Thumbnail

Jay-Z-მ განმარტა, რატომ არ წამოდგნენ ის და ბიონსე Super Bowl-ზე ჰიმნის მოსმენისას

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მაიამიში, Hard Rock Stadium-ზე აშშ-ის ნაციონალური საფეხბუთო ლიგის ფინალური მატჩი Super Bowl დაწყებამდე ტრადიციულად აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა. წელს მისი შესრულების პატივი ამერიკელ პოპვარსკვლავს, დემი ლოვატოს ხვდა წილად. ღონისძიებას დაესწრო მუსიკალურ ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიანი წყვილი, ჯეი ზი და ბიონსე. ეროვნული ჰიმნის მოსმენისას ისინი ფეხზე არ წამომდგარან, რამაც საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

► ნახეთ: დემი ლოვატომ Super Bowl-ზე აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესის და შაკირას პერფორმანსი Super Bowl-ის შოუზე

სამშაბათს რეპერი კოლუმბიის უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც ერთ-ერთმა პროფესორმა ჰკითხა, ხომ არ გამოხატა წყვილმა პროტესტი რაიმესთან დაკავშირებით, რაზეც Jay-Z-მ უპასუხა:

"ასე ნამდვილად არ ყოფილა, ბოდიში. წინასწარ არაფერი დაგვიგეგმავს. უბრალოდ, ვისხედით, როცა შოუ იწყებოდა. ბიონსე მომიტრიალდა და მითხრა, რომ იცოდა, რას განიცდიდა იმ მომენტში დემი ლოვატო, რადგან თავადაც უმღერია Super Bowl-ზე. მე კი ეს არასდროს გამიკეთებია. იმ მომენტში ჩვენ არტისტის როლში შევიჭერით. შოუს პროფესიული გადმოსახედიდან ვადევნებდით თვალს. ვაკვირდებოდი, ჩაირთო თუ არა მიკროფონი და სხვა ასეთ დეტალებს", - განმარტა არტისტმა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ Jay-Z-ის კომპანია Roc Nation იყო Super Bowl-თან დაკავშირებული ყველა გასართობი ღონისძიების პროდიუსინგით დაკავებული, მათ შორის დემი ლოვატოს გამოსვლისა და მთავარი შოუს, რომლის ჰედლაინერებიც ჯენიფერ ლოპესი და შაკირა იყვნენ.

ჯეი ზიმ და ბიონსემ კარიერის განმავლობაში არაერთხელ ითანამშრომლეს. მრავალი კოლაბორაციული კომპოზიციის გამოშვების შემდეგ, მათ ორი ერთობლივი ტურნე გამართეს. 2018 წელს მუსიკოსებმა დუეტი The Carters შექმნეს და სადებიუტო ალბომი Everything Is Love გამოუშვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული