Thumbnail

ამერიკელმა ქორეოგრაფმა BLACKPINK-ის ლისა პლაგიატში დაადანაშაულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფის, BLACKPINK-ის წევრი, ლისა ამერიკელმა იუთუბერმა და ქორეოგრაფმა, სიერა ნიკოლსმა პლაგიატში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც 23 წლის არტისტმა პლატფორმაზე საკუთარი ცეკვის ამსახველი ვიდეო LILI's FILM #3 ატვირთა. რეჟისორ ენტონი კინგის მიერ გადაღებულ კადრებში გოგონა ქორეოგრაფ ჩეშირ ჰას დადგმულ მოძრაობებს ასრულებს ამერიკელი მუსიკოსების, QUIN-ისა და 6LACK-ის კომპოზიციის Mushroom Chocolate ფონზე.

BLACKPINK პირველი კეიპოპ ბენდი გახდა, რომელმაც იუთუბზე მილიარდი ნახვა დააგროვა

როგორც აღმოჩნდა, ჯერ კიდევ 2019 წელს სიერამ ამავე ტრეკის თანხლებით საცეკვაო პერფორმანსზე იმუშავა, რომლის კონცეფციაც ლისას მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ნამუშევარს მიამსგავსა.

"გადაცემის "მოდით, მოვიპაროთ შავკანიანებისგან" დღევანდელ ეპიზოდში თქვენ იხილავთ, როგორ აგროვებს კორეელი მომღერალი ერთ დღეში 7,8 მილიონ ნახვას ჩემი ქორეოგრაფიის დიდი ნაწილის გამოყენებით", - დაწერა სიერა ნიკოლსმა ინსტაგრამის სთორიში.

მას შემდეგ, რაც მის განცხადებას მომღერლის თაყვანისმცემლების კრიტიკა მოჰყვა, სიერამ პირადი შეტყობინებები გათიშა და ტვიტერზე გადაინაცვლა:

"დავრწმუნდი, რომ ხალხს კითხვა არ შეუძლია. როცა ვიღაცის დადგმულ ქორეოგრაფიას იღებ, ავტორი უნდა მიუთითო. ეს გოგონა შესანიშნავად გამოიყურება".

შემდეგ ერთ-ერთი კომენტარის პასუხად დაწერა:

"ფაქტია, ლისამ და მისმა ქორეოგრაფმა ჩემი მოძრაობები გამოიყენეს".

ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა კი საცეკვაო ნომრებს შორის განსხვავების საჩვენებლად ვიდეოები ერთმანეთს შეადარა.

მომღერალსა და მის ლეიბლს, YG Entertainment-ს ბრალდებაზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ სიერა ნიკოლსმა თავისი განცხადებების გამო ბოდიში მოიხადა:

"პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ამ ამბავში გავხვიე - ლისას "ბლექფინქიდან", მის ლეიბლს YG Entertainment და ქორეოგრაფ ჩეშირ ჰას. როგორც არტისტს, ძალიან ახლოს მიმაქვს გულთან ჩემი საქმიანობა, რის გამოც ემოციურ ფონზე ვაკეთებ განცხადებებს. ახლა კი მზად ვარ, შედეგებზე პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ავიღო".

ლისამ პოპულარობა BLACKPINK-ში მოღვაწეობით მოიპოვა. სეულში 2016 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივი პირველი კეიპოპ ბენდია, რომელმაც "კოაჩელაში" მიიღო მონაწილეობა. ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად კომპოზიცია Ddu-Du Ddu-Du ითვლება, რომლის დამსახურებითაც "ბლექფინქი" პირველი კეიპოპ ბენდი გახდა, რომელმაც იუთუბზე მილიარდი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული