Thumbnail

ჯენიფერ ლოპესი: გული მწყდება, რომ მე და ალექსს საქორწილო გეგმები ჩაგვეშალა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა ტელეკომპანია NBC-ის დილის გადაცემაში The Today Show ჩართვისას კარანტინის პირობებში ოჯახური ცხოვრების შესახებ ისაუბრა. როგორც ინტერვიუს დროს ჯეილო გამოტყდა, გულგატეხილია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მისი და ბეისბოლის ვარსკვლავის, ალექს როდრიგესის ქორწილი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი შაკირას საცეკვაო მოძრაობას ასწავლის

"არავინ იცის, როდემდე გადაიდო ჩვენი ქორწილი. ამ მომენტში აღარაფერს ვგეგმავთ. უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. რაღაც მხრივ იმედგაცრუებული ვარ, ხომ გესმით, Super Bowl-ისა და რეალითი შოუს World of Dance გადაღებების შემდეგ დასვენებას ვგეგმავდი. მართალია, ახლა სწორედ ამას ვაკეთებ, მაგრამ არა ისე, როგორც ვაპირებდი - ზაფხულისთვის დიდი გეგმები მქონდა, ახლა კი ყველაფერი შეჩერებულია. ამასთანავე, ვფიქრობ, ღმერთს უფრო დიდი გეგმები აქვს, ვნახოთ, შესაძლოა, რაიმე უკეთესი მოხდეს", - აღნიშნა მომღერალმა.

როგორც გამოცემა Us Weekly წყაროზე დაყრდნობით წერს, წყვილს საქორწილო წვეულება იტალიაში უნდა გადაეხადა.

50 წლის ჯენიფერი და 44 წლის ალექსი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან. 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ წყვილი ოფიციალურად დაინიშნა. ჯეილოს წინა ქორწინებიდან 12 წლის ტყუპები - ემა და მაქსი ჰყავს, ალექსი კი ორი გოგონას, ნატაშას და ელას მამაა.

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი შვილებთან ერთად

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 2020 წელს ჯეილო აშშ-ის ნაციონალური საფეხბუთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული გრანდიოზული შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული