Thumbnail

ბილი აილიშმა ის არტისტები დაასახელა, რომლებმაც მის მუსიკაზე გავლენა მოახდინეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა კომპანია Apple-ის რადიოსადგურ Beats 1-ის გადაცემაში me & dad radio, რომლის წამყვანებიც თავად ბილი და მამამისი არიან, იმ არტისტებზე ისაუბრა, რომლებმაც მის შემოქმედებაზე გავლენა იქონიეს. გოგონას რჩეულ შემსრულებლებს შორის მოხვდნენ ბრიტანული ჯგუფის, The 1975-ის ფრონტმენი, მეთიუ ჰილი, კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი Tyler, The Creator, ინგლისელი შემსრულებელი, ჯეიმს ბლეიკი, უელსელი მომღერალი Marina and the Diamonds, აგრეთვე ნიკი მინაჟი და ლანა დელ რეი.

ნახეთ: ბილი აილიში მოკლემეტრაჟიან ფილმს Not My Responsibility ავრცელებს

უცნობმა მამაკაცმა ბილი აილიშის სახლში შეჭრა სცადა

ბილიმ საუბარი ჯგუფ The 1975-სა და მის ვოკალისტ მეთიუ ჰილიზე დაიწყო:

"The 1975-ის ლაივი მეორე კონცერტი იყო, რომელსაც დავესწარი. მას შემდეგ მათ ღონისძიებაზე არაერთხელ ვყოფილვარ. მეთ ჰილი ძალიან მიყვარს. გასულ წელს შევხვდი, რაც არაჩვეულებრივი იყო. ბენდის კომპოზიცია If I Believe You ულამაზესი სიმღერაა".

"ტაილერმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. იყო დრო, მისი ყველა კომპოზიციის ტექსტი ზეპირად ვიცოდი. მისი ჯგუფის Odd Future თაყვანისმცემელიც ვარ. თუმცა, დარცხვენით უნდა ვაღიარო, რომ გრემიზე გამოსვლამდე მისი ტრეკი Earfquake არ მქონდა მოსმენილი", - ამბობს ბილი აილიში.

ბილიმ სიმპატია გამოხატა ბრიტანელი მუსიკოსის, ჯეიმს ბლეიკის მიმართაც:

"2019 წლის დეკემბერში ჯეიმს ბლეიკის კონცერტს დავესწარი. მხოლოდ როიალზე უკრავდა და მღეროდა. არაჩვეულებრივი და სულისშემძვრელი სანახაობა იყო. სხვა არტისტის შემთხვევაში ასეთი ღონისძიება მომბეზრდებოდა, თუმცა, ეს ჯეიმს ბლეიკი გახლდათ. როდესაც ჩემს კომპოზიციას When the Party's Over ასრულებდა, ვტიროდი".

ბილიმ უელსელი არტისტის, Marina and the Diamonds-ის შესახებაც ისაუბრა.

"ერთხელ ჰელოუნისთვის მაკიაჟის გაკეთება მინდოდა და ტუტორიალს ვუყურებდი, რა დროსაც მოვისმინე Marina and the Diamonds-ის კომპოზიცია Primadonna. გაოცებული ვიყავი, მისი ხმა ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა. მრავალი წელი ჩემი საყვარელი არტისტი გახლდათ. ყველა ალბომი და ტექსტი ზეპირად ვიცოდი", - იხსენებს ბილი.

"რაც შეეხება ნიკი მინაჟს, მას აქვს ნიჭი, სხვადასხვანაირი ხმა ჰქონდეს, რასაც ძალიან ვაფასებ. ლანა დელ რეის ქარიზმამ კი მე და ჩემს ძმას ინსპირაცია მოგვცა, რომ ჩვენს კომპოზიციებში საკუთარი თავები შეგვექმნა", - დაასრულა ბილი აილიშმა.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული