Thumbnail

Aphex Twin: თუ სახლში პატიმარივით გამოგკეტეს, პოლიციურ სახელმწიფოში ცხოვრობ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ინგლისელი მუსიკოსი, რიჩარდ ჯეიმსი, სასცენო სახელით Aphex Twin, კორონავირუსის პანდემიას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიას საფრთხე ექმნება. თავდაპირველად მან განცხადება SoundCloud-ზე მომხმარებლით user18081971 ატვირთა, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა. თუმცა, ტექსტი ვებგვერდ reddit-ის საშუალებით მაინც გახდა ხელმისაწვდომი.

► ნახეთ: Aphex Twin-მა მანჩესტერში გამართული კონცერტის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

"თანავუგრძნობ ყველას, ვინც საყვარელ ადამიანს გლოვობს. ახლახან მამა დავკარგე, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ეს კორონავირუსთან არ ყოფილა დაკავშირებული. როდესაც სამართალდამცველები მთავრობის სურვილებს ასრულებენ, კანონმდებლობის გვერდის ავლით, ე.ი. პოლიციურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც დემოკრატიისთვის ადგილი აღარ რჩება. როდესაც დანაშაული არ ჩაგიდენია და სახლში ხარ პატიმრობაში, ნიშნავს, რომ პოლიციურ სახელმწიფოში ცხოვრობ, სადაც არაა დემოკრატია. იფიქრებდით, რომ ასეთი რამ თავს გადაგხდებოდათ? იცით, კიდევ რა უფლებები შეგელახებათ მომავალში? მე გაგაფრთხილეთ", - წერს მუსიკოსი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული. ამ დროისთვის, ვირუსით მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის 50,000-მდე გარდაიცვალა. 

Aphex Twin თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტად ითვლება. მან მოღვაწეობა ეისიდ ტექნოს ჟანრში დაიწყო. 1992 წელს კი სადებიუტო ალბომი Selected Ambient Works 85–92 გამოუშვა, რომელმაც მელომანთა და კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა.

1997 წელს გავრცელებულმა EP-მ Come to Daddy და 1999 წლის სინგლმა Windowlicker მუსიკოსი მსმენელთა ფართო მასებს გააცნო. 2001 წელს ჩაწერილი Drukqs-ის შემდეგ, არტისტს Aphex Twin-ის სახელით სტუდიური ალბომი არ გამოუცია. თუმცა, 2014 წელს ის თაყვანისმცემლებს ახალი ნამუშევრით Syro დაუბრუნდა, რომელმაც საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის ნომინაციაში გრემის ჯილდო მოიპოვა. 2018 წლის 14 სექტემბერს კი მუსიკოსმა EP სახელად Collapse გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული