Thumbnail

10 გამორჩეული მუსიკალური ნაწარმოები მე-20 საუკუნის ავანგარდის ისტორიაში

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

მე-20 საუკუნემ კაცობრიობის ცნობიერებაში, ისტორიასა და კულტურაში გარდამტეხი ცვლილებები მოახდინა. ორი მსოფლიო ომი, ადამიანის მიერ კოსმოსის ათვისება და მთვარეზე გაფრენა, ახალი სუბკულტურები და ფილოსოფიური სკოლები, ცივი ომი და იდეოლოგიური დაპირისპირებები, სექსუალური რევოლუცია და ემანსიპატორული მოძრაობები, სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესი და მასთან ერთად აჩქარებული ცხოვრების წესი - ამ ყველაფერმა არტისტებს ხელოვნებაში დამკვიდრებული სტატუს კვოს გადახედვისა და ესთეტიკის დამკვიდრებული აღქმის კრიტიკისკენ უბიძგა.

მუსიკის ახალი არსისა და დანიშნულების აღმოსაჩენად კომპოზიტორები უკიდურესად რადიკალურ ექსპერიმენტებს მიმართავდნენ, რაც ხშირად მათი მარგინალიზების მიზეზი ხდებოდა. თუმცა, მეინსთრიმთან გაუცხოება ბევრისთვის ისედაც წინასწარ დასახული მიზანი იყო. შედეგად, კლასიკური მუსიკის წიაღიდან ჯაზის, აღმოსავლური ფილოსოფიისა და მოდერნიზმის გავლენით ავანგარდული მოძრაობა აღმოცენდა, რომლის ინოვაციურმა, ფუტურისტულმა და ეპოქის წინმსწრებმა იდეებმა დასავლური კულტურის განვითარების გზა სამუდამოდ შეცვალა. 

ჩვენს სიაში სწორედ მე-20 საუკუნის ავანგარდის ისტორიაში ათ გამორჩეულ მუსიკალურ ნაწარმოებს წარმოგიდგენთ. 

10. Charles Ives - The Unanswered Question

ავანგარდის იდეოლოგიური წინაპრის, ჩარლზ აივზის არაორდინარული ხედვა დიდწილად მამამისის, ცნობილი მუსიკათმცოდნისა და დირიჟორის, ჯორჯ აივზის გავლენით ჩამოყალიბდა. ამ უკანასკნელმა ერთხელ ქუჩაში ერთმანეთის გვერდიგვერდ ორი ორკესტრი ჩამოატარა, რომლის მუსიკოსებიც ორ სხვადასხვა ნაწარმოებს ასრულებდნენ, თავად კი შექმნილი კაკაფონიით ტკბებოდა. მისი შვილი კი 1902 წელს წარმატებული დებიუტის შემდეგ მოულოდნელად დიდ სცენას ჩამოშორდა, თავის სარჩენად სადაზღვევო ბიზნესში მუშაობა დაიწყო და მუსიკის შექმნა განმარტოებით განაგრძო.

აივზის ბიოგრაფები ამ გადაწყვეტილების მიზეზად სხვადასხვა გარემოებას ასახელებენ, თუმცა ყველაზე საინტერესო პასუხს თავად კომპოზიტორის მიერ დაწერილი ფრაზა იძლევა - "იქნებ, მუსიკა ჯერ არც დაბადებულა. იქნებ, ჯერ არცერთი ნაწარმოები დაუწერია ან მოუსმენია ვინმეს. ხელოვნება, ალბათ, მაშინ გაჩნდება, როცა მისგან სარგებლის მიღების განზრახვის მქონე უკანასკნელი ადამიანი სამუდამოდ გაქრება".

ჩარლზ აივზი

1912 წელს შექმნილი The Unanswered Question ამერიკელი კომპოზიტორის შემოქმედების ერთ-ერთი მწვერვალია. ნაწარმოები სიმებიანი სექციის მიერ შესრულებული ტონალური ტრიადებით იხსნება. ავტორის თქმით, ეს პარტია დრუიდების მდუმარებას ასახავს, რომელთაც არაფერი ესმით, არაფერს ხედავენ და არაფერი იციან. ნელ ჰარმონიას აქ უეცრად საყვირის ატონალური, აივზის მიერ "კაცობრიობის ეგზისტენციურ შეკითხვად" დახასიათებული ფრაზა კვეთს, რომელზეც პასუხის გაცემას სასულე კვარტეტი ცდილობს. ეს დიალოგი ექვსჯერ მეორდება. კვარტეტის ტონი თითოეულ ჯერზე უფრო და უფრო აგრესიული და აბსტრაქტული ხდება, მეშვიდე შეკითხვას კი ის მდუმარებით პასუხობს. ნამუშევრის ფილოსოფია ნათელია - სამყაროს სრულად შეცნობა შეუძლებელია და მისი საიდუმლოების ამოხსნის მცდელობას მხოლოდ დახლართულ ლაბირინთში შევყავართ.

რთული სათქმელია, რა უფრო მნიშვნელოვანია ამ ნამუშევარში, ორკესტრის სტრუქტურის განსხვავებული ხედვა (აივზის მითითებით, ნაწარმოების შესრულებისას სამივე სექცია სცენაზე ცალ-ცალკეა განთავსებული) და მუსიკაში დისონანსის როლის გადააზრება, თუ მასში ჩადებული ქვეტექსტის წარმოჩენის საოცრად შთამბეჭდავი გზა. ლეგენდარული ავსტრიელი კომპოზიტორი, გუსტავ მალერი ამბობდა, რომ მუსიკა მაშინ აღწევს მიზანს, როდესაც საკუთარ თავში მთელი სამყაროს არეკლვას ახერხებს. აივზმა თავისი "უპასუხო შეკითხვით" სწორედ ეს შეძლო და მალერისგან მე-20 საუკუნის ჭეშმარიტი რევოლუციონერის წოდებაც დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ 1927 წელს ჩარლზ აივზმა კიდევ ერთი აუხსნელი გადაწყვეტილება მიიღო - ახალი ნაწარმოებების წერა შეწყვიტა და დარჩენილი სიცოცხლე უკვე შექმნილი ნამუშევრების რედაქტირებას მიუძღვნა. მოდერნისტული მუსიკის ტიტანის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, ალბათ, სამუდამოდ პასუხგაუცემელ შეკითხვად დარჩება.

9. György Ligeti - Poème Symphonique

დიორდ ლიგეტის მსმენელთა უმეტესობა სტენლი კუბრიკის სამეცნიერო-ფანტასტიკური სურათის "2001: კოსმოსური ოდისეა" გასაფორმებლად გამოყენებული კომპოზიციებით Atmosphères და Lux Aeterna იცნობს. უნგრელი ებრაელების ოჯახში დაბადებულ მუსიკოსს უმძიმესი ცხოვრების გამოვლა მოუწია. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დიორდი იძულებითი შრომის ბრიგადაში გაამწესეს, მისი უფროსი ძმა და მშობლები კი საკონცენტრაციო ბანაკებში, საიდანაც ცოცხალი მხოლოდ დედამისი დაბრუნდა. მორიგი მასობრივი ძალადობის მომსწრე ის 1956 წელს, საბჭოთა ჯარების მიერ უნგრეთის რევოლუციის ჩახშობისას გახდა, რის შემდეგაც კომპოზიტორი ავსტრიაში გადასახლდა.

ლიგეტის წარსულმა გამოძახილი მის ექსპერიმენტულ ნაწარმოებებში ჰპოვა, რომელთა შორის გამორჩეულად მნიშვნელოვანი 1962 წელს შექმნილი Poème Symphonique გახლავთ. მის შესრულებამდე სპეციალურად აგებულ პლატფორმაზე მაქსიმალურად მომართული, სხვადასხვა სიჩქარეზე დაყენებული 100 მეტრონომი მაგრდება. ნიშნის მიცემის შემდეგ, პერფორმანსში მონაწილე ათ მუსიკოსს მეტრონომები მოქმედებაში შეძლებისამებრ ერთდროულად მოჰყავს, კომპოზიცია კი იქამდე გრძელდება, სანამ მოძრაობას უკანასკნელი მექანიზმი არ შეწყვეტს.

დიორდ ლიგეტი

1963 წელს ნაწარმოების საჯარო პრემიერას დამსწრეთა მხრიდან ისეთი უკმაყოფილება და აგრესია მოჰყვა, რომ ერთ-ერთმა ჰოლანდიურმა ტელეარხმა დაგეგმილი ჩვენება გააუქმა, სანაცვლოდ კი ეთერში საფეხბურთო მატჩის ტრანსლაცია გაუშვა. თუმცა, დღეს Poème Symphonique მეოცე საუკუნის მუსიკალური ავანგარდის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად ითვლება.

ნამუშევრის მოსმენისას გონება ერთდროულად მოძრავი ათობით მექანიზმის მიერ შექმნილ კაკაფონიაში რიტმის დაჭერას ცდილობს. ეს მოვლენა ფსიქოლოგიაში აპოფენიის სახელით ცნობილი ფენომენის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის წყალობითაც ადამიანები რორშახის ტესტის აბსტრაქტულ გამოსახულებებში ნაცნობ ფიგურებს ამჩნევენ.

Poème Symphonique-ის იდეის ინტერპრეტირება მრავალნაირადაა შესაძლებელი, თუმცა, ავტორისეულ ჩანაფიქრზე ყველაზე ნათელ წარმოდგენას სწორედ ზემოხსენებული ფაქტი გვიქმნის. არაერთი ტრაგედიის შემსწრე ლიგეტიმ მექანიკური სიმფონიის მეშვეობით აბსოლუტურ ქაოსში წესრიგის აღმოჩენა სცადა, მის დასასრულს კი უკანასკნელი მოქმედი მეტრონომის ხმა სიკვდილითა და ნგრევით სავსე სამყაროში სიცოცხლის ბოლო გაბრძოლების სიმბოლოდ აქცია.

8. Harry Partch - Windsong

1901 წელს არიზონაში დაბადებული ჰარი პარჩი აუტსაიდერი არტისტის სანიმუშო მაგალითია. ველური დასავლეთის ღირებულებებზე აღზრდილმა, ბუნებით მეამბოხე კომპოზიტორმა 1919 წელს ლოს ანჯელესის ფილარმონიაში დაიწყო მუშაობა, სადაც ახალბედა მსახიობი მამაკაცი, რამონ სამანიეგო გაიცნო და მასთან სასიყვარულო ურთიერთობაც გააბა. თუმცა, ეს უკანასკნელი პარჩს მალევე დაშორდა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, იმდროინდელ საზოგადოებაში ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით არსებული შეხედულებები იყო. სამანიეგომ გვარი შეიცვალა და რამონ ნოვაროს სახელით მუნჯი კინოს სექს სიმბოლოდ იქცა, პარჩმა კი საბოლოოდ გადაწყვეტა, საკუთარი ცხოვრება ხელოვნებასა თუ სოციუმში დამკვიდრებული ფასეულობების უარყოფისთვის მიეძღვნა.

1930-იანი წლების დასაწყისში ჰარი ბედის საცდელად ევროპაში გაემგზავრა, თუმცა მისი ექსპერიმენტებით პუბლიკა აღფრთოვანებული არც იქ დარჩენილა. კომპოზიტორმა კომპლიმენტები სულ რამდენიმე მსმენელისგან, მათ შორის ლეგენდარული პოეტის, უილიამ ბატლერ იეიტსისგან მიიღო. 1935 წელს ამერიკაში მის დაბრუნებას დიდი დეპრესიის სახელით ცნობილი ეკონომიკური კრიზისი დაემთხვა, რაც პარჩის კარიერულ პერსპექტივებს კიდევ უფრო ამცირებდა. ის მიხვდა, რომ მუსიკის სამყაროში გამეფებული ბიუროკრატიის პირობებში საკუთარ ხედვასა და იდეებს გასაქანს ვერასდროს მისცემდა. ამიტომ, ამ სფეროს მმართველ წრეებთან საქმის დაჭერაზე უარი თქვა და ცხოვრების წესი რადიკალურად შეიცვალა.

ჰარი პარჩი

მაწანწალად ქცეული კომპოზიტორი ქვეყანაში დახეტიალობდა, ღამეებს მიტოვებულ შენობებში ათენებდა და თავს დროებითი სამუშაოთი ირჩენდა. ამავდროულად, ყველასგან და ყველაფრისგან თავისუფალი, მუსიკის თეორიის ყველა პარამეტრის გადააზრებას ცდილობდა. შედეგად, პარჩი დასავლეთში მიკროტონალიზმის (ნახევარტონებზე უფრო მცირე ინტერვალებზე დაფუძნებული მუსიკის) ერთ-ერთ პიონერად იქცა.

ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში ჩამოყალიბებული პრინციპების გაცოცხლებით, პარჩმა ორმოცდასამი ტონისგან აგებული ოქტავა შექმნა. მისი მოდელი აბსოლუტური კონსონანსით (1:1 შეფარდება) იწყება და ყოველი მომდევნო ინტერვალით უფრო და უფრო დისონანსური ხდება. თავისი იდეების განსახორციელებლად ჰარიმ ათობით ხელნაკეთი ინსტრუმენტი დაამზადა. მის ნაწარმოებებს შორის რომელიმეს გამოყოფა კი, ფაქტობრივად, შეუძლებელია. კომპოზიციას Windsong მხოლოდ ზემოხსენებული კონცეფციის დემონსტრირების მიზნით გთავაზობთ.

გარკვეული დროის შემდეგ, კომპოზიტორი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა, კალიფორნიაში დასახლდა და რამდენიმე ალბომიც გამოუშვა, რომელთა შორის 1969 წელს ჩაწერილი The World of Harry Partch საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ჰარი პარჩი 1974 წელს გარდაიცვალა, ისტორიას კი ისეთი ხელოვანის სახელით შემორჩა, რომელმაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ საკუთარი წესებითა და პრინციპებით იხელმძღვანელა.

7. Luigi Russolo - Serenata per intonarumori e strumenti

მე-20 საუკუნის ავანგარდზე საუბრისას შეუძლებელია, მისი გამორჩეულად რადიკალური ნაწილი, ფუტურიზმი არ ვახსენოთ. 1900-იანი წლების იტალიაში ჩამოყალიბებული ეს მიმდინარეობა ხელოვნებაში რეალიზმის უარყოფის საფუძველზე შეიქმნა. მისი ფილოსოფიის თანახმად, ადამიანის ცნობიერების წარსულის კულტურული გადმონაშთებისგან გასათავისუფლებლად არა გარემომცველი სამყაროს ასახვა, არამედ წესრიგის რღვევის გზით ახალი რეალობის შექმნა იყო საჭირო. ეს იდეები ბევრგან, მათ შორის, საქართველოშიც გავრცელდა, სადაც 1924 წელს პირველი ფუტურისტული ჟურნალი H2SO4 დაარსდა. თუმცა, ამ სკოლის წამყვან ძალად მისი იტალიელი პიონერები დარჩნენ, რომელთა შორის იყო 1885 წელს დაბადებული ფერმწერი და კომპოზიტორი, ლუიჯი რუსოლო, რომელსაც თამამად შეგვიძლია ისტორიაში პირველი ნოიზ არტისტი ვუწოდოთ.

ახლო მეგობრისა და "პირველი ფუტურისტული მანიფესტის" ავტორის, ფილიპო ტომაზო მარინეტის მიბაძვით, რუსოლომ 1913 წელს საკუთარი მანიფესტი "ხმაურის ხელოვნება" გამოაქვეყნა. ნამუშევარში ლუიჯი აცხადებდა, რომ ინდუსტრიულმა რევოლუციამ თანამედროვე ადამიანს გზა გაცილებით კომპლექსური ხმების აღქმისკენ გაუხსნა და კაცობრიობას ეს შესაძლებლობა სრულად უნდა აეთვისებინა. ტრადიციულ მელოდიურობას ის შეზღუდულ კონცეფციად თვლიდა და მომავალში მის ჩამნაცვლებელს სწორედ ქაოტურ ხმაურში ხედავდა.

ლუიჯი რუსოლო

საკუთარი იდეების განსახორციელებლად რუსოლომ ხელნაკეთი აკუსტიკური ინსტრუმენტებისგან ინტონარუმორის (იტალიურად "ხმის წარმომქმნელი") სახელწოდებით ცნობილი მოწყობილობა შექმნა. ეს ექსპერიმენტული მექანიზმი უმეტესწილად სიმებიანი საკრავებით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც ბორბლებითა და სახელურებით იმართებოდა, დრამი კი რეზონატორის ფუნქციას ითავსებდა.

1914 წლის აპრილში რუსოლომ მარინეტისთან ერთად ფუტურისტული მუსიკის პირველი კონცერტი გამართა. ღონისძიების დაწყებიდან მცირე ხანში მსმენელებში გაოგნება აგრესიამ ჩაანაცვლა, მის მიწურულს კი ისეთი არეულობა ატყდა, რომ მეგობრებმა დარბაზიდან გაქცევა ძლივს მოახერხეს. ორი დღის შემდეგ გამართულ კიდევ ერთ პერფორმანსზე აუდიტორია ძირითადად პამფლეტის გამოცხობის მიზნით მოსული კრიტიკოსებისგან იყო დაკომპლექტებული, რომელთა შორის ერთ-ერთმა ირონიული შენიშვნის გამო ფიზიკურ ორთაბრძოლებში უკვე კარგად გამობრძმედილი ლუიჯისგან სილაც კი დაიმსახურა.

გარკვეული დროის შემდეგ იმედგაცრუებული რუსოლო მუსიკას საერთოდ შეეშვა. თუმცა, იტალიელი ხელოვანის არაორდინარულმა ხედვამ იგორ სტრავინსკიზე, მორის რაველზე, ედგარ ვარეზზე და სხვა ცნობილ კომპოზიტორებზე უდიდესი გავლენა მოახდინა, მისი იდეები კი თაობიდან თაობაზე გადაცემისა და მუდმივი ევოლუციის გზით დღემდე აქტუალურად რჩება.

6. Iannis Xenakis - Metastaseis

1940 წელს იანის ქსენაკისი ათენის უნივერსიტეტში არქიტექტურასა და ინჟინერიასთან ერთად მუსიკის თეორიასაც წარმატებით ეუფლებოდა. თუმცა, მცირე ხანში საბერძნეთში იტალიის ჯარი შეიჭრა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის შემადგენლობაში ჩაწერილმა ახალგაზრდამ ხელში წიგნების ნაცვლად იარაღი აიღო. ფაშისტების განდევნის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა საბერძნეთში მონარქიის აღდგენა განიზრახა, რის გამოც კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანებულ ქსენაკისს ბრძოლა ამჯერად ყოფილი მოკავშირეების წინააღმდეგ მოუწია. ის ერთ-ერთი ტანკიდან ნასროლი ჭურვის აფეთქებას სასწაულებრივ გადაურჩა, მაგრამ ინციდენტმა სახის ნაწილი დაუზიანა და მარცხენა თვალით დააბრმავა. 1947 წლიდან ახალმა ხელისუფლებამ ყოფილი პარტიზანების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო. იანისს დაუსწრებლად სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს, რომელსაც მან თავი საფრანგეთში გაქცევით დააღწია.

ქსენაკისი უცხო ქვეყანაში თავს უმიზნოდ და დაკარგულად გრძნობდა. ამიტომაც გადაწყვიტა, საკუთარი არსებობისთვის აზრის ხელახლა მისაცემად რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი გაეკეთებინა. პედაგოგების მხრივ მას საოცრად გაუმართლა - მუსიკას ეპოქალურ კომპოზიტორ ოლივიე მესიანთან სწავლობდა, არქიტექტურის განხრით კი არც მეტი, არც ნაკლები, ლეგენდარული ლე კორბუზიეს სტუდიაში დაიწყო მუშაობა. შედეგად, მისი შემოქმედება მოდერნისტული არქიტექტურის, კვანტური ფიზიკისა და მუსიკის გადაკვეთის წერტილად იქცა.

იანის ქსენაკისი

მათემატიკურ ფორმულებზე აგებული ნაწარმოებებისა და აუდიოვიზუალური ინსტალაციების წყალობით, ქსენაკისიმა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ინოვატორის სახელი დაიმკვიდრა. მისი არაერთი შთამბეჭდავი პროექტიდან არჩევანი 1953-54 წლებში შექმნილ Metastaseis-ზე შევაჩერეთ. ნამუშევარი, რომლის მიხედვითაც საბალეტო წარმოდგენა ჯორჯ ბალანჩინმა დადგა, ბერძენი კომპოზიტორის შემოქმედებიდან გამორჩეულად პოპულარულია.

ნიუტონისეული გაგებით დრო სწორხაზოვანია, აინშტაინის თანახმად კი ის მასისა და ენერგიის ცვალებადობაზეა დამოკიდებული. ფარდობითობის თეორიის ამ ასპექტზე დაყრდნობით ქსენაკისის ნამუშევარი, ტრადიციული მელოდიის ნაცვლად, რეგისტრისა და ინტენსიურობის ხარისხის ცვლილების გზით ვითარდება. ნაწარმოების პირველ და მესამე მოქმედებას ცენტრალური მელოდიური მოტივი საერთოდ არ გააჩნია, მეორე კი არნოლდ შონბერგისეულ თორმეტტონიან (დოდეკაფონიურ) ტექნიკაზეა აგებული, რომლის ეს კონკრეტული მოდელიც, თავის მხრივ, ფიბონაჩის მიმდევრობას ეფუძნება.

იდეის განხორციელების გასაღებს იანისმა საკუთარ ტრავმატულ მოგონებებში მიაგნო. მას კარგად ახსოვდა, რომ ომის კაკაფონიაში ცალკეული ტყვიის ხმის გარჩევა შეუძლებელია, მაგრამ მთელი ბრძოლის ველი ბგერების ერთ დიდ, ქაოტურ მასას ქმნის. სწორედ ამიტომ, პერფორმანსში მონაწილე სამოცდაერთივე მუსიკოსი სხვადასხვა მოტივს ასრულებს, შედეგად წარმოქმნილი ეფექტის სიტყვებით აღწერას კი, ალბათ, სჯობს, ნაწარმოებს თავად მოუსმინოთ.

5. John Cage - Organ2/ASLSP

ამერიკელი კომპოზიტორი, რომლის ″სულელურმა და პრეტენზიულმა″ ექსპერიმენტებმა ისეთ სახელოვან და საყოველთაოდ აღიარებულ არტისტებზე მოახდინა გავლენა, როგორებიცაა ეპოქალური როკ კოლექტივი Radiohead და ელექტრონული მუსიკის ლეგენდა, რიჩარდ დევიდ ჯეიმსი, იგივე Aphex Twin. მე-20 საუკუნის ავანგარდის ისტორიაში მეტ-ნაკლებად გათვიცნობიერებული მკითხველი ჯონ კეიჯს მისი ყველაზე პოპულარული ნამუშევრით 4′33″ იცნობს. მოარულ ანეკდოტად ქცეული ამ პერფორმანსის ფარგლებში შემსრულებელი ინსტრუმენტთან ოთხი წუთისა და ოცდაცამეტი წამის განმავლობაში მდუმარედ ზის და არაფერს უკრავს. ერთი შეხედვით, ეს სრული უაზრობაა და სტანდარტული გაგებით, მუსიკალურ ნაწარმოებადაც ვერ აღიქმება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ქეიჯი სწორედ მუსიკის არასტანდარტულ გაგებასა და მისი განსხვავებული პერსპექტივით წარმოჩენის ხერხებს ეძებდა.

ამ ნაწარმოების შექმნამდე ქეიჯი აბსოლუტური სიჩუმის პოვნის იდეით იყო შეპყრობილი, რის გამოც 1951 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ, ექოსგან თავისუფალ კამერას მიაკითხა. მუსიკოსს სრული მდუმარების შეგრძნების იმედი ჰქონდა, თუმცა ოთახში მყოფს ორი განსხვავებული ტონი მოესმა, რომელთა შორის ერთი მისივე ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის, მეორე კი ნერვული სისტემის მიერ წარმოქმნილი ხმა იყო. 4′33″ სწორედ ამ მომენტში აღმოჩენილი ჭეშმარიტების მანიფესტაციაა. ადამიანს ბგერა მარტოს არასდროს ტოვებს, მისი მუსიკად აღქმა კი მხოლოდ პერსპექტივის საკითხია.

ჯონ კეიჯი

ათწლეულების შემდეგ, სიცოცხლის ბოლოს შექმნილი ნამუშევრით Organ2/ASLSP (As slow as possible) ჯონ კეიჯმა დროის მიერ დაწესებული საზღვრების გამოცდა გადაწყვიტა. 1992 წელს გარდაცვლილი ავტორის მითითების თანახმად, სტანდარტული ზომის პარტიტურის მქონე ეს კომპოზიცია რაც შეიძლება ნელა უნდა შესრულდეს.

ენთუზიასტებმა ნამუშევრის დაკვრა გერმანიის ქალაქ ჰალბერშტადტში მდებარე ტაძარში 2001 წლის 5 სექტემბერს, კეიჯის დაბადების დღეზე დაიწყეს. ნაწარმოები სპეციალურად მისთვის შექმნილ ორღანზე სრულდება, თითოეულ აღებულ ნოტს შორის პაუზის ხანგრძლივობა კი რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე მერყეობს. კომპოზიციის ქრონომეტრაჟი 639 წლითაა განსაზღვრული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის 2640 წლის 5 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

დიდი ალბათობით, კაცობრიობის ისტორიაში ეს ერთადერთი სრულფასოვანი მუსიკალური პერფორმანსი იქნება, რომელსაც თავიდან ბოლომდე ვერავინ მოისმენს. რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მუსიკას საკუთარი არსის ხელახლა აღმოსაჩენად ასეთი იდეები მუდამ სჭირდება, მათი საუკეთესო გენერატორი კი სწორედ კეიჯის მსგავსი არტისტების ფანტაზიაა.

4. Karlheinz Stockhausen - Helikopter-Streichquartett

The Beatles-ის ეპოქალური ალბომის Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band გარეკანზე უამრავ ცნობილ პიროვნებას შორის ერთ უცნაური გამომეტყველების მქონე მამაკაცსაც (ზედა რიგში მარცხნიდან მეხუთე) შეამჩნევთ. ეს ელექტრონული მუსიკის პიონერი, თეორეტიკოსი და ავანგარდული ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა, კარლჰაინც შტოკჰაუზენი გახლავთ. ადამიანი, რომელსაც ზოგი მე-20 საუკუნის ბეთჰოვენად მოიხსენიებდა, ზოგი კი ელიტიზმში ადანაშაულებდა და კაპიტალიზმის მონას უწოდებდა.

1928 წელს დაბადებული გერმანელი კომპოზიტორის იდეებმა ასობით გენიალურ არტისტზე მოახდინა გავლენა, დაწყებული მაილს დევისითა და Pink Floyd-ით, დამთავრებული ბიორკითა და ფრენკ ზაპათი. ამასთან ერთად, შტოკჰაუზენის მოსწავლეები სხვადასხვა დროს ჯონ ჰასელი, ლა მონტე იანგი, ჟან-მიშელ ჟარი და ეპოქალური კრაუტროკ კოლექტივის, Can-ის წევრები, ჰოლგერ შუკაი და ირმინ შმიდტი იყვნენ. გერმანელი კომპოზიტორის სახელს დამსახურებული თუ დაუმსახურებელი კონტროვერსია მუდამ თან სდევდა. ის ხშირად ირწმუნებოდა, რომ ვარსკვლავ სირიუსზე დაიბადა და მუსიკალური განათლებაც სწორედ იქ მიიღო, თუმცა მსგავსი უწყინარი ხუმრობები ახლოსაც ვერ მოვა იმ ხმაურიან სკანდალთან, რომელიც შტოკჰაუზენის მიერ 11 სექტემბრის ტერაქტის ხელოვნების ისტორიაში უდიდეს წარმოდგენად მოხსენიებამ გამოიწვია.

კარლჰაინც შტოკჰაუზენი

შტოკჰაუზენის ნამუშევრები სწორედ ისეთი არაორდინარულობით გამოირჩევა, როგორიც მსგავსი ექსცენტრიკული პიროვნებისგან იყო მოსალოდნელი. საკულტო მუსიკოსის შემოქმედება ათობით ექსპერიმენტულ ნაწარმოებს, ინსტალაციასა თუ ავანგარდულ პერფორმანსს მოიცავს, რომელთა შორის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი 1995 წელს შექმნილი Helikopter-Streichquartett (გერმანულად "ვერტმფრენების სიმებიანი კვარტეტი") აღმოჩნდა.

ეს ნაწარმოები ოპერის Mittwoch aus Licht (გერმანულად "ოთხშაბათი სინათლისგან") მესამე სცენაა. სიმებიანი კვარტეტის წევრები ოთხ ვერტმფრენში ნაწილდებიან და საკუთარ პარტიებს ცაში ასრულებენ, წინასწარ მონიშნულ ტერიტორიაზე შეკრებილი აუდიტორია კი მათ თვალს პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით ეკრანზე ადევნებს.

შტოკჰაუზენი როტორების ხმისა და მუსიკის შერწყმის იდეით დიდი ხნის განმავლობაში იყო შეპყრობილი, მისი ამ ფორმით განხორციელების ხერხი კი სიზმარში აღმოაჩინა, როდესაც ღრუბლებში, ვერტმფრენებს ზემოთ დაფრინავდა. Helikopter-Streichquartett დღეს ავანგარდული ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება, თუმცა თავის დროზე ხმაურის გარეშე ვერც მისმა შესრულებამ ჩაიარა. ავსტრიაში გამართულ პერფორმანსს ამ ქვეყნის მწვანეთა პარტიის წევრები გამოეხმაურნენ და კომპოზიტორს გარემოს დაბინძურებაში დასდეს ბრალი.

3. La Monte Young - Composition #7

1935 წელს დაბადებული ლა მონტე იანგი გარესამყაროს ყოველდღიურ ხმებში მუსიკალური ტონების დაჭერას ბავშვობიდანვე ცდილობდა. მოზარდობისას ამერიკელი არტისტი ჯაზით დაინტერესდა და საქსოფონზე დაკვრაში ისე გაიწაფა, რომ ერთ-ერთ კონკურსში არც მეტი, არც ნაკლები, ერიკ დოლფი დაამარცხა. თუმცა, მოგვიანებით, გულმა კლასიკური და ავანგარდული მუსიკისკენ გაუწია.

1958 წელს იანგი კალიფორნიაში მდებარე ბერკლის კოლეჯში ჩაირიცხა, სადაც ჯონ კეიჯის იდეების გავლენით კონცეპტუალურ ხელოვნებას მიჰყო ხელი. შედეგად, კამპუსის შენობაში ხან ავეჯს დაათრევდა, ხანაც პეპლებს უშვებდა, ბოლოს კი სცენაზე ცეცხლიც დაანთო. მალე სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციამ ახალგაზრდა მუსიკოსს მოგზაურობისთვის გრანტი გამოუყო. ლეგენდის თანახმად, ცოტა ხნით მაინც თავიდან მოსაშორებლად, სანამ არაფერი გადაწვა. ასე ამოჰყო იანგმა თავი ნიუ იორკში, სადაც თანამოაზრეების, მათ შორის, იოკო ონოსა და რიჩარდ მაქსფილდის პოვნა არ გასჭირვებია. მანჰეტენზე ცხოვრების დროს არტისტი ჰალუცინოგენებმა, მისტიციზმმა და ინდურმა მუსიკამ გაიტაცა. აღმოსავლური ფილოსოფიისა და ბავშვობიდანვე გონებაში ჩაბეჭდილი ინდუსტრიული ხმების სინთეზმა კი მინიმალიზმის სრულიად განსხვავებული, ფსიქოდელიური ტონებით გაჯერებული ფორმის შექმნისკენ უბიძგა.

ლა მონტე იანგი

ლა მონტე იანგის უნიკალურმა ხედვამ თავი პირველად ნაწარმოებების სერიაში Compositions 1960 იჩინა, რომელზე მუშაობაც მან ბერკლიში სწავლისას დაიწყო და ნიუ იორკში ცხოვრების პირველ წლებში დაასრულა. ერთიმეორეზე უცნაური ექსპერიმენტებით დაკომპლექტებული ციკლის ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთად მისი მეშვიდე ნაწილი მიიჩნევა.

Composition #7-ის მთელი პარტიტურა მხოლოდ ორი ნოტით (პატარა ოქტავის სი და პირველი ოქტავის ფა-დიეზი) შექმნილი აკორდისგან შედგება. ავტორის მითითების თანახმად, შემსრულებელმა ეს აკორდი მაქსიმალურად ხანგრძლივად და გაბმულად უნდა დაუკრას. პერფორმანსში მონაწილე მუსიკოსების რაოდენობა განსაზღვრული არ არის. ინსტრუმენტების შერჩევა და განლაგებაც მხოლოდ პირად შეხედულებაზეა დამოკიდებული.

იანგის ნამუშევრის ფილოსოფია რამდენადაც მარტივი, იმდენადვე რევოლუციური აღმოჩნდა. ის მიხვდა, რომ დროის ფაქტორის ხარჯზე, მუსიკალურმა ნაწარმოებმა ერთადერთი აკორდითაც კი შეიძლება მსმენელზე საოცარი ემოციური ეფექტი მოახდინოს. ეს ის იდეაა, რომელიც მომავალში დროუნის, ემბიენთისა თუ ინდასტრიალის ჟანრებში შექმნილი ასობით ნამუშევრისთვის ამოსავალ წერტილად იქცა. მის გამორჩეულად შთამბეჭდავ ხორცშესხმას კი ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში იხილავთ.

2. Terry Riley - In C

ბერკლიში სწავლისას ტერი რაილის თავისი კლასელის, ლა მონტე იანგის გავლენით ჯერ მუსიკის კონცეფციის არასტანდარტული აღქმა, მომდევნო წლებში კი მარიხუანისა და მესკალინის მოხმარების ჩვევაც ჩამოუყალიბდა. მცირე ხანში კალიფორნიელმა არტისტმა საკუთარი ექსპერიმენტების სერია წამოიწყო, რომელმაც დასავლური მუსიკის განვითარების გზა სამუდამოდ შეცვალა. ავანგარდთან, ჯაზთან, კლასიკურ მუსიკასთან და ემბიენთთან ერთად, რაილის იდეებმა 1960-იანების როკ კულტურაზეც საგრძნობი გავლენა მოახდინა, რაც განსაკუთრებით ნათლად ამერიკული კოლექტივის, The Velvet Underground-ის კომპოზიციაში All Tomorrow's Parties და ბრიტანული ბენდის, The Who-ს ჰიტში Baba O'Riley აისახა, რომელიც, სხვათა შორის, სწორედ რაილისა და ინდოელი მისტიკოსის, მეჰერ ბაბას სახელს ატარებს.

ცოცხალ ლეგენდად ქცეული კომპოზიტორის შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად მის მიერ 1964 წელს შექმნილი In C ითვლება, რომელიც მინიმალიზმის, როგორც თვითმყოფადი მიმდინარეობის ისტორიაში პირველ ნაწარმოებადაა აღიარებული. ის 53 მცირე მუსიკალური ფრაზისგან შედგება, რომელთა გამეორების რაოდენობა წინასწარ განსაზღვრული არ არის. პერფორმანსში მონაწილე მუსიკოსებს საკუთარი პარტიის დაწყება მაშინ შეუძლიათ, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლიან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორი მათგანი ერთსა და იმავე პარტიას ასრულებს.

ტერი რაილი

ზემოხსენებული ფრაზები პარტიტურაში გარკვეული მიმდევრობითაა დალაგებული, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, ზოგიერთის გამოტოვებაა ნებადართული. თავდაპირველად, ნამუშევარს ცენტრალური მოტივიც კი არ გააჩნდა, თუმცა მის საჯარო პრემიერაში მონაწილე ერთ-ერთი არტისტის, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა სტივ რაიხის ინიციატივით, "პულსი" დაემატა - ფორტეპიანოზე ან სხვა ინსტრუმენტზე პერიოდულად შესრულებადი ნოტი დო, რომელიც ორკესტრისათვის ერთგვარი მეტრონომის ფუნქციას ასრულებს.

"მთელი ეს პროცესი დროის კაფსულაში ყოფნის, კოსმოსში უმიზნოდ ხეტიალისა და მორიგი მოვლენის მოლოდინის განცდას ჰგავდა. იმას, რაც ყველაზე მეტად მომწონს", - ასე იხსენებდა რაილი ემოციებს, რომლებიც ნაწარმოების პრემიერის დროს დაეუფლა. მისი ნამუშევრის რევოლუციური ხასიათიც ამაში მდგომარეობს. როგორც წესი, ორკესტრის სტანდარტული სტრუქტურა მკაცრ წესრიგს ექვემდებარება, მუსიკოსების ფუნქციას კი დროში წინასწარ გაწერილი პარტიების მაქსიმალური სიზუსტით შესრულება წარმოადგენს. ამის სანაცვლოდ, რაილის ხედვა ორკესტრის წევრებს, ფაქტობრივად, სრულ თავისუფლებას ანიჭებს, რის გამოც In C თითოეული შესრულებისას ახალ, უნიკალურ სახეს იღებს.

მინიმალიზმის ფილოსოფიის ინტერპრეტირება სხვადასხვაგვარად არის შესაძლებელი, მაგრამ მუსიკალური ნაწარმოების ცოცხალ, ცვალებადი ფორმის მქონე ორგანიზმად ქცევის მცდელობა მის არსს, ალბათ, საუკეთესოდ ასახავს.

1. Steve Reich - It's Gonna Rain

სტივ რაიხის მშობლები ერთმანეთს მისი დაბადებიდან მცირე ხანში დაშორდნენ, რის გამოც მომავალმა მუსიკოსმა ბავშვობის დიდი ნაწილი ლოს ანჯელესიდან ნიუ იორკამდე მოძრავ მატარებლებში გაატარა. 1940-იანი წლების ამერიკული რკინიგზა და ლიანდაგების მონოტონური ხმები მისი ცხოვრების დაუვიწყარ შთამბეჭდილებად დარჩა. წარმოშობით ებრაელი რაიხი ხშირად ფიქრობდა, რომ ნაცისტების მიერ დაპყრობილ ევროპაში ცხოვრების შემთხვევაში, სრულიად სხვა, საკონცენტრაციო ბანაკის მიმართულებით მიმავალ ვაგონში მოუწევდა მგზავრობა. მოგვიანებით, ეპოქალური ნაწარმოები Different Trains კომპოზიტორმა სწორედ ამ მოგონებების ინსპირაციით შექმნა. 

რაიხი მუსიკის თეორიას ახალგაზრდობიდანვე ეუფლებოდა, პარალელურად ახლომახლო გამართულ ყველა ავანგარდულ პერფორმანსს ესწრებოდა და აუდიოაპარატურის გამოყენების ინოვაციურ ხერხებსაც ეძებდა. 1964 წლის შემოდგომაზე, მორიგი ექსპერიმენტის ფარგლებში, მან სან ფრანცისკოს ქუჩებში პროტესტანტი მქადაგებელი, ვინმე ძმა უოლტერი ჩაწერა, რომელიც ბიბლიური წარღვნის ამბავს ჰყვებოდა.

სტივ რაიხი

კომპოზიტორის ყურადღება ისტორიის იმ მონაკვეთმა მიიპყრო, სადაც ნოე ადამიანებს მოსალოდნელი უბედურების შესახებ აფრთხილებს - უფალი მოავლენს წვიმას ქვეყანაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და აღგვის ყველა აღმდგომს, რაც შექმნა, მიწის პირიდან (After a while, it’s gonna rain after a while, for forty days and for forty nights), ისინი კი მისი შეგონებას ყურად არ იღებენ და დასცინიან. იმ პერიოდში რაიხი განქორწინების მძიმე პროცესს გადიოდა, ბირთვული ომის პირას მყოფ მსოფლიოს კი თავს კუბის კრიზისის აჩრდილი დასტრიალებდა. ამიტომ, ამ ქადაგებამ სამყაროს აღსასრულის შესახებ მასზე განსაკუთრებულად იმოქმედა.

რაიხმა ჩანაწერიდან ფრაზა It's gonna rain ამოჭრა და მისი ასლები ორ ფირსაკრავზე განალაგა. კომპოზიტორის ჩანაფიქრით, საკრავი A ამ სიტყვებს მაშინ გააჟღერებდა, როდესაც საკრავი B ფირს პირველ ჯერზე სანახევროდ დაუკრავდა, შედეგად კი პერიოდულად განმეორებადი ფრაზა წარმოიქმნებოდა.

ტექნიკური წუნის გამო, რაიხმა სასურველი სინქრონი ვერ მიიღო და მუშაობის თავიდან დაწყება დააპირა, მაგრამ მოულოდნელად საინტერესო წყობა შენიშნა - It's-s gonna-a rain-n! It's-'s gonn-nna rai-in! It's-t's gonna-onna rai-ain! It's-it's gonna-gonna rain-rain! კომპოზიტორმა ამაში ახალი შესაძლებლობა დაინახა და გადაწყვიტა, ფაზირების საშუალებით ორი ფრაგმენტის სინქრონიზების ნაცვლად, მათ შორის ყველა შესაძლო ჰარმონია გამოეკვლია. ასე შეიქმნა ავანგარდის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი, რომელმაც თანამედროვე მუსიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტექნიკის, სემპლინგის განვითარებაში ნამდვილი გარღვევა მოახდინა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული