Thumbnail

კორონავირუსის შესახებ შექმნილმა სახალისო სიმღერამ საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

დომინიკელმა მუსიკოსმა ფსევდონიმით Yofrangel 911 კორონავირუსის შესახებ დაწერილი სახალისო კომპოზიცია და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლში სასწრაფო დახმარების მანქანაში მყოფი არტისტი სიმღერას ესპანურ ენაზე ასრულებს.

ნამუშევარმა სოციალურ ქსელებში საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ერთ-ერთმა ნიდერლანდურმა რადიოსადგურმა კი კომპოზიციის ეთერში გაშვების გამო საჯაროდ მოიბოდიშა, რადგან სიმღერაში არტისტი ვირუსის გავრცელებას ჩინურ კერძებს აბრალებს. ამასთან, ის ტრეკში ისეთ სიმპტომებს ასახელებს, რომლებიც დაავადებას არ ახასიათებს.

"მათ კორონავირუსის შესახებ სახალისო სიმღერა დაწერეს, ამის ატანა არ შემიძლია", - წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.

"ეს ყველაფერი საშინლად არ მომწონს".

"უამრავი ადამიანი დაავადდა და გარდაიცვალა კორონავირუსით. ესინი კი ამ ყველაფერზე ხუმრობენ. ღმერთმა შეგინდოთ", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ესპანურ ენაზე.

ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით დღემდე 43000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 1016 გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული