Thumbnail

მებო ნუცუბიძის 5 საყვარელი სიმღერა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "აკუსტიკის" წამყვანისა და ჯგუფ The BearFox-ის წევრის, მებო ნუცუბიძის 5 საყვარელი კომპოზიცია.

ჩემი ცხოვრება ფილმია, სიმღერები კი საუნდტრეკები. იმის მიხედვით, თუ რას ვგრძნობ, სად, ვისთან და როგორ ვარ, ვირჩევ კომპოზიციას, რომელიც ყველაზე მეტად უხდება კონკრეტული მომენტის კადრებს.

5. Linkin Park - Crawling

"ლინკინ პარკს" ჯერ კიდევ მაშინ ვუსმენდი, როცა ქალაქში როკერებს გიჟებად და გზასაცდენილებად გვთვლიდნენ. "ბლექ საბათის" მაისურში გამოწყობილ მეგობარს სკოლიდან აგდებდნენ და "წესიერი" ტანსაცმლის ჩასაცმელად სახლში უშვებდნენ. გრძელი თმის, დახეული ჯინსის შარვლისა და მასზე ჩამოკიდებული ჯაჭვების გამო, ოპერის უკანა ეზოში ძველი ბიჭები საქმეებს გვირჩევდნენ. სახლში მოსულს კი, ოჯახის უფროსი მეგობარი ჭკუას გვარიგებდა, რომ სწორედ მაიკ შინოდას ფრჩხილებზე წასმული შავი ლაქიდან იწყებოდა ადამიანის გაუკუღმართება.

ჩესტერის ხმა ჩემთვის ყოველთვის ყველაზე ძვირფასი იყო და იქნება. თან ტკბილი და თან მწარე, თან ღიმილიანი და თან ცრემლებით სავსე. რაღაც მომენტებში იმასაც კი ვაცნობიერებ, რომ სწორედ მისმა ხმამ და სიმღერებმა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა ჩემს მუსიკაზე. მისი თვითმკვლელობის შემდეგ, "ლინკინ პარკის" ყველა სიმღერას ახლიდან მოვუსმინე და გვიან, მაგრამ მაინც მივხვდი - ჩესტერი მთელი ცხოვრება ებრძოდა საკუთარ დემონებს, რომლებიც მუდამ მის წაყვანას ცდილობდნენ და ბოლოს გაიმარჯვეს კიდეც.

4. Radiohead - No Surprises

"რედიოჰედი" ჩემი თინეიჯერობის მეორე ნახევრის განუყოფელი ნაწილია. 2007 წელი, სკოლის დამამთავრებელი კლასი, ბავშვობის დაკარგვის შიში, მათი ახალი ალბომი, ყურსასმენები და ტომის ხმა, რომელიც პირდაპირ სულში ჩამესმის, თითქოს ყურსასმენებში მხოლოდ ინსტრუმენტალია, გენიოსი კაცის ხმა კი შიგნიდან, სხეულის ყველაზე დამალული ნაწილიდან ამოდის.

"რედიოჰედზე" საუბრისას, ძალიან მიჭირს ერთი სიმღერის გამოყოფა. დღეს No Surprises-ს ავირჩევ, რომელიც ყველაზე მშვიდი სიმღერაა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩამოვაგდოთ მთავრობები და მმართველები. ერთი შეხედვით, ჩამოგდების, დამხობისა და განადგურების აქტი აგრესიისა და ძალადობის გარეშე შეუძლებელია, არა? სწორედ ამაშია "რედიოჰედის" გენიალურობა - მათ ყველაფერი შეუძლიათ, მათ შორის მთავრობების მშვიდად დამხობა და ჩამოგდება

3. Tom Waits - I Hope That I Don't Fall in Love with You

ტომ უეითსი ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო ეტაპზე გამოჩნდა. რაზე შეიძლება ოცნებობდეს ადამიანი, რომელსაც სულ ახლახან შეუყვარდა და ჯერ თქმასაც კი ვერ ბედავს? ალბათ, იმაზე, რომ შეხვედრების შემდეგ, სახლში დაბრუნებული მისი გულისსწორი სწორედ ამ სიმღერას რთავდეს და გაღიმებული უსმენდეს. ეს ამბავი ხომ ფილმის სიუჟეტის შემდგომი განვითარების ცალსახა მინიშნება იქნებოდა - მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.

2. Tame Impala - Posthumous Forgiveness

კევინ პარკერი ჩვენი დროის იესოა, რომელმაც ახალ რელიგიას - "თეიმ იმპალას" დაუდო სათავე. თებერვალში გამოსული ალბომი The Slow Rush ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამოუხსნელი ფენომეის - დროის ეპოსია. ეს სიმღერა კევინის მამაზეა, რომელიც სიმსივნესთან ერთწლიანი უშედეგო ბრძოლის შემდეგ დამარცხდა და ისე გარდაიცვალა, ვერც შვილის პირველი ჩანაწერის მოსმენა შეძლო და ვერც მის წარმატებას მოესწრო. დროს ვერავინ და ვერაფერი ამარცხებს. ვერც კევინი, რომელმაც ახალი რელიგია შექმნა

1. The National - Conversation 16

ჩვენ ყველანი ყავასა და ყვავილებზე ვცხოვრობთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული