Thumbnail

ემინემი: არ მინდა, რომ ჰიპ ჰოპის მეფე ვიყო

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ეპოქალური ჰიპ ჰოპ არტისტი, მარშალ მეზერსი, ფსევდონიმით Eminem, თავისი კოლეგისა და მეგობრის, ვეტერანი კალიფორნიელი რეპერის KXNG Crooked გადაცემის Crook's Corner სტუმარი გახლდათ. ინტერვიუს მიმდინარეობისას მარშალი ვეტერანი შემსრულებლის, ლორდ ჯამარის მოსაზრებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ემინემი ჰიპ ჰოპ კულტურის არა წევრი, არამედ სტუმარია.

► ემინემი: არაფერს არ დაუკავშირებია განსხვავებული ადამიანები ისე, როგორც ჰიპ ჰოპს

► ემინემმა რეჩიტატივის სწრაფად კითხვაში საკუთარი რეკორდი მოხსნა

"ეს ძალიან სახალისოა. მე არასდროს მითქვამს, რომ ჰიპ ჰოპის სტუმარი არ ვარ. რასაკვირველია, სტუმარი ვარ", - განაცხადა არტისტმა.

ლორდ ჯამარმა ასევე აღნიშნა, რომ ემინემს მეფედ მხოლოდ თეთრკანიანები მოიხსენიებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა რეპერებზე მეტი ჩანაწერები გაყიდა. მარშალმა მისი ეს განცხადებაც შეაფასა:

"არ მინდა, ჰიპ ჰოპის მეფე ვიყო. ვინ ჯანდაბაა ჰიპ ჰოპის მეფე? არსებობს საერთოდ მეფე ჰიპ ჰოპში? ხალხი ამბობს, ყველაზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა არ ნიშნავს იმას, რომ საუკეთესო ხარო. 40 მილიონი მარცვალი რომც გარეპო, ესეც არ ნიშნავს, რომ ყველაზე კარგი ხარო. არადა, სინამდვილეში ჩემი მთავარი საფიქრალი გარითმვაა. ამას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ".

აღსანიშნავია, რომ ინტერვიუ ჟანრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, დოქტორ დრეს სტუდიაში ჩაიწერა.

ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა, როდესაც 1999 წელს კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Slim Shady LP გამოუშვა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 2020 წლის იანვარში მარშალმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული