Thumbnail

ნახეთ: 17 წლის ქანიე ვესთის ნახატების კოლექცია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ჰიპ ჰოპ მუსკოსის, ქანიე ვესთის ნახატების პორტფოლიო, რომელზეც მან 17 წლის ასაკში სკოლაში სწავლისას იმუშავა, BBC-ის შოუში Antiques Roadshow 16 000-დან 23 000 აშშ დოლარამდე შეფასდა. ნახატებს ფლაერიც მოჰყვება, რომელიც 1995 წელს არტისტის ნამუშევრების გამოფენის სარეკლამოდ დაიბეჭდა.

► ქანიე ვესთისა და ტეილორ სვიფტის სატელეფონო საუბრის სრული ჩანაწერი გავრცელდა

► ნახეთ: ქანიე ვესთის 2 წლის გოგონა უმცროს ძმას უმღერის

"ატლანტაში დაბადებულმა 17 წლის ხელოვანმა, ქანიე ომარი ვესთმა ხატვის შესწავლა 4 წლის ასაკში ჰაიდ პარკის აკადემიაში დაიწყო. ამის შემდეგ მან განათლება ჩიკაგოს არტ ინსტიტუტში, ჩიკაგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩინეთის ნანჯინის სასწავლებელსა და ილინოისში, პოლარისის სკოლაში მიიღო. ამ შემოდგომიდან კი ქანიე ჩიკაგოში ხელოვნების ამერიკულ აკადემიაში იწყებს სწავლას და მუსიკალური პროდიუსერის კარიერის აწყობასაც განაგრძობს. გამოფენაზე წარმოდგენილი შავ-თეთრი ნახატებიდან თითო 12 დოლარად იყიდება, სამის შეძენა კი 30-ად არის შესაძლებელი. თითო ფერადი ნამუშევრის ფასი 15 დოლარია, ხოლო ორის ყიდვის შემთხვევაში 25-ს გადაიხდით", - წერია ფლაერზე.

როგორც პორტფოლიოს წარმდგენმა შოუში განაცხადა, ნამუშევრები მის პარტნიორს ეკუთვნის, რომელიც ვესთის ბიძაშვილია. 

"ქანიეს დედის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ჩემმა ქმარმა, სხვა ქონებასთან ერთად, ეს ნამუშევრებიც მიიღო. დედამისი ინგლისურის მასწავლებელი იყო და მსოფლიოს გარშემო ბევრს მოგზაურობდა, ქანიე კი სულ თან დაჰყავდა", - აღნიშნა მან.

ხელოვნების ნიმუშების შემფასებლის, ლაურა ვუდლის თქმით, ნახატებს ეტყობა, რომ ვესთის, როგორც ხელოვანის, ხედვა ჩარჩოში არ იყო მოქცეული.

"იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთმა ქანიე და მისი კარიერა კონტროვერსიულად შეიძლება, შეაფასოს, ვერავინ უარყოფს მის ექსტრაორდინარულ ტალანტს. შოუსთვის ნამუშევრების მხოლოდ ნაწილი შევარჩიეთ. ბევრმა შესაძლოა, არც კი იცოდა, რამდენად ნიჭიერი ხელოვანია ის მუსიკალური კარიერის მიღმაც. წარმოდგენილ ნამუშევრებში კარგად ჩანს, რამდენად მრავალმხრივია ქანიეს ხატვის სტილი. ფლაერში დაბეჭდილი ტექსტი კი წარმოდგენას გვიქმნის, რა სახელოვნებო ცოდნა მიიღო მან ამ მომენტამდე. უნდა აღინიშნოს, რომ შთამბეჭდავი რეზიუმე აქვს", - აღნიშნა ვუდლიმ.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული