Thumbnail

ბლექ მეტალ ჯგუფის Vodka Vultures ფრონტმენი სამი ეკლესიის დაწვისთვის დააკავეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

22 წლის ამერიკელ არტისტს, ჰოლდენ მატეუსს, რომელიც ბლექ მეტალ ჯგუფში Vodka Vultures უკრავდა, ლუიზიანას შტატში სამი ბაპტისტური ეკლესიის დაწვისთვის 10-დან 70 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მატეუსმა, რომელიც პოლიციელის შვილია, სასამართლოში ბრალი უკვე აღიარა და განაცხადა, რომ მისი მიზანი ბლექ მეტალ სუბკულტურაში სახელის მოხვეჭა იყო.

"ჰოლდენ მატეუსმა განმარტა, რომ ხანძარი ამ შენობების რელიგიური მნიშვნელობიდან გამომდინარე გააჩინა. მას, როგორც მუსიკოსს, ამ გზით, ბლექ მეტალ სუბკულტურაში სტატუსის ამაღლება სურდა. ამის შემდეგ კი ფეისბუქზე ფოტო და ვიდეომასალა ატვირთა, რომლებშიც ეკლესიების დაწვის პროცესი იყო ასახული. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ეს კადრები თავისივე მობილური ტელეფონით გადაიღო. სოციალურ ქსელში მათი განთავსებით კი საკუთარი თავის რეკლამირებას შეეცადა", - ნათქვამია შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

The Mount Pleasant Baptist Church

Greater Union Baptist Church

St. Mary's Church

ჰოლდენ მატეუსმა პირველად 2019 წლის 26 მარტს St. Mary's Baptist Church-ში გააჩინა ხანძარი, 2 აპრილს Greater Union Baptist Church-ში, 4 აპრილს კი Mount Pleasant-ის ბაპტისტურ ეკლესიას წაუკიდა ცეცხლი. სამივე შენობა სრულად განადგურდა. ცნობილია, რომ ამ ტაძრების მრევლის ძირითად ნაწილს აფროამერიკელები შეადგენდნენ. საქმეზე განაჩენი 22 მაისს გამოცხადდება.

აღსანიშნავია, რომ მანამ, სანამ მატეუსი დანაშაულებს ჩაიდენდა, ახალ ზელანდიაში ბლექ და დეს მეტალ დრამერი, ჯეიკობ ლოუენშტაინი დააკავეს, რომელმაც ე.წ. მორმონთა ეკლესიები დაწვა. 

ეს ორი შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც 2019 წლის თებერვალში ნორვეგიული ბლექ მეტალ სცენის შესახებ გადაღებული ფილმი Lords of Chaos გამოვიდა. სწორედ მასშია მოთხრობილი 90-იან წლებში 50-ზე მეტ ქრისტიანულ ეკლესიაზე თავდასხმისა და მათი დაწვის ისტორია.

     

    კომენტარები

    ბოლოს დამატებული