Thumbnail

Lil Wayne: ჩემი ახალი ტრეკები უნებართვოდ ვრცელდებოდა მაშინ, როცა მანქანას ვრეცხავდი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილ ლუიზიანელ ჰიპ ჰოპ არტისტ დუეინ კარტერს, ფსევდონიმით Lil Wayne, თავისი რადიოგადაცემის Young Money Radio მეორე ეპიზოდში კანადელი მუსიკოსი, დრეიქი ჩაერთო. სხვადასხვა თემის მიმოხილვისას, ახალი კომპოზიციების უნებართვოდ გავრცელებაზე ჩამოვარდა საუბარი.

ნახეთ: ლილ უეინი ტრეკების Piano Trap და Not Me კლიპს ავრცელებს

"2000-იან წლებში ჩემი ახალი ტრეკები უეცრად ვრცელდებოდა ხოლმე მაშინ, როდესაც ავტომობილებს გასარეცხად ვაგზავნიდი. ფლეიერში მრჩებოდა ხოლმე დისკი, რომელიც მოულოდნელად ქრებოდა", - გაიხსენა უეინმა.

აღსანიშნავია, რომ შარშან ერთ-ერთ აუქციონზე ლილ უეინის 1999 წლის ხელნაწერი ტექსტი გაიყიდა, რომელსაც ლუიზიანელმა მამაკაცმა ავტომობილში მიაგნო. მას მანქანა მუსიკოსის ლეიბლის, Cash Money-ის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან ჰქონდა შეძენილი.

ლილ უეინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Tha Block Is Hot 1999 წლის მიწურულს გამოვიდა. არტისტის ყველაზე წარმატებულ ჩანაწერად Tha Carter III ითვლება, რომლის მთავარი კომპოზიცია Lollipop 2008 წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა. მუსიკოსის 2018 წლის ნამუშევარი Tha Carter V ჯერ კიდევ 2012 წელს დაანონსდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის Cash Money Records-თან და მის დამფუძნებელ Birdman-თან კონფლიქტის გამო, ალბომმა დღის სინათლე მხოლოდ 2018 წელს, უეინის ლეიბლზე Young Money Records იხილა. ორი წლის შემდეგ ლუიზიანელმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო ალბომი Funeral ჩაუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული