Thumbnail

აშშ-ში სკოლის დამთავრების ონლაინ ცერემონიაზე სიტყვით ბარაკ ობამა და BTS გამოვლენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ-ში დახურული სკოლები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არ გაიხსნება. სწორედ ამიტომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 6 ივნისს გამოსაშვები საღამო Dear Class of 2020 მოეწყობა, რომელიც YouTube Originals-ისა და Youtube Learning-ის საშუალებით გადაიცემა. ონლაინ ღონისძიებას ამერიკის ექსპრეზიდენტი და პირველი ლედი, ბარაკ და მიშელ ობამები გაუძღვებიან. სიტყვით გამომსველელებს შორის კი იქნებიან პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS, ამერიკელი პოპვარსკვლავი ლედი გაგა, ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, Google-ის გენერალური დირექტორი, სუნდარ პიშაი და პაკისტანელი აქტივისტი, მალალა იუსაფზაი.

ცნობილი მუსიკოსები, რომლებთანაც BTS-ის წევრებმა ინდივიდუალურად ითანამშრომლეს

ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ვირტუალური წვეულება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც კომპოზიციებს სხვადასხვა არტისტი, მათ შორის "ბითიესი" შეასრულებს.

კორეელი ბიჭების თაყვანისმცემლები სიახლეს ტვიტერზე აღფრთოვანებით გამოეხმაურნენ:

"მხოლოდ 2002 წელს დაბადებულებს შეუძლიათ, თქვან, რომ მათ გამოსაშვებ საღამოზე BTS-მა იმღერა".

"კარიერის დასაწყისში "ბითიესს" მხოლოდ ის სურდა, რომ კორეელი ახალგაზრდების სახე გამხდარიყო, დღეს კი ისინი მსოფლიოს ახალგაზრდა თაობის ლიდერებად არიან აღიარებული, რომლებსაც გაეროსა და სახელმწიფო მნიშვნელობის სხვა ღონისძიებებზე იწვევენ სიტყვით გამოსასვლელად ექსპრეზიდენტთან ერთად", - წერენ ტვიტერის მომხმარებლები.

 

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული