ამით შეგვეძლება, წერტილი დავუსვათ იმას, რაც თავისი არსით არასწორია", - წერს გაგა ტვიტერზე.

ლეგენდარულმა კალიფორნიელმა მუსიკოსმა, დოქტორ დრემ პლატფორმა Apple Music-ის გადაცემაში Young Money Radio-ს წამყვანთან, რეპერ Lil Wayne-თან ინტერვიუში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაზე საუბრისას აღნიშნა:

"ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ იმ პოლიციელს თითოეული ჩვენგანის კისერზე ჰქონდა მუხლი მიბჯენილი. საშინლად მტკივნეულია იმის გააზრება, რომ მსგავსი შემთხვევები სისტემატურად ხდება. რისი გაკეთება შეგვიძლია? ან რისი გაკეთებაა საჭირო, რომ ეს ყველაფერი შეწყდეს? ისეთი რა შეიძლება, მოხდეს, რომ ეს დამთავრდეს?".

ცნობილი ბარბადოსელი მომღერალი, რიანა კი ინსტაგრამზე წერს:

"ბოლო დღეების განმავლობაში ისეთი განადგურებული, გაბრაზებული და დამწუხრებული ვიყავი, რომ ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. იმის ყურება, თუ როგორ კლავენ და ლინჩის წესით ასამართლებენ ჩემს ხალხს, გულს მიკლავს. მიზეზი, რის გამოც სოციალურ ქსელებს მოვშორდი იყო ის, რომ აღარ გამეგონა ჯორჯ ფლოიდის აგონიური ვედრების ხმა, რომელიც სიცოცხლის შენარჩუნებას ითხოვდა; რომ აღარ დამენახა იმ რასისტის, მკვლელისა და ღორის, დერეკ შოვინის ნასიამოვნები სახე. აღარ შემიძლია იმის ყურება, თუ როგორ უსინჯავს სასწრაფო დახმარების ექიმი ფლოიდს პულსს ისე, რომ არტერიაზე ნორმალურად არც ადებს ხელს. ეს ნორმალურია?".

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი Cardi B, რომელმაც ჯორჯ ფლოიდის მკველელობას არაერთი პოსტი მიუძღვნა, ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს:

"იმის ხილვა, თუ როგორ მოროდიორობენ და ეწინააღმდეგებიან კანონებს მოქალაქეები, მაფიქრებინებს, რომ, როგორც იქნა, ეს ნაბიჭვრები ჩვენს ხმას გაიგებენ. იმის მიუხედავად, რომ ხალხი ასეთ ქმედებებს არ ეთანხმება, მე ამასთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს".

46 წლის ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციელს მის კისერზე 8 წუთის განმავლობაში ჰქონდა მუხლი მიბჯენილი იმის მიუხედავად, რომ დაკავებული სთხოვდა, მისთვის სუნთქვის შესაძლებლობა მიეცა. გონების დაკარგვის შემდეგ ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უკვე ერთი კვირაა, აშშ-ში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც მომხდარს რასიზმს უკავშირებენ და პოლიციელის მკაცრად გასამართლებას მოითხოვენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული