Thumbnail

Tekashi 6ix9ine ციხიდან გაათავისუფლეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი Tekashi 6ix9ine, კორონავირუსის პანდემიის გამო, ციხიდან გაათავისუფლეს და შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. მოსამართლე პოლ ენგელმაიერის გადაწყვეტილებით, მუსიკოსი დარჩენილ 4 თვეს სახლში გაატარებს. სასჯელის ტიპის შეცვლა სიქსნაინის ასთმის დიაგნოზის გამო გახდა საჭირო. ადვოკატ ლენს ლაზაროს მტკიცებით, ახალი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდებოდა.

►  6ix9ine უსაფრთხოების მიზნით ნიუ იორკის დატოვებას და სხვა შტატში ცხოვრებას გეგმავს

არსებული ინფორმაციით, მუსიკოსმა საპატიმრო სპეციალური გასასვლელით დატოვა, საათნახევრით ადრე, მანამ ინფორმაცია საჯარო გახდებოდა. მისი კიდევ ერთი ადვოკატი, დაუნ ფლორიო გამოცემა Complex-თან საუბარში აცხადებს, რომ შინაპატიმრობა სიქსნაინს ახალ კომპოზიციებზე მუშაობის საშუალებას არ უკრძალავს, ამასთან, მას მსმენელთან კომუნიკაცია სოციალური ქსელების საშუალებით შეეძლება.

"შინ კომპოზიციებს დაწერს. მან ესპანურენოვანი და ინგლისურენოვანი ალბომები უნდა გამოსცეს, სწორედ ამაზე გეგმავს მუშაობას. გვინდა, რომ სტუდიაში რაც შეიძლება, მალე დაბრუნდეს, თუმცა, კორონავირუსი საქმეს გვირთულებს. თუმცა, გპირდებით, რომ ტეკაშის ახალი ტრეკების მოსმენა უახლოეს მომავალში შეგეძლებათ", - აცხადებს მუსიკოსის ადვოკატი.

ტეკაში სიქსნაინი 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას მძიმე დანაშაულების ჩადენის გამო 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სასჯელის შესამსუბუქებლად მუსიკოსმა 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც ჰიპ ჰოპ არტისტების ნაწილმა მას "ჩამშვები" და "ვირთხა" უწოდა. სასამართლომ მას საბოლოოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შინაპატიმრობის დასრულების შემდეგ, ტეკაშის 5-წლიანი პირობითი სასჯელის მოხდა, 300 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ჯარიმის სახით 35,000 დოლარის გადახდა მოუწევს.

დანიელ ერნანდესმა, სასცენო სახელით Tekashi 6ix9ine, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული