Thumbnail

მაკოლეი კალკინმა განმარტა, რა ურთიერთობა ჰქონდა მაიკლ ჯექსონთან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული საშობაო ფილმის "მარტო სახლში" ვარსკვლავმა, მაკოლეი კალკინმა ჟურნალ Esquire-თან ინტერვიუში კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ლეგენდარულ მუსიკოს მაიკლ ჯექსონთან მეგობრობაზე. მსახიობის თქმით, მას არასდროს შეუმჩნევია, რომ მაიკლი ბავშვებს საეჭვოდ მოქცეოდა. 

► მაკოლეი კალკინი: მაიკლ ჯექსონთან ჩვეულებრივი მეგობრობა მაკავშირებდა

"მას ჩემთვის არაფერი დაუშავებია. არც არასდროს დამინახავს, რაიმე საეჭვო გაეკეთებინოს. ახლა შემიძლია, თამამად ვისაუბრო, რადგან ის ცოცხალი აღარ არის. სათქმელი რომ მქონდეს, ვიტყოდი, მაგრამ მე ნამდვილად არასდროს ვყოფილვარ რაიმეს მომსწრე", - განაცხადა კალკინმა. 

მაკოლეი კალკინი მაიკლ ჯექსონთან ერთად, 1994წ. 

მსახიობისვე თქმით, მას შემდეგ, რაც ჯექსონის მიერ ბავშვებზე შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე გადაღებული ფილმი Leaving Neverland გავრცელდა, პირად საუბრებში ბევრმა ადამიანმა ჰკითხა აზრი ნამუშევართან დაკავშირებით.

"ერთხელ, თვითმფრინავით მგზავრობისას, მსახიობ ჯეიმს ფრანკოს შევხვდი. მან მკითხა - რას ფიქრობ ამ ფილმზე? მე მივუტრიალდი და ვუპასუხე - მართლა გინდა შენს განსვენებულ მეგობარზე საუბარი? არაო", - გაიხსენა მაკოლეიმ.  

არტისტები ერთმანეთს 90-იანი წლების დასაწყისში შეხვდნენ. 2003 წელს, როდესაც მომღერალს ბავშვთა მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებდნენ, მაკოლეი კალკინი სასამართლოში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მაშინ მსახიობმა ბრალდებებს "სრულიად კომიკური" უწოდა. 

აღსანიშნავია, რომ მაკოლეი კალკინი ჯექსონის კომპოზიციაზე Black or White გადაღებულ კლიპში მონაწილეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული