Thumbnail

ნახეთ: ჯარედ ლეტო კლდეზე ცოცვისას 180 მ. სიმაღლიდან ჩამოვარდნას გადაურჩა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ამერიკული ჯგუფის 30 Seconds to Mars წევრმა, ჯარედ ლეტომ ტვიტერზე ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელა, რომლებშიც ნევადის შტატში მდებარე Red Rock-ის კანიონზე მომხდარი ინციდენტია ასახული. როგორც არტისტი წერს, პროფესიონალ მცოცავ ალექს ჰონოლდთან ერთად კლდის დალაშქვრისას 180 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნას გადაურჩა.

"არ მინდა დრამატულად გამომივიდეს, მაგრამ ამ დღეს კინაღამ მოვკვდი. ბასრმა ქვამ ჩემი თოკი გადასერა მაშინ, როცა დაახლოებით 182 მეტრის სიმაღლეზე ვიყავი ასული. ცხადად მახსოვს, როგორ ვიყურებოდი ძირს. უცნაური მომენტი იყო - შიშს ნაკლებად ვგრძნობდი, სამაგიეროდ, კარგად გავიაზრე სიტუაცია და ცოტაოდენი მელანქოლიაც დამეუფლა. ადრენალინის მოზღვავება მას შემდეგ ვიგრძენი, რაც კლდეს დავუბრუნდი. ჩვენ ეს სირთულე გადავლახეთ. საკმაოდ სახალისო იყო. ღამით ისევ განვაგრძეთ კლდეზე ცოცვა", - წერს ლეტო და დასძენს, რომ ჩამოვარდნას ალექსის დახმარებით გადაურჩა, რომელსაც არტისტი დაზღვეული ჰყავდა.  

ჯარედ ლეტო სპორტის ამ სახეობის დიდი მოყვარულია და თაყვანისმცემლებს ხშირად უზიარებს კლდეებზე ცოცვისას გადაღებულ კადრებს.  

ოსკაროსანმა მსახიობმა და მომღერალმა, ჯარედ ლეტომ შემოქმედებითი მოღვაწეობა სამსახიობო კარიერით დაიწყო. ფართო საზოგადოებამ არტისტი სერიალიდან My So-Called Life გაიცნო. კრიტიკოსთა აღიარება კი ფილმში Prefontaine მონაწილეობით მოიპოვა. 2013 წელს ლეტომ კინოსურათში Dallas Buyers Club ტრანსგენდერი ქალის საუკეთესოდ განსახიერებისთვის ოქროს გლობუსი და ოსკარი დაიმსახურა.

რაც შეეხება მუსიკალურ კარიერას, არტისტმა როკ ბენდი 30 Seconds to Mars ლოს ანჯელესში თავის ძმასთან, შენონთან ერთად 1998 წელს ჩამოაყალიბა. ჯგუფმა წარმატებას მეორე ალბომის A Beautiful Lie გამოსვლის შემდეგ მიაღწია. 2018 წელს გამოშვებულმა რიგით მეხუთე სტუდიურმა ჩანაწერმა America ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიცია დაიკავა. კოლექტივი 2019 წელს საქართველოს ესტუმრა და კონცერტი გამართა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული