Thumbnail

ლადო ბურდულმა ახალი ფსევდონიმი "იმპერატორი" დაირქვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა მუსიკოსმა, ლადო ბურდულმა ფსევდონიმი King Lado (მეფე ლადო) შეიცვალა და ამიერიდან სასცენო სახელით Emperor (იმპერატორი) განაგრძობს მოღვაწეობას. შეცვლილია მისი ფეისბუქის ოფიციალური გვერდისა და იუთუბის არხის სახელწოდებებიც. ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე არტისტმა popmusic-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ლადო ბურდულის 5 საყვარელი სიმღერა

"გიდასტურებთ ინფორმაციას, ფსევდონიმი King Lado შევიცვალე და ამიერიდან Emperor ვარ. ის სახელი ძველ პერიოდთან, კარიერის დასაწყისთან ასოცირდებოდა. უფრო მეტად კი ხდებოდა ირაკლი ჩარკვიანის ფსევდონიმთან, "მეფესთან" შედარება, რაც არ მინდოდა. მე ვფიქრობ, რომ, როგორც მუსიკოსი, მასზე მაღლა ვდგავარ. ამიტომაც, ეს სახელი დავუთმე", - ამბობს ლადო ბურდული.

ლადო ბურდულმა სახელი თავის იუთუბის არხსაც შეუცვალა.

popmusic ლადო ბურდულის მიმდინარე პროექტებითაც დაინტერესდა. მუსიკოსის თქმით, ის ახლა სტუდიაში შემოქმედებითი კარიერის დასაწყისში დაწერილ, აქამდე გამოუქვეყნებელ კომპოზიციებზე მუშაობს.

"1980-იან წლებში ბევრი სიმღერა დავწერე, რომლებიც დღემდე არ გამომიქვეყნებია. ახლა სტუდიაში სწორედ მათზე ვმუშაობ. ვამატებ რაღაცებს, ვცვლი და ახალ სახეს ვაძლევ. ყველა კომპოზიცია იმ პერიოდისაა, რადგან მას შემდეგ ახალი არც არაფერი გამიკეთებია", - აღნიშნავს არტისტი.

ლადო ბურდულმა ინტერვიუში თანამედროვე ქართული მუსიკის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამჟამად ქვეყანაში მოღვაწე არტისტებიდან არავინ მოსწონს.

"თანამედროვე ქართული შოუბიზნესი ძალიან არ მომწონს. მხოლოდ მასებზეა გათვლილი. ის მუხტი, ენერგია და დრაივი აკლია, რაც, მაგალითად, ძველ როკს ახასიათებს. მუსიკის საშუალებით არტისტმა, პირველ რიგში, სათქმელი უნდა თქვა და გამოხატო, ამათი შემოქმედებიდან კი საერთოდ ვერ ვიგებ, რა უნდათ. საშინლად უნიჭოები და უგემოვნოები არიან. მე მათ გავეცალე და დავუთმე ასპარეზი, მაგრამ რას აკეთებენ? ვერც ვერაფერს. ნიჭი არასოდეს იკარგება, მედროვეობა და მასებზე მორგება კი შესამჩნევია. სიმართლე რომ გითხრათ, მე თავს ქართული მუსიკის ნაწილად არც არასოდეს მივიჩნევდი, რადგან ყოველთვის სხვა დონეზე ვიყავი. უბრალოდ, ქართულ ენაზე ვმღეროდი და ეგ იყო", - ამბობს შემსრულებელი.

ლადო ბურდულმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1980-იან წლებში დაიწყო. მისი პირველი მუსიკალური პროექტი ჯგუფ "კომენდანტის საათის" წევრებთან ერთად შექმნილი "ურჩხული" იყო. 1987 წელს ლადომ ჯგუფი "რეცეპტი" ჩამოაყალიბა, რომელშიც მასთან ერთად ზაზა სახამბერიძე, ვოვა ვარდანიანი და კახა გუგუშვილი შედიოდნენ. მათ მოგვიანებით შალვა ხახანაშვილი და სანდრო კაპანაძე დაემატნენ. კოლექტივის მუსიკალურ მიმართულებას პანკ როკის, გოთიკისა და პოსტ პანკის ნაზავი წარმოადგენდა.

არქივი: ირაკლი ჩარკვიანი ლადო ბურდულის კონცერტს აფასებს (1995)

1992 წელს, "რეცეპტის" დაშლის შემდეგ, ლადო ბურდულმა სოლო კარიერა დაიწყო. 1993 წელს კი მისი პროდიუსირებით ირაკლი ჩარკვიანის სადებიუტო ალბომი Svan Songs გამოვიდა. მუსიკოსი დღემდე აქტიურად მოღვაწეობს და ჩანაწერების გამოცემას აგრძელებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული