Thumbnail

კორონავირუსის საფრთხის გამო BTS-მა პრესკონფერენცია ცარიელ დარბაზში გამართა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS ახალი ალბომის Map of the Soul: 7 მხარდასაჭერად პრესკონფერენცია გამართა. ღონისძიებამ სეულში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო რეპორტიორებისა და ჯგუფის თაყვანისმცემლების გარეშე ჩაიარა. კოლექტივის ლეიბლმა Big Hit Entertainment შეხვედრაზე დასწრების მსურველები წინასწარ გააფრთხილა, რის შემდეგაც არტისტებმა მედიის კითხვებს იუთუბის პირდაპირი ეთერის საშუალებით უპასუხეს. 

► ნახეთ: ჯიმი ფელონმა BTS-თან ინტერვიუ მეტროს ვაგონში ჩაწერა

► მოუსმინეთ: BTS ახალ ალბომს Map of the Soul: 7 ავრცელებს

"ვიზიარებთ სახელმწიფო პოლიტიკას კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, რის გამოც პრესკონფერენციას თაყვანისმცემლებისა და პრესის წარმომადგენლების გარეშე ჩავატარებთ. ეს გადაწყვეტილება მათივე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გამო მივიღეთ, რაც ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. თხოვნით მივმართავთ ჟურნალისტებსა და თაყვანისმცემლებს, პრესკონფერენციას ონლაინ რეჟიმში მიადევნონ თვალი", - ნათქვამი იყო კომპანიის განცხადებაში.

კოლექტივის წევრებმა, რომლებიც ამ კვირაში სეულში რამდენიმე სატელევიზიო შოუში მიიღებენ მონაწილეობას, თავადაც მოუწოდეს თაყვანისმცემლებს, თავი შეიკავონ გადაღებებზე დასწრებისგან.

"ბოლო დღეებში ჯანმრთელობაზე ბევრს ვფიქრობთ. ჩვენი გზავნილი, რომ მიიღოთ და გიყვარდეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ, მხოლოდ მაშინ შეიძლება, განხორციელდეს, თუ ჯანმრთელად იქნებით. იმედი გვაქვს, თავს გაუფრთხილდებით", - მიმართა თაყვანისმცემლებს ბოიბენდის წევრმა, ჯიმინმა.

BBC-ის მონაცემებით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის შედეგად შვიდი ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა კი 760-ს გადააჭარბა.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული