Thumbnail

50 Cent: ქუჩის კანონების დარღვევის მიუხედავად Tekashi ალბომებს მაინც გაყიდის

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კურტის ჯექსონმა რადიოწამყვან ენჯი მარტინესის შოუსში პატიმრობაში მყოფი რეპერის, Tekashi 6ix9ine-ის მომავალზე ისაუბრა. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ტეკაშიმ შესაძლოა, დაკარგა თაყვანისმცემლების მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და კრიმინალური დაჯგუფების წევრები არაერთ დანაშაულში ამხილა. 50 Cent მას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ გათავისუფლების შემდეგ ახალგაზრდა მუსიკოსი კომერციულად კვლავ წარმატებული იქნება.

► 50 Cent ტეკაში სიქსნაინის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს

"ტეკაშის ვერაფერი შეუშლის ხელს, ნამუშევრები დიდი რაოდენობით გაყიდოს. თავისი თაყვანისმცემლები მას გაუგებენ, თუ რატომ ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაარღვია ქუჩის კანონები. ისინი მიხვდებიან, რატომ არ უნდა დააფარო ხელი იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, შენ და შენს ოჯახს ზიანი მოგაყენონ. ტეკაშის ლეიბლის ხელმძღვანელის მამა Universal Music Group-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლუსიან გრეინჯია. მას მუსიკალურ ინდუსტრიაში დიდი გავლენები აქვს. ეს ერთი დიდი მანქანაა", - თქვა 50 Cent-მა.

ტეკაში სიქსნაინი 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მძიმე დანაშაულების ჩადენის გამო მას 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სასჯელის შესამსუბუქებლად მუსიკოსმა 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც ჰიპ ჰოპ არტისტების ნაწილმა მას "ჩამშვები" და "ვირთხა" უწოდა.

2019 წლის დეკემბერში სასამართლომ ტეკაშის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რეპერმა პატიმრობაში 14 თვე გაატარა, შესაბამისად, თუ ვადაზე ადრე არ გათავისუფლდება, სიქსნაინი გისოსებს მიღმა 2020 წლის ნოემბრამდე დარჩება. ამის შემდეგ მას 5-წლიანი პირობითი სასჯელის მოხდა, 300 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ჯარიმის სახით 35,000 დოლარის გადახდა მოუწევს.

მუსიკის კრიტიკოსები ტეკაშისა და 50 Cent-ის ადრეულ კარიერას ერთმანეთს ხშირად ადარებენ. ვეტერანი კოლეგის მსგავსად, სიქსნაინმაც ფართო საზოგადოების ყურადღება სკანდალური განცხადებებითა და მასზე გავლენიანი რეპერების გადისვით მიიპყრო. 2018 წლის 25 აგვისტოს მუსიკოსებმა პირველი კოლაბორაციული ნამუშევარი Get The Strap გაავრცელეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული