Thumbnail

ამერიკელმა ჰაკერებმა პოლიციის რადიოსიხშირეზე N.W.A-ის კომპოზიცია გაუშვეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

აშშ-ში ჰაკერების ჯგუფმა Anonymous ჩიკაგოს პოლიციის რადიოსიხშირე დაჰაკა, რის შედეგადაც მასზე მთელი ღამის განმავლობაში კომპტონური ჰიპ ჰოპ კოლექტივის N.W.A-ის ცნობილი საპროტესტო კომპოზიცია Fu*k tha Police ისმოდა. ამ გზით მათ თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა გააპროტესტეს და ქვეყნის მასშტაბით გამართული აქციების მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მუსიკოსები პოლიციელის მიერ შავკანიანი რეპერის მკვლელობას აპროტესტებენ

"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ აქციების მონაწილეებს, რომლებიც აშშ-ში ოლიგარქიის, უსამართლობის, კორუფციისა და რასიზმის წინააღმდეგ იბრძვიან. თუ სამართალდამცველებს თავის კონტროლი არ შეუძლიათ, ძალადობენ, ესვრიან ჟურნალისტებს და მუშტებს ურტყამენ აქციის მონაწილეებს, მაშინ ხალხი რანაირად შეიკავებს თავს?", - წერია Anonymous-ის ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტებში.

1988 წელს გავრცელებული Fu*k tha Police ჯგუფ N.W.A-ის სადებიუტო ალბომში Straight Outta Compton არის წარმოდგენილი. საპროტესტო კომპოზიციაში მუსიკოსები პოლიციის მხრიდან აფროამერიკელთა სამოქალაქო უფლებების სისტემატური დარღვევების შესახებ საუბრობენ. გამოცემა Rolling Stone-მა ნამუშევარი ყველა დროის 500 საუკეთესო ტრეკს შორის დაასახელა.

46 წლის ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციელს მის კისერზე 8 წუთის განმავლობაში ჰქონდა მუხლი მიბჯენილი იმის მიუხედავად, რომ დაკავებული სთხოვდა, მისთვის სუნთქვის შესაძლებლობა მიეცა. გონების დაკარგვის შემდეგ ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უკვე ერთი კვირაა, აშშ-ში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელთა მონაწილეებიც მომხდარს რასიზმს უკავშირებენ და პოლიციელის მკაცრად გასამართლებას მოითხოვენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული