Thumbnail

ბილი აილიში: შარშან ჩემი სხეული რომ ვნახე, ვერ ვიცანი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბილი აილიში ბრიტანული ჟურნალის Dazed გაზაფხული/ზაფხულის ნომრის სტუმარია. სხვა თემებთან ერთად, გამოცემასთან ინტერვიუში 18 წლის არტისტმა თავის გარეგნობასა და ჩაცმის სტილზე ისაუბრა. გოგონას თქმით, კამერების წინაშე ფართო ტანსაცმლით გამოჩენა იმიტომ დაიწყო, რომ საკუთარ სხეულს ვერ იტანდა.

► ბილი აილიში: წვენების მაღაზიაში მინდოდა მუშაობა, შემდეგ კი უეცრად გრემი მოვიგე

► ბილი აილიში: ჩემი სხეული არ გინახავთ, მაგრამ მაინც განმსჯით. რატომ?

"ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დიდი ზომის ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე, ისაა, რომ ჩემი სხეული მძულდა. გასულ წელს იყო მომენტი, როცა შიშველი ვიყავი და საკუთარი სხეული ვერ ვიცანი, იმდენი ხნის განმავლობაში არ მქონდა ნანახი. იშვიათად რომ ვუყურებ, ჩემს თავს ვეკითხები, ეს ვისი სხეულია-მეთქი. არც ახლა მომწონს ჩემი ფორმები, უბრალოდ, ნაკლებად ვღიზიანდები", - აღნიშნა ბილიმ.

გამოცემის ფურცლებზე მომღერლის სურათებიც დაიბეჭდა. ფოტოგრაფ ჰარმონი კორინის  ობიექტივში გოგონა Gucci-ს, Prada-ს, Stella McCartney-ის, Craig Green-ის, Duran Lantink-ის, Raf Simons-ის, Moschino-სა და Nike-ის ტანსაცმლითა და აქსესუარებით პოზირებს.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული