Thumbnail

50 Cent: ლოიდ ბენქსმა და ტონი იეიომ კარიერა არასწორად წარმართეს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარულმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კურტის ჯექსონმა, ფსევდონიმით 50 Cent, მიმდინარე წლის აპრილში გაყიდვაში წიგნი Hustle Hard, Hustle Smarter ჩაუშვა, რომელიც მალევე ბესტსელერად იქცა. ინტერნეტში მუსიკოსის მემუარებიდან ამონარიდები გავრცელდა, რომლებშიც ვეტერანი მის მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფის G-Unit წევრებზე საუბრობს. კურტისის თქმით, ლოიდ ბენქსსა და ტონი იეიოს შეეძლოთ, მასავით წარმატებულები გამხდარიყვნენ, თუმცა, კარიერა არასწორად წარმართეს დ საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე არ გამოავლინეს.

50 Cent: სტივ ჯობსი 2003 წელს დავითანხმე, კლიპში iPod-ის ჩვენებისთვის ფული გადაეხადა

ლოიდ ბენქსმა გაერთიანება G-Unit დატოვა

"ყოველთვის მაწუხებდა ის განცდა, რომ შემეძლო, ლოიდი და ტონი მეიძულებინა, დაევიწყებინათ თავიანთი ჩვევები, ახლა ორივე ბევრად კარგად იქნებოდა. მანამ მე საქმეების მოგვარებას ვცდილობდი, ლოიდი საკუთარ ვერანდაზე იჯდა და მსოფლიოს იქიდან ადევნებდა თვალს. ელოდა, რომ ყველაფერი გამზადებული მიუვიდოდა და თვითონ არაფერი უნდა გაეკეთებინა. საზოგადოების წინაშე მის დამცირებას ნამდვილად არ ვცდილობ, თვითონვე აქვს მხარზე ტატუ "ზარმაცი ლოიდი". პირდაპირი მნიშვნელობით საკუთარი მხრებით ატარებს სიზარმაცეს. აქ ნამდვილად არაფერს ვამბობ ისეთს, რაც მისთვის პირში არ მითქვამს.

ვხვდებოდი, რომ თანამედროვე სამყაროში სოციალური მედია უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა. მახსოვს, ლოიდს ერთხელ ვურჩიე, რომ თავისი ცხოვრების სტილის შესახებ ვიდეო გადაეღო და იუთუბზე განეთავსებინა. კამერა გაჰყვებოდა ყველგან, ხალხი ნახავდა, როგორ ცხოვრობს და ამგვარად შეიძლებოდა, გამოგვეწვია ის ნაპერწკალი, რაც მის ირგვლივ ინტერესს გააჩენდა. არც ამან იმუშავა.

როდესაც ინსტაგრამის ანგარიშის გასხნა შევთავაზე, იუარა და მომიგო: თუფაქსა და ნოტორიოს ბიაჯის ინსტაგრამი არ ჰქონდათო (მათ დროს ინსტაგრამი არც არსებობდა). ასაკი წლოვანებით არ განისაზღვრება. მთავარია, როგორ უწყობ თანამედროვეობას ფეხს. თუ ახალი გამოცდილებების მისაღებად მზად ხარ, გაინტერესებს ტენდენციები და გამოწვევების არ გეშინია, ესე იგი ახალგაზრდა ხარ. წერტილი", - აღნიშნავს 50 Cent.

კურტისმა მემუარებში რამდენიმე სიტყვა ბავშვობის მეგობარ ტონი იეიოზეც დაწერა.

"როდესაც რომელიმე არტისტთან უთანხმოება მქონდა, იეიო მეუბნებოდა, მოდი, დავარტყათო. ქუჩის ცხოვრება და კანონები მისთვის კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. თუ პერფორმანსისთვის ჰონორარის სახით 100 ათას დოლარს გადაგვიხდიდნენ, ტონი თანხის ნაწილს ბანკში არასდროს ინახავდა. ფულის ძალას ის ნაყიდ კოკაინში ხედავდა. ასე რომ არ ეცხოვრა, ახლა დოლარების ტომრებზე იჯდებოდა", - ვკითხულობთ ამონარიდში.

G-Unit ნიუ იორკში, 1999 წლის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა. თავდაპირველად მასში ბავშვობის მეგობრები, კურტის ჯექსონი, ლოიდ ბენქსი და ტონი იეიო ერთიანდებოდნენ. მოგვიანებით მათ რიგებს სამხრეთელი რეპერი, იანგ ბაქი შეუერთდა. 2014 წელს ჯგუფს კიდევ ერთი შემსრულებელი, ქიდ ქიდი დაემატა.

კოლექტივი 2000-იანი წლების ნიუ იორკული ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მათ სახელს ჟანრში მიქსტეიპების კულტურის პოპულარიზაცია და ახალ საფეხურზე აყვანა უკავშირდება. სხვადასხვა ჩანაწერებთან ერთად, კოლექტივის დისკოგრაფიაში 43 მიქსტეიპი ერთიანდება. მსმენელის განსაკუთრებული მოწონება პირველმა სამმა ნამუშევარმა: 50 Cent Is The Future, No Mercy, No Fear და God's Plan დაიმსახურა.

2003 წელს გაყიდვაში ჯგუფის სადებიუტო და ყველაზე წარმატებული ალბომი Beg For Mercy ჩაეშვა. სტუდიურ ჩანაწერს წინ არაერთი პოპულარული სინგლი უძღვოდა. მის შექმნაში მონაწილეობა ისეთმა ცნობილმა და გავლენიანმა მუსიკოსებმა მიიღეს, როგორებიც არიან: Sha Money XL, Eminem, Dr. Dre, Scott Storch, Hi-Tek და No I.D. ნამუშევარმა მსმენელისგან დიდი მოწონება, ხოლო მუსიკალური კრიტიკოსებისგან აღიარება დაიმსახურა. დღეისთვის, მსოფლიო მასშტაბით, ჩანაწერის 6 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული.

ამის შემდეგ ჯგუფმა მეორე და უკანასკნელი ნამუშევარი T·O·S (Terminate On Sight), ორი EP და კურტისის ცხოვრების შესახებ გადაღებული ფილმის Get Rich Or Die Tryin' საუნდტრეკების ალბომი გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის სტატუსის მფლობელია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული