Thumbnail

ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ უკვე 32 წელია, ფილმის, ტელეპროექტისა თუ სხვა ვიზუალური ნამუშევრისთვის დაწერილი საუკეთესო კომპოზიციის ნომინაცია დააწესა. ამერიკის კინოაკადემია კი ოსკარს ორ მუსიკალურ კატეგორიაში: კინოსურათისთვის დაწერილი საუკეთესო მუსიკალური თემა და საუკეთესო სიმღერა გასცემს.

მუსიკალურ ინდუსტრიაში საკმაოდ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ერთი კომპოზიცია ზემოჩამოთვლილ ნომინაციებში ორივე პრესტიჟული ჯილდოს, გრემისა და ოსკარის მფლობელი ხდება. ამ დრომდე ეს მხოლოდ თხუთმეტმა სიმღერამ მოახერხა.

15. Carly Simon - Let the River Run

ამერიკელი მუსიკოსი, კარლი საიმონი პირველი არტისტი გახდა, რომელმაც 1988 წელს გამოშვებული ფილმისთვის Working Girl დაწერილი კომპოზიციით Let the River Run გრემისა და ოსკარის ჯილდოები მიიღო. საუნდტრეკს ოქროს გლობუსიც გადაეცა.

14. Alan Menken - Under the Sea

ალან მენკენი ერთადერთი კომპოზიტორია, რომელმაც ოთხი სხვადასხვა კომპოზიციით მოახერხა ამ ჯილდოების მიღება. 1989 წელს მუსიკოსმა დისნეის ანიმაციისთვის The Little Mermaid შექმნილი საუნდტრეკით Under the Sea მიიღო ოსკარი. მოგვიანებით კი ამავე ჩანაწერისთვის კომპოზიტორს გრემი გადაეცა ვიზუალური ნამუშევრისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში.

13. Alan Menken - Beauty and the Beast

ალან მენკენისა და ჰოვარდ აშმანის 1991 წლის კომპოზიციამ Beauty and the Beast, რომელიც დისნეის ამავე სახელწოდების ანიმაციის საუნდტრეკია, ასევე შეძლო ოსკარისა და გრემის მიღება. სიმღერას მსახიობი ანჯელა ლენსბერი ასრულებს, რომელიც მულტფილმში მისის პოტსს ასახიერებს.

12. Alan Menken - A Whole New World

დისნეის კიდევ ერთი ანიმაცია, რომლის მუსიკაზეც ალან მენკენმა იმუშავა, 1992 წელს გამოსული "ალადინია". საუნდტრეკის A Whole New World დამსახურებით ოსკარის მიღების შემდეგ, კომპოზიტორი გრემის ჯილდოებს წლის სიმღერისა და ვიზუალური ნამუშევრისთვის დაწერილი საუკეთესო კომპოზიციის ნომინაციებში დაეუფლა.

11.Alan Menken - Colors of the Wind

ალან მენკენის ბოლო ნამუშევარი, რომელმაც ოსკარიც მოიგო და გრემიც, 1995 წლის ანიმაციური ფილმისთვის Pocahontas შექმნილი საუნდტრეკია სახელწოდებით Colors of the Wind. კომპოზიციას ბროდვეის მსახიობი და მუსიკოსი, ჯუდი კანი ასრულებს.

10. Bruce Springsteen - Streets of Philadelphia

1993 წლის ფილმის Philadelphia საუნდტრეკმა Streets of Philadelphia, რომლის ავტორიც ამერიკელი მომღერლი ბრიუს სპრინგსტინია, ოსკარის 66-ე დაჯილდოებაზე ფილმისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში გაიმარჯვა. გრემის ჯილდო კი ოთხ ნომინაციაში, მათ შორის წლის კომპოზიციისა და ვიზუალური ნამუშევრისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერის კატეგორიებში მიიღო.

9. Celine Dion - My Heart Will Go On

1998-99 წლების ოსკარისა და გრემის დაჯილდოებები კი ფილმ Titanic-ის ცნობილი საუნდტრეკისთვის My Heart Will Go On აღმოჩნდა ტრიუმფალური. პოპვარსკვლავ სელინ დიონის მიერ შესრულებულმა კომპოზიციამ, რომლის ავტორებიც ჯეიმს ჰორნერი და უილ ჯენინგსი არიან, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო სურათისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში მოიპოვა, ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის აღიარება კი ოთხ ნომინაციაში, მათ შორის წლის საუკეთესო ჩანაწერისთვის დაიმსახურა. ნამუშევარმა მიიღო ოქროს გლობუსიც.

8. Randy Newman / Riders in the Sky - If I Didn't Have You

2001 წელს ოსკარი ანიმაციის Monsters, Inc. საუნდტრეკმა If I Didn't Have You დაიმსახურა, რომელზეც ამერიკელმა მუსიკოსმა, რენდი ნიუმენმა იმუშავა. ამის შემდეგ კომპოზიციამ გრემის ჯილდო ვიზუალური მედიისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში მიიღო.

7. Annie Lennox - Into the West

"ბეჭდების მბრძანებლის" მესამე ნაწილის The Lord of the Rings: The Return of the King საუნდტრეკი Into the West, რომლის თანაავტორი და შემსრულებელი შოტლანდიელი მუსიკოსი ენი ლენოქსია, 2004 წელს ჯერ ოსკარის, შემდგომ კი გრემის მფლობელი გახდა. 

6. A. R. Rahman - Jai Ho

ოსკარი და გრემი მოიპოვა 2008 წლის ფილმისთვის Slumdog Millionaire დაწერილმა საუნდტრეკმა Jai Ho, რომელზეც ინდოელმა კომპოზიტორმა, ალა რაქა რემმანმა იმუშავა. კომპოზიციაში ვოკალის პარტიებს მუსიკოსები სუხვინდერ სინგჰი, მაჰალახმი ლაიერი და ვიჯეი პრაკასი ჰინდიზე, ურდუსა და პენჯაბურ ენებზე ასრულებენ.

5. Ryan Bingham - The Weary Kind 

2009 წლის კინოსურათის Crazy Heart საუნდტრეკი The Weary Kind, რომელიც მუსიკოსებმა, რაიან ბინგემმა და თი ბონ ბარნეტმა დაწერეს, არა მხოლოდ გრემისა და ოსკარის, არამედ ოქროს გლობუსის მფლობელია. სიმღერას თავად რაიან ბინგემი ასრულებს.

4. Adele - Skyfall

ჯეიმს ბონდის 23-ე ფილმისთვის Skyfall დაწერილი ამავე სახელწოდების საუნდტრეკი, რომლის თანაავტორი და შემსრულებელი ბრიტანელი პოპვარსკვლავი ადელია, ოსკარისა და გრემის მფლობელი კომპოზიციების ჩამონათვალს 2013-14 წლებში შეემატა. ნამუშევარმა აგრეთვე ოქროს გლობუსი მიიღო.

3. Kristen Anderson- Lopez & Robert Lopez - Let It Go

დისნეის ანიმაცია Frozen-ის საუნდტრეკი Let It Go, რომელზეც ცოლ-ქმარმა, ქრისტენ ანდერსონ-ლოპესმა და რობერტ ლოპესმა იმუშავეს, ოსკარის 86-ე დაჯილდოებაზე გამოცხადდა კინოსურათისთვის დაწერილ საუკეთესო სიმღერად. მოგვიანებით კი, გრემისთან ერთად, ემისა და ტონის ჯილდოებიც მიიღო.

2. Common & John Legend - Glory

2014 წელს ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯონ ლეჯენდმა და რეპერმა Common კომპოზიციაზე Glory ითანამშრომლეს, რომელიც ფილმ Selma-ს საუნდტრეკია. კომპოზიციამ მუსიკოსებს ოსკარისა და გრემის ჯილდოები მოუტანა.

1. Lady Gaga - Shallow

ბოლო საუნდტრეკი, რომელმაც ორივე პრესტიჟული ჯილდოს მიღება შეძლო, 1937 წლის ფილმის A Star Is Born ამავე დასახელების რიმეიქისთვის შექმნილი ჰიტია სახელწოდებით Shallow. კომპოზიციას მისი ერთ-ერთი ავტორი, ლედი გაგა მსახიობ ბრედლი კუპერთან ერთად ასრულებს. ნამუშევარმა, გრემისა და ოსკარის გარდა, ოქროს გლობუსიც მიიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული