Thumbnail

ნიკ ქეივმა მისწერა თაყვანისმცემლებს, რომლებმაც, მის მსგავსად, შვილები დაკარგეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ავსტრალიელმა მუსიკოსმა, ნიკ ქეივმა თავისი ვებგვერდის The Red Hand Files საშუალებით ორი თაყვანისმცემლის, ბრიტანელი ქეროლისა და ახალზელანდიელი ლუნას კითხვებს უპასუხა, რომლებსაც, მის მსგავსად, შვილებთან მოუხდათ გამოთხოვება.

ნახეთ: ნიკ ქეივმა ჯგუფ T. Rex-ის კომპოზიციის Cosmic Dancer ქავერი გაავრცელა

"ჩემი ლამაზი ბიჭის, დომინიკის მოულოდნელი ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, ძმამ მირჩია, თქვენი ალბომისთვის Ghosteen არ მომესმინა. თუმცა, ჩემი შვილივით, არავის შეუძლია, მიმითითოს, როგორ მოვიქცე. სიმღერებში კომფორტი და ნუგეში ვიპოვე, მაგრამ მე კვლავ მიჭირს მომხდართან გამკლავება ამ ჯერ კიდევ ლამაზ, მაგრამ ტკივილით სავსე სამყაროში. როგორ შეძელით ცხოვრების გაგრძელება?", - წერს ქეროლი.

"უკვე 16 კვირა და 3 დღე გავიდა, რაც შვილი დავკარგე. იმის მიუხედავად, რომ თქვენი ბოლო სამი ალბომისგან შევძელი ნუგეშის მიღება, მაინც ღრმად ვარ დარდში ჩაფლული. ავეჯის გადაადგილების გარდა, როგორ შეძელით თქვენ და სიუზიმ ამ აუტანელი ტკივილისგან თავის დაღწევა?", - ეკითხება მუსიკოსს ლუნა.

კითხვების პასუხად 62 წლის არტისტი შეეცადა, აეხსნა, რა გზა გამოიარეს მან და მისმა ცოლმა, სიუზი ბიკმა მძიმე დანაკარგით გამოწვეულ დარდთან გამკლავებისას.

"მე და ჩემმა ცოლმა, სიუზიმ ბოლო წლებში კარგად გავიაზრეთ, რა ბუნებისაა დარდი. დავასკვენით, რომ ის არასდროს დაგტოვებს და უკვალოდ არ გაქრება. ჩვენთვის მწუხარება ცხოვრების წესად იქცა. მის წინაშე ფარ-ხმალი დავყარეთ, რადგან ამ მდგომარეობის კონტროლი არ შეგვეძლო. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხრები ჩამოვყარეთ - მორჩილებასთან ერთად მისთვის წინააღმდეგობის გაწევასაც ვცდილობდით. საბოლოოდ კი, იმის გააზრებამ, რომ ცხოვრება მყიფეა და ნებისმიერ დროს შეიძლება, ჩამოგეშალოს, ამ სამყაროში დაბრუნებისკენ გვიბიძგა.

აღმოვაჩინეთ, რომ დარდი უბრალო სასოწარკვეთაზე ღრმაა. ბევრ რამეს მოიცავს - ბედნიერებას, თანაგრძნობას, ერთიანობას, სინანულს, ბრაზს, სიხარულს, მიტევებას, ბრძოლისუნარიანობას, მადლიერებას, შიშს და სიმშვიდესაც კი. სევდა ეს იმ ყველაფრის ერთობლიობაა, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ - ის გვაძლევს ძალას, დავრეცხოთ ჭურჭელი, ვუყუროთ Netflix-ს, ვიკითხოთ წიგნები, ვეკონტაქტოთ მეგობრებს, ვიყოთ მარტო, ან ოთახში ავეჯი გადავაადგილოთ. სწორედ მწუხარება გვიჩვენებს, რომ ჩვენს კონტროლს ყველაფერი არ ექვემდებარება. და როცა საკუთარ უსუსურებასთან მოგვიხდა შეჯახება, ამ უძლურებას სხვა პერსპექტივიდან შევხედეთ და ის სულიერ თავისუფლებად აღვიქვით.

სიუზიმ გადმოგცათ, რომ თქვენი დანაკარგის გამო ძალიან წუხს. მის შემხედვარეს, შემიძლია, გითხრათ, რომ, დროთა განმავლობაში, გზას მიაგნებთ, ოღონდ არა დარდის გვერდის ამვლელს, არამედ მასში გამავალს", - წერს მუსიკოსი.

აღსანიშნავია, რომ ნიკ ქეივის შვილი, არტური 2015 წელს 15 წლის ასაკში ინგლისის ქალაქ ბრაიტონში კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული