Thumbnail

ლანა დელ რეი ცნობილი ქალი მუსიკოსების უარყოფითად მოხსენიებისთვის გააკრიტიკეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, ლანა დელ რეიმ ინსტაგრამზე ღია წერილი Question for the culture გამოაქვეყნა, რომელშიც ბიონსეს, ნიკი მინაჟის, ქარდი ბის, არიანა გრანდეს, კამილა კაბეიოსა და სხვა ქალი შემსრულებლების შემოქმედებაზე, კონკრეტულად კი მათი სიმღერების თემატიკაზე, უარყოფით კონტექსტში ისაუბრა. საყვარელი არტისტების ხსენებამ მათი თაყვანისმცემლები გააღიზიანა. ნაწილმა ლანა რასიზმში, სხვებმა კი არაკოლეგიალობაში დაადანაშაულეს.

"ახლა, როცა დოჟა ქეთმა, არიანამ, კამილამ, ქარდი ბიმ, ქეილანმა, ნიკი მინაჟმა და ბიონსემ უკვე დაიკავეს ჩარტებში პირველი ადგილი იმ სიმღერებით, რომლებშიც სექსუალობაზე, სიშიშვლეზე, სექსზე, ღალატსა და ასეთ თემებზე საუბრობენ, ბოლოს და ბოლოს, შემიძლია თუ არა ვიმღერო თვითრეალიზაციაზე, ანაც სიყვარულის გამო ბედნიერად ყოფნაზე, თუნდაც ეს ურთიერთობა არ იყოს იდეალური, ფულის სანაცვლოდ ცეკვაზე და კიდევ სხვა თემებზე? ოღონდ ისე, რომ ამის გამო ჯვარს არ მაცვან და არ მითხრან, რომ ძალადობის რომანტიზებას ვახდენ?

უკვე ყელში არიან ის ქალი შემსრულებლები, რომლებიც მეუბნებიან, რომ ძალადობის გლამურიზებას ვახდენ. როცა, უბრალოდ, გლამურული ადამიანი ვარ, რომელიც რეალურ ცხოვრებაზე მღერის - ემოციურად გადატვირთულ და არაჯანსაღ ურთიერთობებზე, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ბოლო 10 წელი ჩემს კომპოზიციებში ქალები დამყოლი და პასიური გავხადე, რის გამოც მეუბნებოდნენ, რომ 100 წლის წინანდელ რეალობაზე ვმღეროდი. ხაზს ვუსვამ, რომ ანტიფემინისტი არ ვარ, უბრალოდ, ვთვლი, რომ ფემინიზმში ჩემი მსგავსი ქალების ადგილიც უნდა მოიძებნებოდეს - ქალების, რომლებიც "არას" ამბობენ და კაცებს ეს ესმით, როგორც "კი"; მათი, რომლებსაც საკუთარი ისტორიების მოყოლის საშუალებას უფრო ძლიერი ქალები ან მიზოგინი კაცები არ აძლევენ", - დაწერა ლანამ, პოსტის ბოლოს კი ორი წიგნისა და სექტემბერში ახალი ალბომის გამოშვება დააანონსა.

მომღერლის პოსტს არაერთი ადამიანი, მათ შორის მწერალი ჯამილა ლამიუ გამოეხმაურა.

"არ ვიცი, ვინ გაგიმწარა ასე სიცოცხლე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს შავკანიანი ქალი არ იქნებოდა. გოგონი, იმღერე კოკაინით შთაგონებული სადღესასწაულო სიმღერები და ჩვენ თავი დაგვანებე", - დაწერა ჯამილამ.

დელ რეის წერილში რასიზმის ნიშნები დაინახეს სხვა ინტერნეტმომხმარებლებმაც.

"მან ეს პოსტი კულტურის საკითხებს მიაკუთვნა, შემდეგ კი უმეტესად შავკანიანი ქალები ჩამოთვალა, რომლებიც არენბის, ჰიპ ჰოპსა და ურბანულ მუსიკას ქმნიან. რას ნიშნავს ეს? რატომ არ ახსენე ტეილორ სვიფტი, ბილი აილიში, ლედი გაგა, კეტი პერი ან დუა ლიპა?", - წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.

ზოგმა კი გაიხსენა, რომ მის მიერ ჩამოთვლილ არტისტებს საკუთარ სექსუალობაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე უმღერიათ.

"ბიონსეს ლინჩის წესით გასამართლებით ემუქრებოდნენ იმის გამო, რომ პოლიციის მხრიდან სისასტიკეზე იმღერა. არიანას კი მოკვლით აშინებდნენ, რადგან მასთან დაშორების შემდეგ, ყოფილი ბოიფრენდი გარდაეცვალა. ქეილანს გატაცებას და მოკვლას უპირებდნენ, რადგან განშორების შესახებ სიმღერა დაწერა. ყველა ქალს, რომელიც ლანამ ახსენა, ჯოჯოხეთი აქვს გამოვლილი", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

"ძალიან გამაღიზიანებელი და საშინელი ტექსტია. არავის სახელი არ უნდა გეხსენებინა. შენს შემოქმედებას სხვისას არ უნდა ადარებდე".

კრიტიკას ლანა მოგვიანებით გამოეხმაურა:

"ესენი ჩემი ფავორიტი მომღერლები არიან. უბრალოდ, ვერასდროს გამოვხატავ იმას, რაც მინდა ისე, რომ არ გამანადგუროთ. რაც დავწერე, რასიზმთან არაფერ შუაშია".

აღსანიშნავია, რომ მომღერალს წერილში ნახსენები არტისტებიდან არიანა გრანდესთან უთანამშრომლია. 2019 წელს მათ მაილი საირუსთან ერთად ფილმ "ჩარლის ანგელოზების" საუნდტრეკი Don't Call Me Angel ჩაწერეს.

ლანა დელ რეიმ მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება ტრაგიკული პირადი ურთიერთობებით, ვინტაჟური ესთეტიკითა და მელანქოლიური განცდებითაა შთაგონებული. მომღერლის აქტივში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობაა, როგორებიც არიან: The Weeknd, ASAP Rocky და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული