Thumbnail

ფრედი მერკურის უკანასკნელი თხოვნა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მას შემდეგ, რაც შვეიცარიიდან დაბრუნებულმა ლეგენდარულმა მუსიკოსმა, ფრედი მერკურიმ თავისი სიცოცხლის უკანასკნელ თვეში მკურნალობა და მედიკამენტების მიღება შეწყვიტა, მხოლოდ ახლო გარემოცვასთან შეინარჩუნა ურთიერთობა, მათ შორის პერსონალურ ასისტენტ პიტერ ფრისტოუნთან, რომელსაც ლოგინად ჩავარდნილმა არტისტმა ბოლო თხოვნა გაუმხილა - მას სურდა, თავისი საყვარელ საცხოვრებელში, კენსინგტონის რეზიდენციაში მისულიყო და იქ არსებული ხელოვნების ნიმუშებისთვის ბოლოჯერ შეევლო თვალი.

ჯიმ ჰატონი: ფრედიმ მკითხა, რა მინდოდა ცხოვრებისგან და ყველაფერი შემისრულა

ფრედი მერკურის მეგობრები იხსენებენ, თუ როგორი იყო მასთან ურთიერთობა

"20 ნოემბერი იყო, ფრედი შენობის ქვედა სართულზე ჩავიყვანე, რადგან სურდა, ბოლოჯერ ენახა თავისი ხელოვნების ნიმუშები. დამოუკიდებლად სიარულისთვის ძალა აღარ ჰყოფნიდა, ამიტომ მე დამყავდა. თუმცა, მისაღები და იაპონური ოთახები საკუთარი ფეხით შემოიარა, მხოლოდ მხარზე მეყრდნობოდა. გზად მიყვებოდა, სად და როგორ შეიძინა ესა თუ ის ნამუშევარი. რა თქმა უნდა, ბოლო დღეებში მის სახლში სიწყნარე იყო გამეფებული, თუმცა, ფრედი ბოლომდე იმ ადამიანად დარჩა, რომელსაც ვიცნობდით", - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში პიტერ ფრისტოუნი.

პიტერი, რომელიც ბრიტანეთის სამეფო თეატრის საკოსტუმეროში მუშაობდა, მერკურისთან დამეგობრების შემდეგ მისი ასისტენტი გახდა.

"მე ვიყავი მისი შეფმზარეული, ჭურჭლის მრეცხავი, ოფიციანტი, მდივანი, დამლაგებელი და პირადი მრჩეველიც. მასთან ერთად მოვიარე მსოფლიო. ფრედისთან ვიყავი წარმატების პიკშიც და მარცხის დროსაც. პირადი მცველიც გავხდი და სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ექთნის ფუნქციებიც შევითავსე. მის სახლში ბევრი ხმაურიანი წვეულება იმართებოდა, თუმცა, მეტწილად ის ჩემთვის მშვიდი და კომფორტული ადგილი იყო", - იხსენებს პიტერი.

ფრედი მერკური და პიტერ ფრისტოუნი

მუსიკოსი შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. მას ოჯახის წევრები და მეგობრები დასავლეთ ლონდონის კრემატორიუმში გამოეთხოვნენ, რის შემდეგაც, ფერფლი ფრედის ყოფილმა შეყვარებულმა და ახლო მეგობარმა, მერი ოსტინმა საიდუმლოდ დამარხა.

"ფრედის არ სურდა, ვინმეს მისი ფერფლის ამოთხრა ეცადა. გაგონილი ჰქონდა, რომ ზოგიერთი ცნობილი ადამიანის შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა. მის თაყვანისმცემლებს შორისაც შეიძლებოდა, ვინმე ყოფილიყო ამ იდეით შეპყრობილი. მთხოვა, ადგილის შესახებ არავისთვის მეთქვა და ეს ასეც იქნება", - აღნიშნა მერიმ.

ფრედი მერკურიმ მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ ჯგუფ Queen-ში მოღვაწეობით გაიცნო. გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Bohemian Rhapsody, Killer Queen, Somebody to Love, Don't Stop Me Now, We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love. გამოცემა Rolling Stone-მა 2008 წელს ის ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული