Thumbnail

კორტნი ლავი: უკვე 18 თვეა, ალკოჰოლი და ნარკოტიკი არ მიმიღია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლონდონში, O2 Brixton Academy-ის დარბაზში ბრიტანული მუსიკალური გამოცემის, NME-ის ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც ამერიკელ მუსიკოს, კორტნი ლავს სპეციალური ჯილდო Icon Award გადაეცა. სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას, არტისტმა განაცხადა, რომ უკვე 18 თვეა, ფხიზელია და ნარკოტიკსა და ალკოჰოლს აღარ ეკარება. 

"სამადლობელი სიტყვა არ მომიმზადებია. ამის გამო ძალიან ვწუხვარ, უპატივცემულობის გამოჩენა არ მინდოდა. დღეს ამ ჯილდოს მოპოვების პატივი მხვდა წილად... ეს დღე იმითაცაა გამორჩეული, რომ უკვე 18 თვე შესრულდა, რაც ფხიზელი ვარ. ამის დაჯერება მიჭირს კიდეც. დიდი მადლობა დაფასებისთვის, ეს ჩემთვის დიდი პატივია", - მიმართა მუსიკოსმა დამსწრეებს.

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, კურტ კობეინის ქვრივი მრავალი წელია, ნარკოდამოკიდებულებას ებრძვის. ის არაერთხელ გამოჩენილა საზოგადოების წინაშე არაფხიზელ მდგომაროებაში. 2003 წელს კორტნი ოქსიკოდონის ზედოზირებით საავადმყოფოშიც მოხვდა. 

კორტნი ლავმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1981 წელს დაიწყო. მან განსაკუთრებული პოპულარობა როკ ბენდში Hole მოღვაწეობით მოიპოვა. 2004 წელს შემსრულებელმა თაყვანისცემლებს სოლო სტუდიური ალბომი America's Sweetheart შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული