Thumbnail

რატომ დასჭირდა ჯიმი პეიჯს Stairway to Heaven-ის შესასრულებლად სპეციალური გიტარა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

როდესაც ლეგენდარულმა ბრიტანულმა ბენდმა, Led Zeppelin-მა 1971 წელს რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი გამოუშვა, კომპანია "გიბსონს" ორგრიფიანი გიტარის Gibson EDS-1275 წარმოება შეჩერებული ჰქონდა. თუმცა, ჯიმი პეიჯმა ეს მოდელი სპეციალურად მისთვის მაინც დაამზადებინა და ამ ინსტუმენტის საშუალებით არაერთი დასამახსოვრებელი პერფორმანსი შემოგვთავაზა.

► ქვიზი: გამოიცანი მუსიკოსი გიტარის მიხედვით

საქმე იმაშია, რომ ჯიმი პეიჯს ალბომში შესული საკულტო კომპოზიციის Stairway to Heaven სტუდიაში ჩასაწერად სამი ინსტრუმენტი დასჭირდა. სცენაზე კი არტისტს გიტარის შეცვლის საშუალება არ ექნებოდა.

"ორგრიფიანი გიტარა აუცილებელი იყო, რომ ეს კომპოზიცია სცენაზე ისე გამეჟღერებინა, როგორც ჩანაწერშია. ვიფიქრე, რომ ყველაზე სწორი ვარიანტი იქნებოდა, გამომეყენებინა გიტარა, რომელსაც ექვსსიმიანი გრიფიც ექნებოდა და თორმეტიანიც. შთამბეჭდავი ინსტრუმენტია. შესანიშნავად გამოიყურება", - განუცხადა პეიჯმა 2014 წელს გამოცემას Telerama. აღსანიშნავია, რომ გიტარა დღემდე არტისტის საკუთრებაშია.

Gibson EDS-1275

ჯიმი პეიჯი ეპოქალური "ლედ ზეპელინის" დამაარსებელია. კოლექტივის კომპოზიციების უმრავლესობის ავტორი სწორედ ის გახლავთ. გამოცემა "როლინგ სტოუნმა" მუსიკოსი 100 საუკეთესო გიტარისტს შორის დაასახელა. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია. მას ბენდთან ერთად 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული