Thumbnail

მუსიკოსები პოლიციელის მიერ შავკანიანი რეპერის მკვლელობას აპროტესტებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) პოლიციის ოფიცრის, დერეკ შოვინის მიერ 46 წლის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ფაქტს იძიებს. გარდაცვლილი წლების წინ ჰიუსტონის ჰიპ ჰოპ სცენაზე ფსევდონიმით Big Floyd მოღვაწეობდა და ლეგენდარულ მუსიკოს DJ Screw-სთან თანამშრომლობდა. ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს შტატ მინესოტის ქალაქ მინეაპოლისში, პროდუქტების მაღაზიის სიახლოვეს მაშინ დააკავა, როდესაც ის, სავარაუდოდ, ყალბი 20-დოლარიანი კუპიურის გამოყენებას ცდილობდა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ ფლოიდი გონებას არ დაკარგავს.

"ვკვდები, ვერ ვსუნთქავ. ყველაფერი მტკივა, წყალი მჭირდება, გეხვეწებით, ვერ ვსუნთქავ", - მიმართავს დაკავებული პოლიციელს, პასუხად კი იღებს - "დამშვიდდი". ოფიცერი მას ავტომობილში ჩაჯდომისკენაც მოუწოდებს, რაზეც თანხმობას იღებს, თუმცა, ამის მიუხედავად კვლავ ფეხით ჰყავს გაკავებული და ადგომის საშუალებას არ აძლევს.

ათწუთიან ვიდეოში ისიც ისმის, როგორ ცდილობენ გამვლელები პოლიციური ძალადობის აღკვეთას.

"შეწყვიტეთ მისი დახრჩობა, შეხედე, ეს პოლიციელი ამას სიამოვნებით აკეთებს. შეგიძლიათ, მანქანაში ჩასვათ და წაიყვანოთ, თქვენ კი აქ მისი წამებით ერთობით", - მიმართავენ ისინი სამართალდამცველებს.

დაახლოებით 8 წუთში ფლოიდი გონებას კარგავს, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების მანქანით ჰენეპინის ოლქის სამედიცინო ცენტრში გადაჰყავთ, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ ხერხდება.

 

ტელეკომპანია NBC-ის საინფორმაციო სამსახურმა მინესოტის პოლიციის განყოფილების განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ჯორჯ ფლოიდი საკუთარი ავტომობილიდან გადმოსვლაზე უარს აცხადებდა და დაკავებისას სამართალდამცველებს შეეწინააღმდეგა კიდეც. რესტორნის მფლობელი კი, რომლის სათვალთვალო კამერამაც ინციდენტი გადაიღო, აცხადებს, რომ დაკავებულს ოფიცრისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

მინეაპოლისის მერმა, ჯეიკობ ფრეიმ ტვიტერზე დაწერა, რომ ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილე ოთხივე პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თეთრკანიანი სამართალდამცველის მიერ შავკანიანის მკვლელობას ქვეყნის მასშტაბით პროტესტის ტალღა მოჰყვა. მოქალაქეები დერეკ შოვინის გასამართლებას რასობრივი სიძულვილის ნიადაგზე ადამიანის მკვლელობისთვის მოითხოვენ.

მომხდარს საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი სახე, მათ შორის მუსიკოსები გამოეხმაურნენ:

"საკმარისია ნიშნავს იმას, რომ მართლა საკმარისია. რას გამოიწვევს ეს - სამოქალაქო ომს? ახალი პრეზიდენტის არჩევას? შეტაკებებს? დავიღალე, ჩვენი ქვეყანა დაიღალა. ასეთი ქცევით ხალხში შიშს კი ვერ ნერგავთ, არამედ გვაჩვენებთ, თუ როგორი მხდალები ხართ და იმას უსვამთ ხაზს, რომ სინამდვილეში ამერიკა თავისუფლების მიწა სულაც არ არის", - წერს ინსტაგრამზე რეპერი, Cardi B.

"ამერიკა, მთელი მსოფლიო გაკვირდება", - ამბობს ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტი, P. Diddy.

"უკვე ნერვები აღარ მყოფნის, ასეთ პოსტებს რომ ვაზიარებ, მაგრამ თუ ამას არ ვიზამ, ეს შემთხვევები შეუმჩნეველი დარჩება. მანამ არ შეწყდება, სანამ ჩვენ თვითონ არ შევაჩერებთ", - წერს T.I.

"თუ ამ სულელ ოფიცერს მკვლელობისთვის არ გაასამართლებენ...", - დაპოსტა 50cent-მა.

"ეს უნდა დასრულდეს. საშინლად გაბრაზებული და დამწუხრებული ვარ. რასიზმი ბოროტებაა და ჩვენ ყველამ უნდა ავიმაღლოთ მის წინააღმდეგ ხმა. ბოდიშს გიხდი, ჯორჯ ფლოიდ", - წერს კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი.

"სამართლიანობა არ არსებობს, მხოლოდ ჩვენ ვართ", - აღნიშნავს ლეგენდარული რეპერი Snoop Dogg.

ჯორჯ ფლოიდი 1990-იან წლებში DJ Screw-ს ჰიპ ჰოპ გაერთიანების Screwed Up Click წევრი იყო და ლეგენდარული მუსიკოსის ჩანაწერებში ისეთ არტისტებთან ერთად მონაწილეობდა, როგორებიც არიან: Big Moe, Lil' Flip, Big Pokey, Fat Pat, Lil' Troy და UGK.

კომენტარები

ბოლოს დამატებული