Thumbnail

ანდრეა ბოჩელი: მე და ჩემი ოჯახის წევრები კორონავირუსით დავინფიცირდით

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა იტალიელმა ტენორმა, ანდრეა ბოჩელიმ კორონავირუსი დაამარცხა. როგორც მუსიკოსი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, მან დაავადება მარტში გადაიტანა. ამ ინფორმაციის გასაჯაროებას კი თავის დროზე იმიტომ მოერიდა, რომ თაყვანისმცემლები არ შეეშინებინა და თავისი ოჯახის წევრების ინტერესები დაეცვა.

"კორონავირუსით, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო, მე და ჩემი ოჯახის რამდენიმე წევრი დავინფიცირდით. მაშინ არაფერი განვაცხადე, რათა თაყვანისმცემლები არ შემეშინებინა, ამავდროულად ჩემი ოჯახის წევრების ინტერესებიც დამეცვა. საბედნიეროდ, მარტის ბოლოს გამოვჯანმრთელდით. ვირუსის დასამარცხებელი კვლევისთვის სისხლიც გავიღეთ", - წერს ბოჩელი სოციალურ ქსელში.

The pandemic which has shaken the world has also affected – albeit mildly – me and certain members of my family. Out of...

Posted by Andrea Bocelli on Tuesday, May 26, 2020

ამერიკულ გამოცემა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში კი მუსიკოსმა ვირუსით ინფიცირების პერიოდზე ისაუბრა.

"მე და ჩემი ოჯახის წევრებს ჯერ სიცხე გვქონდა, შემდეგ გავცივდით, ბოლოს კი ხველაც დაგვეწყო. თუმცა, ვცდილობდი, ამ ყველაფრისთვის პოზიტიურად შემეხედა. მაგალითად, გავიაზრე, რომ ყველა ერთად ვიყავით სრულ ჰარმონიაში. იმაზე მეტს ვესაუბრებოდით ერთმანეთს, ვიდრე ოდესმე. კითხვისა და ვარჯიშის საშუალებაც მომეცა", - ამბობს ბოჩელი.

ახალი კორონავირუსის დამარცხებიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ კი არტისტმა მილანის ცარიელ საკათედრო ტაძარში კათოლიკური აღდგომის დღესასწაულზე კონცერტი გამართა, რომელსაც ონლაინ მილიონობით ადამიანმა მიადევნა თვალი.

ანდრეა ბოჩელი იტალიური საოპერო სცენის ვარსკვლავია. ცნობილმა ტენორმა კარიერის განმავლობაში 16 სტუდიური ალბომის გამოშვება და 90 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. ანიმაციური ფილმისთვის Quest for Camelot დაწერილმა სიმღერამ The Prayer, რომელსაც ბოჩელი მომღერალ სელინ დიონთან ერთად ასრულებს, 1999 წელს ოქროს გლობუსი დაიმსახურა. 2006 წელს არტისტმა იტალიის სახელმწიფოსგან ღირსების ორდენი მიიღო, 2010 წელს კი ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. მუსიკოსი სუსტი მხედველობით დაიბადა, 12 წლის ასაკში, ფეხბურთის მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ კი, ის სრულად დაკარგა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული