Thumbnail

Eminem-მა განმარტა, თუ რატომ არ დაესწრო ოსკარებს 17 წლის წინ, როცა თავად გაიმარჯვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მარშალ მეზერსმა, ფსევდონიმით Eminem, გამოცემა Variety-სთან ინტერვიუში განმარტა, რატომ არ დაესწრო 2003 წელს ოსკარის დაჯილდოებას. სწორედ ამ ცერემონიაზე რეპერის კომპოზიციამ Lose Yourself ფილმისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში გაიმარჯვა.

► ნახეთ: ვარსკვლავების რეაქციები ოსკარზე ემინემის გამოსვლისას

► Eminem: რთულ მომენტებში 50 Cent მუდამ მხარში მედგა

► Eminem: ახალი ალბომი Music To Be Murdered By სუსტებისთვის არ შემიქმნია

"მაშინ აზრადაც ვერ გავივლებდი, რომ გამარჯვების შანსი მექნებოდა. ოსკარამდე რამდენიმე კვირით ადრე ეს კომპოზიცია The Roots-თან ერთად გრემიზე შევასრულე. თან მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და არ მეგონა, რომ კინოაკადემია გამიგებდა. მაგრამ, როცა გავიგე, რომ გავიმარჯვე, კინაღამ გავგიჟდი. დავინახე, როგორი დამოუკიდებელია ეს ღონისძიება. როდესაც არ ესწრები, მაინც გაჯილდოვებენ", - ამბობს ემინემი.

რეპერმა ცერემონიის დღეც გაიხსენა, როდესაც ოსკარის ყურებას ძილი ამჯობინა. მისი თქმით, გამარჯვების შემდეგ მუსიკოსმა, ლუის რესტომ დაურეკა, რომელმაც მის ნაცვლად აიღო ჯილდო.

"მახსოვს, დაძინებას ვცდილობდი, ტელეფონი კი გაუჩერებლად რეკავდა. ძალიან გავბრაზდი, თუმცა, ზარს მაინც ვუპასუხე. ლუისი აღმოჩნდა. გაიმარჯვეო. "მართლა? მაგარია", - ვუპასუხე. თუმცა, მაშინ ცხოვრების სულ სხვა ეტაპზე ვიყავი. ახლა კი აკადემიის მადლიერი ვარ, რომ 2020 წელს მეორე შანსი მომცეს. როდესაც გავიგე, რომ ოსკარზე უნდა გამოვსულიყავი, ეს ჩემთვის იმდენად დიდი სიურპრიზი იყო, რომ მომინდა, ამის შესახებ არავის სცოდნოდა და ყველასთვის მოულოდნელობა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ არ დავაანონსეთ პერფორმანსი", - განაცხადა ემინემმა.

ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა, როდესაც 1999 წელს კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Slim Shady LP გამოუშვა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 2020 წლის იანვარში მარშალმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული