Thumbnail

50 Cent: ტეკაშისთან ტრეკს აღარ ჩავწერ, ჩაშვება ჩემს გაგებას ეწინააღმდეგება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კურტის ჯექსონმა, ფსევდონიმით 50 Cent, რადიოწამყვან Big Boy-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ Tekashi 6ix9ine-თან კომპოზიციებს აღარ ჩაწერს, რადგან სხვების დასმენა მის ხედვებს ეწინააღმდეგება.

50 Cent: ქუჩის კანონების დარღვევის მიუხედავად Tekashi ალბომებს მაინც გაყიდის

"ტეკაშისთან არ ვითანამშრომლებ. მის მიერ სხვების ჩაშვება იმ გაგებას ეწინააღმდეგება, რომლითაც მე გავიზარდე. თუმცა, ნეგატიურად არ ვსაუბრობ. ახალი თაობის არტისტები მასთან ერთად იმუშავებენ და ამაზე არანაირი პრობლემა არ ექნებათ. ასე ისინი წარმატებას მიაღწევენ, რაც მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რაღაცები", - ამბობს 50 Cent.

რეპერს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად ტეკაში. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როდესაც 50 Cent საკუთარ შვილს მიატოვებს. როგორც ცნობილია, კურტისს თავის პირველ ვაჟთან, მარკიზთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

50 Cent: ტეკაში მირჩევნია ჩემს ბიოლოგიურ შვილ მარკიზს

"ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როდესაც ის თავის შვილს მიატოვებს. მოდი, ჩემს საქმეს მე მივხედავ", - წერს სიქსნაინი კომენტარების ველში.

ტეკაში სიქსნაინი შინაპატიმრობაში აგვისტომდე რჩება. მას მძიმე დანაშაულების ჩადენის გამო 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სასჯელის შესამსუბუქებლად მუსიკოსმა 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც ჰიპ ჰოპ არტისტების ნაწილმა მას "ჩამშვები" და "ვირთხა" უწოდა. სასამართლომ რეპერს საბოლოოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. კორონავირუსის პანდემიის გამო კი ის აპრილის დასაწყისში შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ტეკაშიმ და 50 Cent-მა, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეგობრობდნენ, 2018 წელს კომპოზიციაზე Get The Strap ითანამშრომლეს. მათ კარიერას ერთმანეთს ხშირად ადარებენ. ვეტერანი კოლეგის მსგავსად, სიქსნაინმაც ფართო საზოგადოების ყურადღება სკანდალური განცხადებებითა და მასზე გავლენიანი რეპერების გადისვით მიიპყრო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული