Thumbnail

Kraftwerk-ის დამაარსებელი, ლეგენდარული მუსიკოსი, ფლორიან შნაიდერი გარდაიცვალა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული გერმანული ელექტრონული ჯგუფის Kraftwerk ერთ-ერთი დამაარსებელი, ფლორიან შნაიდერი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია კოლექტივის წევრმა, რალფ ჰიუტერმა გაავრცელა.

"ძალიან სამწუხარო ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ. ჩემი მეგობარი და პარტნიორი ფლორიან შნაიდერი კიბოთი გარდაიცვალა. ის აპრილში, საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნიდან მალევე დაიღუპა", - განაცხადა რალფმა.

ფლორიანის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ამბავს არაერთი მუსიკოსი გამოეხმაურა, მათ შორის ჯორჯო მოროდერი, ნინა კრავიცი, ნაიჯელ გოდრიჩი და სხვები.

"კრაფტვერკი" ვუდსტოკიდან რამდენიმე თვის შემდეგ. დიდი მადლობა", - წერს ამერიკელი მუსიკოსი, ჰოლი ჰერნდონი და ვიდეოს აქვეყნებს.

"რა საშინელებაა. "კრაფტვერკის" გარეშე ჯგუფები Art Lord & the Self-Portraits და Future Islands ვერც კი იარსებებდნენ. სწორედ მან მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა ჩვენს მუსიკაზე. გვინდოდა, მათ დავმსგავსებოდით. მშვიდად განისვენე, ფლორიან", - აქვეყნებს პოსტს ტვიტერზე ამერიკული სინთპოპ ბენდი Future Islands.

"ძალიან დამწუხრებული ვარ ფლორიანის გარდაცვალებით. თანამედროვე მუსიკაში ვინც ვმოღვაწეობთ, ყველა დიდ პატივს ვცემთ მას. მშვიდად განისვენე", - აღნიშნავს ბრიტანული ჯგუფის The 1975 ვოკალისტი, მეთ ჰელი.

"კრაფტვერკის" გარეშე ელექტრონული მუსიკა რა იქნებოდა? მშვიდად განისვენე, ფლორიან", - წერს ტვიტერზე ცნობილი ელექტრონული მუსიკოსი, ნინა კრავიცი.

"საშინელი კვირაა. არაჩვეულებრივი ფლორიან შნაიდერი გარდაიცვალა. დიდი ეპოქა დასრულდა", - ამბობს ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის Radiohead პროდიუსერი, ნაიჯელ გოდრიჩი.

"ჩემმა ერთ-ერთმა კერპმა დაგვტოვა. მშვიდად განისვენე", - წერს ინსტაგრამზე იტალიელი მუსიკოსი, ჯორჯო მოროდერი.

View this post on Instagram

One of my heroes left us RIP #Kraftwerk

A post shared by Giorgio Moroder (@giorgiomoroder) on

ფლორიან შნაიდერმა მოღვაწეობა 1968 წელს დაიწყო. ორ წელიწადში მან რალფ ჰიუტერთან ერთად ელექტრონული მუსიკისა და კრაუტროკის პიონერი ჯგუფი Kraftwerk ჩამოაყალიბა. კარიერის დასაწყისში, არტისტები ნამუშევრებს საკუთარი ხელით დამზადებული ექსპერიმენტული ინსტრუმენტების საშუალებით ქმნიდნენ. ფლორიანს ფლეიტაზე, ვიოლინოზე, საქსოფონზე, გიტარასა და სინთეზატორზე დაკვრაც შეეძლო. მან ბენდთან ერთად განსაკუთრებულ წარმატებას ალბომების Autobahn, Trans-Europe Express და The Man-Machine გამოცემის შემდეგ მიაღწია. 2014 წელს შნაიდერს კოლექტივთან ერთად მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გრემის ჯილდოც გადაეცა.

"კრაფტვერკის" ნამუშევრებმა წლების განმავლობაში არაერთი პოპ და ელექტრონული მუსიკოსის შემოქმედებაზე მოახდინა გავლენა, დეტროიტული ტექნოს ვარსკვლავით, ხუან ატკინსით დაწყებული Pet Shop Boys-ითა და დევიდ ბოუით დასრულებული. ამ უკანასკნელმა შნაიდერს კომპოზიციაც V-2 Schneider მიუძღვნა, რომელიც მის ცნობილ ალბომში Heroes შევიდა. ამასთან, ჯგუფის ნამუშევრები არაერთ არტისტს აქვს გასემპლილი, მათ შორის არიან: მადონა, Afrika Bambaataa, Jay-Z, New Order და Coldplay.

შნაიდერმა 2008 წელს "კრაფტვერკი" დატოვა და მას შემდეგ ბენდის კონცერტებში მონაწილეობა აღარ მიუღია. ბოლო ნამუშევარი Stop Plastic Pollution არტისტმა 2015 წელს, ოკეანეების დაბინძურების საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში, გაავრცელა. მან ტრეკის სემპლად აბაზანაში ჩაწერილი წყლის წვეთების ხმა გამოიყენა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული