Thumbnail

Halsey: აქციაზე ახლო მანძილიდან რომ მომხვედროდა ტყვია, სერიოზულ ტრავმას მივიღებდი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ჰოლზი პოლიციელის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გასაპროტესტებლად ლოს ანჯელესში გამართულ აქციას Black Lives Matter დაესწრო, რომლის დასაშლელადაც აშშ-ის ეროვნულმა გვარდიამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. 25 წლის არტისტმა ინსტაგრამის სთორის საშუალებით თაყვანისმცემლებს ამცნო, რომ დემონსტრაციის დროს სხეულზე დაზიანება მიიღო.

მუსიკოსები პოლიციელის მიერ შავკანიანი რეპერის მკვლელობას აპროტესტებენ

ჰოლზი: მორალურად მანგრევს, რომ შვილის გაჩენა არ შემიძლია

"ძალიან გამიმართლა - ახლო მანძილიდან რომ მომხვედროდა ტყვია, სერიოზულ ტრავმას მივიღებდი. ხალხს სახეში მაშინ ესროდნენ, როდესაც აქციაზე სიმშვიდე იყო", - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში და ფოტოსაც აქვეყნებს.

ჰოლზიმ პოსტების სერია ტვიტერზეც გამოაქვეყნა, რომელშიც აქციაზე განვითარებულ მოვლენებს აღწერდა.

"მე არ ვარ დაკავებულთა შორის. უსაფრთხოდ ვარ. აქციის მონაწილეებს გვესროლეს, გაზით გაგვაბრუეს და შეეცადნენ, პროვოკაციაზე წამოვეგეთ, მაგრამ დემონსტრანტების წინა ხაზმა სიმშვიდე შეინარჩუნა".

"ხელები აწეული გვქონდა, არც კი გავნძრეულვართ. მათ კი მოგვწამლეს და გვესროლეს".

"ნამდვილი პატრიოტი ის არის, ვინც აუცილებლობის შემთხვევაში ხელისუფლებას აღუდგება თავისი მოძმე მოქალაქეების დასაცავად. ჩვენ პატრიოტები ვართ. ის კი, ვინც ამას არ აკეთებს, ლაჩარია".

46 წლის ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციელს მის კისერზე 8 წუთის განმავლობაში ჰქონდა მუხლი მიბჯენილი იმის მიუხედავად, რომ დაკავებული სთხოვდა, მისთვის სუნთქვის შესაძლებლობა მიეცა. გონების დაკარგვის შემდეგ ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უკვე ერთი კვირაა, აშშ-ში საპტოტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც მომხდარს რასიზმს უკავშირებენ და პოლიციელის მკაცრად გასამართლებას მოითხოვენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული