Thumbnail

გრაიმსი და ილონ მასკი შვილს სახელს X Æ A-12, სავარაუდოდ, ვერ დაარქმევენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კანადელი მუსიკოსი გრაიმსი და ამერიკული კორპორაციის SpaceX დამფუძნებელი და კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი თავიანთი ახალდაბადებული ბავშვისთვის სახელის X Æ A-12 ოფიციალურად რეგისტრირებასა და დაბადების მოწმობის აღებას ვერ შეძლებენ. ამის შესახებ მათი ოჯახის ადვოკატმა, დევიდ გლასმა განაცხადა. მისი თქმით, კალიფორნიის შტატის კანონმდებლობის მიხედვით, სახელი მაქსიმუმ 26 ასო-ბგერისგან უნდა შედგებოდეს, მასში ციფრებისა და სიმბოლოების გამოყენება კი არ შეიძლება.

ნახეთ: გრაიმსმა და ილონ მასკმა შვილს X Æ A-12 დაარქვეს

გრაიმსმა მისი და ილონ მასკის შვილის სახელი X Æ A-12 განმარტა

"კალიფორნიაში ბავშვისთვის სახელის დარქმევის დროს მხოლოდ ინგლისურ ანბანში არსებული 26 ასოს გამოყენება შეიძლება. აკრძალულია ციფრები, სიმბოლოები და ემოჯიები. მაქსიმუმ აპოსტროფზე დართონ ნებართვა. მაგალითად, ო'კონორი. შესაბამისად, ისინი X Æ A-12-ს ოფიციალურ რეგისტრაციას ვერ მოახერხებენ. შეტანილ განაცხადზე უარს როდესაც მიიღებენ, გასაჩივრების უფლება მიეცემათ, თუმცა, მაღალი ალბათობით, პროცესის მოგებას ვერ შეძლებენ", - აცხადებს ადვოკატი ამერიკულ გამოცემა People-თან საუბრისას.

გამოცემა TMZ ლოს ანჯელესში ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელს გაესაუბრა და მანაც დაადასტურა, რომ ბავშვისთვის აღნიშნული სახელის დარქმევაზე წყვილი ნებართვას ვერ მიიღებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რას გადაწყვეტენ მასკი და გრაიმსი ამ საკითხთან დაკავშირებით.

მუსიკოსმა სახელი X Æ A-12 ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში გუშინ განმარტა:

"X აღნიშნავს უცნობ ცვლადს.
Æ - მე სწორედ ასე ელფურად ვწერ AI-ს, რაც ხელოვნურ ინტელექტს ნიშნავს.
A-12 კი ჩვენი ფავორიტი სადაზვერვო ხომალდია, SR-17-ის წინამორბედი. არანაირი იარაღი, არანაირი თავდაცვა და ძალადობა, მხოლოდ სიჩქარე.
A აგრეთვე გამოხატავს Archangel-ს, ეს ჩემი საყვარელი სიმღერის სახელია", - წერს გრაიმსი ტვიტერის გვერდზე.

გრაიმსისა და ილონ მასკის ბიჭუნა 4 მაისს დაიბადა. მათ ურთიერთობა 2018 წელს დაიწყეს. წყვილი პირველად ერთად, ამავე წელს, მოდისა და თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიურ გამოფენაზე "მეთ გალა" გამოჩნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული