Thumbnail

ნახეთ: გოგონათა მეტალ ჯგუფი Voice of Baceprot ინდონეზიიდან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

დოკუმენტური ფილმების შვეიცარიულ ფესტივალზე Visions du Réel, რომელიც წელს ონლაინ ჩატარდა, ინდონეზიური მეტალ ჯგუფის, Voice of Baceprot-ის შესახებ გადაღებული ამავე სახელწოდების სურათი აჩვენეს. ნამუშევარი ისტორიას მოგვითხრობს მუსლიმი გოგონებისგან შემდგარი კოლექტივის შესახებ, რომელსაც "ჰიჯაბ ტრიოსაც" უწოდებენ.

17 წლის ვოკალისტი და გიტარისტი, ფირდა კურნია, ამავე ასაკის დრამერი, ეუის სიტი აიშა და 16 წლის ბასისტი, ნიდი რაჰმავატი მეტალით 6 წლის წინ დაინტერესდნენ, როდესაც სკოლაში შემთხვევით მუსიკის მასწავლებლის, ერზა სატიას ლეპტოპში ჩართულ ერთ-ერთ კომპოზიციას მოჰკრეს ყური.

"მეტალი პირველივე მოსმენისას შეგვიყვარდა. ჩვენთვის პროტესტის გამოხატვის საუკეთესო საშუალებად იქცა. ეს მუსიკა ჩვენს სულიერ მდგომარეობას შეესაბამება", - ამბობს ფირდა კურნია.

გოგონებს რელიგიური ფანატიკოსების აგრესიასთან გამკლავება უწევთ, როგორც სოციალურ ქსელებში, ისე რეალურ ცხოვრებაში. გამოცემა South China Morning Post-თან ინტერვიუში ჯგუფის ვოკალისტმა გაიხსენა, რომ ერთ ღამეს, სტუდიიდან გამოსვლისას, ქაღალდში გახვეული ქვები დაუშინეს. ფურცლებზე შეურაცხმყოფელი სიტყვები ეწერა. გოგონებმა ტერიტორიის დატოვება ველოსიპედების საშუალებით მოასწრეს.

"გვეუბნებოდნენ, რომ თავსაბურავი უნდა მოგვეშორებინა, რადგან მეტალის დაკვრით სარწმუნოებას ვგმობდით. ჩვენთვის ეს, უბრალოდ, მუსიკის ჟანრია. სიმღერების წერის პარალელურად, ვლოცულობთ, ვასრულებთ სხვა რელიგიურ ვალდებულებებს, ვატარებთ ჰიჯაბს, - აღნიშნავს ფირდა.

თინეიჯერი მუსიკოსები ყოველდღიურად იკრიბებიან სარეპეტიციოდ, რის შემდეგაც ადგილობრივ სცენებზე კონცერტებს მართავენ. მათ ლეგენდარული როკ ჯგუფის, Red Hot Chili Peppers-ის ბასისტის, Flea-ს ყურადღებაც დაიმსახურეს.

"რა ქვია ამ ბენდს?", - დაწერა ფლიმ ტვიტერზე კოლექტივის რეპეტიციის ამსახველი ვიდეოს გაზიარებისას.

"ოჰო, ჩვენი ჯგუფი მოსწონთ? მაგარია", - დააწერა მანვე ვიდეოს, რომელშიც გოგონები Red Hot Chili Peppers-ის კომპოზიციის Coffee Shop ქავერს ასრულებენ.

Voice of Baceprot-ის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ფართო საზოგადოებისთვის ჯერ არ არის ხელმისაწვდომი. წელს მისი ჩვენება კიდევ რამდენიმე ევროპულ ფესტივალზე იგეგმება.

Voice of Baceprot 2014 წელს ინდონეზიის კუნძულ იავაზე მცხოვრებმა სკოლის მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს. კოლექტივის წევრები საკუთარ ნამუშევრებში ინდონეზიურ და ინგლისურ ენებზე მღერიან. ისინი კომპოზიციებში ისეთ თემებზე ამახვილებენ ყურადღებას, როგორებიცაა: განათლების სისტემა, რელიგიური ტოლერანტობა და კლიმატის ცვლილება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული