Thumbnail

ჯიმ ჰატონი: ფრედიმ მკითხა, რა მინდოდა ცხოვრებისგან და ყველაფერი შემისრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული Queen-ის ფრონტმენის, ფრედი მერკურის ფან გვერდი Mercury MyLove ინსტაგრამზე არტისტისა და მისი პარტნიორის, ჯიმ ჰატონის ერთობლივ ფოტოს ავრცელებს. პოსტს ჯიმის ციტატა ერთვის:

► ფრედი მერკურის მეგობრები იხსენებენ, თუ როგორი იყო მასთან ურთიერთობა

"მე და ფრედის არასდროს გვისაუბრია იმაზე, თუ რამდენ ხანს გავატარებდით ერთად. უბრალოდ, ჩვენთვის ვცხოვრობდით. დროდადრო, ის მეკითხებოდა, რა მინდოდა ცხოვრებისგან, რაზეც ვპასუხობდი - სიხარული და სიყვარული-მეთქი. ფრედიმ ეს და სხვა სურვილები შემისრულა".

წყვილმა ერთმანეთი ლონდონის გეი კლუბ Heaven-ში გაიცნო, თუმცა, მათ ურთიერთობა წელიწადნახევრის შემდეგ დაიწყეს.

"მე და ფრედი ერთმანეთს პირველად სრულიად შემთხვევით კლუბ Heaven-ში შევხვდით. სასმელი შემომთავაზა, მე კი ზრდილობიანი უარით გავისტუმრე. მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო, საერთოდ არ მეცნობოდა. რამდენიმე თვის შემდეგ, რესტორანში ყოფნისას ფრედი ისევ გამოჩნდა. ჩემთან ერთად მყოფმა მეგობარმა მითხრა, გამოიცანი, ვინ დგას შენს უკანო. 18 თვის განმავლობაში აღარ მინახავს. ამის შემდეგ კვლავ კლუბში შევხვდით და სასმელზე დამპატიჟა. დავიწყეთ შეხვედრები, რასაც ჩვენი 6-წლიანი ურთიერთობა მოჰყვა", - იხსენებდა ჯიმი 1994 წელს, გადაცემაში The Big Breakfast საუბრისას.

ფრედი მერკურისა და ჯიმ ჰატონის 1985 წელს დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა ეპოქალური მუსიკოსის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. ფრედი 1991 წლის 24 ნოემბერს, შიდსის ფონზე განვითარებულ ბრონქიალურ პნევმონიას ემსხვერპლა, ჯიმი კი 2010 წელს ფილტვის სიმსივნით დაიღუპა.

ფრედი მერკურიმ მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ ჯგუფ Queen-ში მოღვაწეობით გაიცნო. გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Bohemian Rhapsody, Killer Queen, Somebody to Love, Don't Stop Me Now, We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love. გამოცემა Rolling Stone-მა 2008 წელს ის ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული