Thumbnail

როჯერ უოტერსი: დევიდ გილმორს Pink Floyd-ის ვებგვერდზე დაბლოკილი ვყავარ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ინგლისელმა მუსიკოსმა, როჯერ უოტერსმა ახლახან ვიდეო გაავრცელა, რომელშიც თავისი ყოფილი ჯგუფის, Pink Floyd-ის ჰიტის Mother ალტერნატიულ ვერსიას ასრულებს. თაყვანისმცემლების მხრიდან შექების შემდეგ უოტერსმა განაცხადა:

ნახეთ: როჯერ უოტერსმა თვითიზოლაციაში კომპოზიცია Mother შეასრულა

"ეს პერფორმანსი ბადებს შეკითხვას, რატომ არ არის ის ხელმისაწვდომი "პინკ ფლოიდის" ოფიციალურ ვებგვერდზე?".

შემდეგ კი დასმულ კითხვას თავად გასცა პასუხი:

"საქმე იმაშია, რომ იქ ჩემი არაფერია განთავსებული. დევიდ გილმორს ვებგვერდზე დაბლოკილი ვყავარ. მიიჩნევს, რომ საიტი მას ეკუთვნის. ასეთი წარმოდგენა იმიტომ აქვს, რომ მე ბენდი 1985 წელს დავტოვე. ჰგონია, რომ ის თავადაა "პინკ ფლოიდი" და მე არაფრის უფლება აღარ მაქვს. თუმცა, ეს ასე არაა. ჯგუფის წევრებმა ყველაფერი ერთად შევქმენით და ერთნაირი წვდომა უნდა გვქონდეს მასალების გავრცელებაზე. მან საიტზე ჩემი საკონცერტო ფილმის Us + Them რეკლამირების საშუალებაც არ მომცა. მაშინ დაარქვას ჯგუფს Spinal Tap და ნუღარ ამბობს, რომ ეს "პინკ ფლოიდის" ვებგვერდი და სოციალური ქსელების ოფიციალური ანგარიშებია. თქვენ კი ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ გვერდში დგომისა და სიყვარულის გამოხატვისთვის. თავს გაუფრთხილდით", - ამბობს როჯერი ვიდეოში.

როჯერ უოტერსი: Pink Floyd-ის აღდგენა საშინელი იდეაა

ნახეთ: Pink Floyd-მა 1970 წლის ლაივი გაავრცელა

როჯერ უოტერსმა სიდ ბარეტთან, რიჩარდ რაითთან და ნიკ მეისონთან ერთად ჯგუფი Pink Floyd 1965 წელს დააარსა. მუსიკოსმა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბენდთან ერთად 15 სტუდიური ალბომი ჩაწერა, რომელთაგან 5 სხვადასხვა დროს ბილბორდის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა. განსაკუთრებით წარმატებული 1973 წელს გამოსული The Dark Side of the Moon გამოდგა, რომელმაც Billboard 200-ში რეკორდული დრო, 900-ზე მეტი კვირა დაჰყო.

1984 წელს უოტერსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი The Pros and Cons of Hitch Hiking გაავრცელა. გრემის მფლობელ მუსიკოსს დღემდე ხუთი სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. მათ შორის ბოლო Igor Stravinsky's The Soldier's Tale 2018 წელს გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული