Thumbnail

Tekashi 6ix9ine არიანა გრანდესა და ჯასტინ ბიბერს დაუპირისპირდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გამოცემა "ბილბორდმა" კვირის დასაწყისში ჩარტები ტრადიციულად განაახლა, რის შემდეგაც ცხეული ასეულის სათავეში პოპვარსკვლავების, არიანა გრანდესა და ჯასტინ ბიბერის საქველმოქმედო კომპოზიცია Stuck With U მოექცა, შინაპატიმრობაში მყოფი პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ტეკაში სიქსნაინის ტრეკს GOOBA კი მხოლოდ მესამე ადგილი ერგო. შედეგით უკმაყოფილო რეპერმა არიანა, ჯასტინი და "ბილბორდის" ხელმძღვანელობა მონაცემების გაყალბებაში დაადანაშაულა.

ნახეთ: არიანა გრანდე და ჯასტინ ბიბერი კლიპს Stuck With U ავრცელებენ

ნახეთ: ტეკაში სიქსნაინმა ემინემის რეკორდი მოხსნა

როგორც ტეკაში ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, არიანას გუნდმა ბილბორდის ჰიტ-აღლუმის პირველი პოზიცია იყიდა.

"მინდა, მსოფლიოს გავაგებინო, რომ "ბილბორდი" იტყუება. ჩვეულებრივ შეგიძლიათ, მის ჩარტში პირველი პოზიცია იყიდოთ. გეტყვით, რა მოხდა - წინა ხუთშაბათს არიანამ ბოლო წუთში გაყიდა 60 000 ეგზემპლარი. როგორც გავარკვიეთ, მისმა გუნდმა ექვსი საკრედიტო ბარათის გამოყენებით ჩანაწერის 30 000 ასლი შეიძინა. როცა საბანკო ანგარიშებზე ინფორმაცია გამოვითხოვეთ, "ბილბორდმა" გვითხრა, რომ მსგავს დოკუმენტაციას ვერ გასცემდა. შეგიძლიათ, დატკბეთ თქვენი პირველი ადგილით. ახლა ვხვდები, რატომ არ ენდობოდნენ ჯეი ზი და ნიკი მინაჟი ამ ჩარტებს. ეს ყველაფერი მანიპულაცია და ფაბრიკაციაა. ჩემს კომპოზიციას 50 მილიონზე მეტი მოსმენა აქვს, "ბილბორდმა" კი მხოლოდ 30 მილიონი დაიანგარიშა", - ამბობს განაწყენებული არტისტი ვიდეოში.

სიქსიაინს ინსტაგრამზე მალევე გამოეხმაურა არიანა გრანდე:

"ვინც მიცნობს, ან თვალს მადევნებს, იცის, რომ ციფრები არ არის ის, რაც სტიმულს მაძლევს. უბრალოდ, მადლიერი ვარ, რომ ვმღერი და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩემს მუსიკას უსმენენ. კარიერის პირველი ხუთი წლის განმავლობაში ამ ჩარტში ლიდერი პოზიცია არ დამიკავებია, მაგრამ ამის გამო არ გავბრაზებულვარ. ეს სიმღერა ჩემმა და ჯასტინის ფანებმა იყიდეს. ჩვენმა თაყვანისმცემლებმა ის წესების დაცვით შეიძინეს - მაქსიმუმ ოთხი ეგზემპლარი. მიხარია, რომ ეს ადამიანები ჩემს ცხოვრებაში არსებობენ. არა მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ჩვენი გამარჯვებისთვის იბრძვიან, არამედ იმიტომაც, რომ ისინი შესანიშნავი პიროვნებები არიან. ისე კი პირდაპირი გაყიდვები უფრო ფასობს, ვიდრე სტრიმები", - აღნიშნა მომღერალმა.

ჯასტინ ბიბერმა კი ბრალდებებს კიდევ უფრო კონკრეტული პასუხი გასცა:

"ტეკაში ამბობს, რომ მისი ტრეკის მოსმენები არასწორად დაანგარიშდა, მაგრამ ის გლობალურ გადმოწერებსაც ითვლის. ეს ლოკალური ჩარტია და მხოლოდ შიდა მონაცემები ითვლება. რაც შეეხება იმას, თუ საიდან გაჩნდა 60 000. ეს იმის დამსახურებაა, რომ კვირის ბოლომდე ჩვენ არ გაგვიმჟღავნებია, სიმღერის რამდენი ეგზემპლარი იყო გაყიდული - ამას სტრატეგია ჰქვია. ასევე, 6 საკრედიტო ბარათით 30 000-ს ვერ შევიძენდით - ერთი ბარათით მაქსიმუმ 4 ერთეულის ყიდვაა შესაძლებელი", - დაწერა ინსტაგრამის სთორიში მუსიკოსმა.

გამოცემა "ბილბორდმა" კი რეპერის ბრალდების პასუხად განაცხადა:

"ჩვენ და კომპანია Nielsen Music/MRC Data თითოეულ ტრანზაქციას დეტალურად ვსწავლობთ. ასევე, პარტნიორებთან თანამშრომლობით, ვავლენთ საეჭვოდ დიდ შესყიდვებს, რომლებიც საბოლოო მაჩვენებელს აკლდება. ამ კვირაშიც ისევე გულდასმით განვიხილეთ ყველა მონაცემი, როგორც მანამდე".

GOOBA ტეკაშიმ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, 8 მაისს გაავრცელა. ნამუშევარმა იუთუბზე ორი რეკორდი მოხსნა - ის პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც ვიდეოპლატფორმაზე გამოქვეყნებიდან 24 საათში 41 მილიონი ნახვა დააგროვა. ამასთან, სიქსნაინი პირველ ამერიკელ მუსიკოსად დასახელდა, რომლის კლიპმაც იუთუბზე 100 მილიონ ნახვას უმოკლეს დროში, 71 საათში მიაღწია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული