Thumbnail

Duffy თავისი გატაცებისა და გაუპატიურების ისტორიას დეტალურად იხსენებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანელმა არტისტმა, ეიმი დაფმა, სასცენო სახელით Duffy, თებერვალში ინსტაგრამზე დაწერა, რომ რამდენიმე წლის წინ გაიტაცეს, ნარკოტიკებით გააბრუეს და გააუპატიურეს. 35 წლის მომღერლის თქმით, სწორედ ამის გამო მიატოვა მუსიკა და შეწყვიტა საზოგადოების წინაშე გამოჩენა. ახლახან შემსრულებელმა საკუთარ ვებგვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მომხდარი დეტალურად გაიხსენა.

► Duffy: რამდენიმე დღე გამომკეტეს, მაუპატიურებდნენ და ნარკოტიკებით მაბრუებდნენ

"ვწუხვარ, რომ ამ მძიმე დღეებში თქვენთვის სევდიანი ისტორიის მოყოლა მიწევს. მაგრამ, მგონი, საერთოდ არ არსებობს ამისთვის შესაფერისი დრო... ყველაფერი ჩემს დაბადების დღეზე დაიწყო, როცა რესტორანში ნარკოტიკებით გამაბრუეს. სხვა ქვეყანაში ისე აღმოვჩნდი, რომ არ მახსოვს, როგორ ჩამსვეს თვითმფრინავში და ავტომობილით სასტუმროსკენ როგორ წამიყვანეს.

მას შემდეგ გამოვფხიზლდი, რაც სასტუმროს ნომერში დამტოვეს. შემდეგ კი ის ოთახში დაბრუნდა და გამაუპატიურა. მახსოვს, როგორ მტკიოდა და როგორ ვცდილობდი, არ დამეკარგა გონება, როცა ყველაფერი დასრულდა. მომდევნო დღესაც იქ ვიყავი. უკან დავყვებოდი, ის კი ზედაც არ მიყურებდა. მანამ ჩემ გვერდით ეძინა, ვფიქრობდი, როგორ გავქცეულიყავი უახლოეს ქალაქში, მაგრამ ფული არ მქონდა და მეშინოდა, რომ პოლიციას გამოიძახებდა, ეტყოდა, რომ დავიკარგე და მათი დახმარებით მიპოვიდა. ახლაც არ ვიცი, როგორ გავუძელი იმ დღეებს. ამის შემდეგ ამ კაცთან ერთად სახლში დავბრუნდი. ზომბს ვგავდი. ვიცოდი, რომ საფრთხეში ვიყავი, რადგან მოკვლით დამემუქრა. ინსტინქტი მკარნახობდა, ისეთ ადგილას გავქცეულიყავი, სადაც ვერ მომაგნებდა. ოთხი კვირის განმავლობაში ჩემივე სახლში მაბრუებდა ნარკოტიკებით, ამიტომ ბევრი არაფერი მახსოვს. როგორც ჩანს, ოკეანის გადაღმა, სხვა ქვეყანაში როცა გადავფრინდით, ძლიერმოქმედი ნარკოტიკი ბორტზე ვერ აიტანა და ამიტომ ვიყავი სასტუმროში შედარებით ფხიზლად.

დიდი ხნის განმავლობაში მეშინოდა პოლიციაში მისვლის. მეგონა, რომ, თუ რამე ისე არ წავიდოდა, მოძალადე მომკლავდა. არ შემეძლო, გამერისკა - ჩემ შესახებ სიახლეები ყველა მედიაში მოხვდებოდა. კანონებს ვკითხულობდი, რომ გამერკვია, შემეძლო თუ არა სახელისა და გვარის შეცვლა, სხვა ქვეყანაში გადასახლება, სადაც ფლორისტის ან სხვა პროფესიით ვიცხოვრებდი და ყველაფერს წარსულში დავტოვებდი. პირველი ადამიანი, ვისაც მომხდარის შესახებ მოვუყევი, ჩემი ფსიქოლოგი იყო... გაუპატიურება ადამიანის ცოცხლად მოკვლას ჰგავს. გარეგნულად ცოცხალი ხარ, მაგრამ შინაგანად კვდები. ძალიან დიდი დრო დამჭირდა, რომ საკუთარ თავს დავბრუნებოდი. საბოლოოდ, ორ პოლიციელ ქალს ვაცნობე ყველაფერი. დამნაშავის ვინაობა მხოლოდ სამართამდამცველებმა იციან", - წერს არტისტი.

მომღერალს არ დაუკონკრეტებია, როგორ მოახერხა დამნაშავისგან თავის დაღწევა და პატიმრობაშია თუ არა ის ამჟამად. 

უელსში დაბადებულ მუსიკოსს აღიარება 2008 წელს გამოშვებულმა სადებიუტო ალბომმა Rockferry მოუტანა. სტუდიური ჩანაწერი გაერთიანებული სამეფოს ჩარტების სათავეში მოექცა. მასში წარმოდგენილი ჰიტით Mercy დაფი 1983 წლის შემდეგ პირველი უელსელი ქალი არტისტი გახდა, რომელმაც ბრიტანეთის სინგლების ასეულის ლიდერობა მოიპოვა. 2009 წელს მან გრემი მიიღო საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის კატეგორიაში. Brit Awards-ზე კი მუსიკოსმა სამი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის საუკეთესო ალბომის ნომინაციაში. კომერციულად წარუმატებელი ჩანაწერის Endlessly გამოშვების შემდეგ, 2011 წელს მან შემოქმედებითი პაუზის აღება დააანონსა. 2015 წელს მომღერალმა ფილმში Legend ამერიკელი მომღერალი ტიმი იურო განასახიერა, რის შემდეგაც თაყვანისმცემლების წინაშე აღარ გამოჩენილა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული