Thumbnail

ნახეთ, როგორ ჩატარდა აშშ-ში კონცერტი კორონავირუსის პანდემიის პირობებში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

არკანზასი ამერიკის ერთ-ერთი პირველი შტატი გახდა, სადაც, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ცოცხალი კონცერტების ჩატარება განახლდა. ქალაქ პორტ სმიტის დახურულ დარბაზში TempleLive შეკრებილი მაყურებლის წინაშე ამერიკული ქანთრი-როკ ჯგუფის, Bishop Gunn-ის ფრონტმენი, ტრევის მაკრედი სოლო პროგრამით წარდგა. შოუს სპეციალური სტუმარი კი ამერიკელი პერკუსიონისტი, ლორენ ბრაუნი იყო. ღონისძიების ხილვა, გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ, ონლაინ აუდიტორიისთვისაც იყო შესაძლებელი.

COVID-19-ის გავრცელების ასარიდებლად, კონცერტი სოციალური დისტანცირების წესების დაცვით, წინასწარ გაწერილი პროტოკოლით ჩატარდა. მსმენელები შენობაში მხოლოდ სხეულის ტემპერატურის გაზომვის შემდეგ, პირბადით დაიშვებოდნენ. 1100 ადამიანზე გათვლილ დარბაზში სკამების უმრავლესობა გაუქმებული იყო, შოუზე დამსწრეთათვის კი მხოლოდ 229 ადგილი იყო გათვლილი, რაც ორმეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას იძლეოდა. საპირფარეშოებში ერთდროულად მხოლოდ 10 ადამიანი დაიშვებოდა, კაბინების და ხელსაბანების ნაწილი აგრეთვე გაუქმებული იყო.

ღონისძიება თავდაპირველად 15 მაისს იყო ჩანიშნული, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება ორგანიზატორებს მისი ჩატარების ნებართვას არ აძლევდა. კონცერტის გამართვა წინააღმდეგობაში მოდიოდა გუბერნატორ ეისა ჰატჩინსონის დადგენილებასთან, რომლის მიხედვითაც დახურულ საჯარო სივრცეებში ადამიანების შეკრება მხოლოდ 18 მაისიდან ხდებოდა დასაშვები. სწორედ ამ პერიოდიდან განაახლეს შტატის მასშტაბით მუშაობა თეატრებმა, სხვადასხვა არენამ თუ სტადიონმა.

პირველი შტატი, რომელშიც ცოცხალი კონცერტი გაიმართა, არკანზასის მეზობელი მისურია. იქ შეზღუდვები ჯერ კიდევ 4 მაისს მოიხსნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული