Thumbnail

დოქტორ დრეს ალბომს The Chronic აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში დაიცავენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ყველა დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, ანდრე იანგი, ფსევდონიმით Dr. Dre, კიდევ ერთხელ დააფასეს. ეპოქალური კალიფორნიელის კლასიკად ქცეულ ალბომს The Chronic ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკაში დაიცავენ. დრეს 1992 წლის სადებიუტო სოლო სტუდიური ჩანაწერი დაწესებულების ბაზაში ისეთ ცნობილ ნამუშევრებთან ერთად განთავსდება, როგორებიცაა: ჯონ კოლტრეინის A Love Supreme, Radiohead-ის OK Computer, Jay-Z-ის The Blueprint, N.W.A-ის Straight Outta Compton და სხვა.

► Dr. Dre პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა 

► Dr. Dre: ალბომში "2001" გარეპვას არ ვგეგმავდი 

► ნახეთ: The Game-მა პირდაპირ ეთერში ყოფნისას Dr. Dre-ს დაურეკა 

დოქტორ დრემ The Chronic ლეგენდარული კოლექტივის N.W.A დატოვების შემდეგ ჩაწერა. წლების გასვლასთან ერთად ჩანაწერი ჟანრის ერთ-ერთ სანიმუშო ალბომად იქცა. არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ ნამუშევარი ყველა დროის საუკეთესო ალბომებს შორის დაასახელა.

ნამუშევარი ჟანრის ქვემიმდინარეობების, გენგსთა რეპისა და ჯი-ფანკის სინთეზია. ალბომის წყალობით ჯი-ფანკმა კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამას დასავლელი არტისტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რადგანაც მათი დისკოგრაფიები მაშინ სწორედ გენგსთა რეპისა და ჯი-ფანკის შთაგონებით შექმნილი ჩანაწერებით მდიდრდებოდა. ალბომის კულტურული მნიშვნელობა დღემდე მარტივი შესამჩნევია. ნამუშევრის სხვადასხვა ფრაზასა თუ მელოდიას თანამედროვე რეპერების არაერთ კომპოზიციაში შეხვდებით. 

მუსიკალური კრიტიკოსების აღიარებასთან ერთად, The Chronic კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა. დღემდე მსოფლიოში მისი 6 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ალბომში მსმენელისთვის ისეთი დაუვიწყარი ტრეკებია წარმოდგენილი, როგორებიც გახლავთ: Nuthin' but a 'G' Thang, Fuck wit Dre Day (And Everybody's Celebratin'), Let Me Ride და სხვა.

ანდრე იანგი, იგივე Dr. Dre, ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან შემოქმედებითი მოღვაწეობა 1985 წელს ელექტროჰოპ კოლექტივში World Class Wreckin' Cru დაიწყო. შემდეგ იყო ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანება N.W.A, რომლის წევრებიც, მის გარდა, Arabian Prince, DJ Yella, Eazy-E, Ice Cube და MC Ren იყვნენ. 1992 წელს კი მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ალბომი The Chronic გამოუშვა. მსოფლიო მასშტაბით ნამუშევრის 6 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა.

დოქტორ დრე ერთ-ერთი უმსხვილესი ლეიბლის Interscope Records-ის თანადამფუძნებელია. 2006 წელს მან Beats Electronics დაარსა, რომლის უმთავრესი ნაწარმიც მუსიკალური აქსესუარები Beats By Dre გახლავთ. 2014 წელს კომპანია 1 მილიარდ აშშ დოლარად Apple-მა შეიძინა. დრეს უკავშირდება ისეთი არტისტების წარმატება, როგორებიც არიან: Snoop Dogg, Eminem, 50 Cent, The Game და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული