Thumbnail

Cardi B აშშ-ის მთავრობისგან ქუჩების დეზინფექციას ითხოვს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

თვითიზოლაციაში მყოფი გრემის მფლობელი ჰიპ ჰოპ არტისტი, Cardi B ინსტაგრამზე პირდაპირი ჩართვისას კორონავირუსის პანდემიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მან აშშ-ის მთავრობის მუშაობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და ვირუსთან საბრძოლველად მეტი ეფექტურობა მოითხოვა.

► Cardi B: ძვირადღირებული ტანსაცმლის ჩაცმა მინდა და გარეთ ვერ გავდივარ

"ვხედავთ, რომ ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევები უფრო და უფრო იკლებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ხალხის იზოლაციის პარალელურად ქუჩების დეზინფექცია ხდება. მიდიან თითოეული მოქალაქის სახლში, უსინჯავენ ტემპერატურას და ვისაც კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდებოდა, დაუყონებლივ საკარანტინო რეჟიმში გადაჰყავდათ. ჩვენთან რას აკეთებს მთავრობა, როცა ადამიანები თვითიზოლაციაში ვართ? უკეთებენ ქუჩებს დეზინფექციას? გვიმოწმებენ ტემპერატურას? საიდან უნდა გავიგო, თუ ვირუსის მატარებელი ვარ? მთავრობა არაფერს გვეუბნება, რა ჯანდაბა ხდება", - ამბობს გაბრაზებული ქარდი ვიდეოში.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, აშშ-ში კორონავირუსით 35 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის 458 გარდაიცვალა.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული