Thumbnail

ანიმაციურმა მუსიკალურმა ვიდეორგოლებმა მასშტაბურ წარმატებას MTV-ის ეპოქის დაწყებასთან ერთად 1980-იან წლებში მიაღწიეს. ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ მათი შექმნა უფრო და უფრო მარტივდებოდა, შედეგად კი ასობით მსგავსი ნამუშევარი ვიხილეთ, რომელთა ნაწილმა საგრძნობი პოპულარობა და, ზოგ შემთხვევაში, საკულტო სტატუსიც კი მოიპოვა. 

ნახე სრული ფლეილისტი

ჩვენს სტატიაში სწორედ ათ ასეთ ვიდეორგოლს წარმოგიდგენთ

10. Jay-Z - The Story of O.J.

Warner Brothers-ის არქივებში ცენზურის მიერ აკრძალული თერთმეტი ანიმაციური ფილმი ინახება, რომლებსაც კომპანიის ამჟამინდელი მესვეურები ისტორიიდან დიდი სიამოვნებით გააქრობდნენ. მათში ეთნიკური და რასობრივი უმცირესობის წარმომადგენლები, განსაკუთრებით აფროამერიკელები, შეურაცხმყოფელი სტერეოტიპულობით არიან ასახულნი. სწორედ ამის გამო ეს ფილმები 1968 წლის შემდეგ ტელევიზიით არ გადაცემულა.

გასაკვირი არაა, რომ ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა კომპოზიციაზე The Story of O.J. შექმნილი ვიდეორგოლის ვიზუალური ესთეტიკა სწორედ ამ ავადსახსენებელი ნამუშევრებიდან ისესხა. კლიპში აფროამერიკელთა ისტორია და ის რასისტული შეხედულებებია აღწერილი, რომელთა მსხვერპლი თვით ჯეი ზიც კი ყოფილა - უზარმაზარი წარმატების, პოპულარობისა და მოხვეჭილი ავტორიტეტის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი მისი პიროვნებისა და შემოქმედების შეფასებისას, პირველ რიგში, კანის ფერს ხედავს, შემდეგ კი ყველაფერ დანარჩენს.

9. Red Hot Chili Peppers - Californication

ამერიკული როკ ჯგუფის ჰიტი Californication ამავე სახელწოდების მქონე სტუდიურ ალბომში შევიდა. კოლექტივის შემოქმედებაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კომპოზიციაზე ვიდეორგოლი ჰოლივუდელი რეჟისორების, ჯონათან დეიტონისა და ვალერი ფარისის მრავალნაცადმა დუეტმა შექმნა. როგორც ანიმაციური, ასევე რეალური სცენებით აწყობილ კლიპში ბენდის წევრები Grand Theft Auto-თი შთაგონებული ვიდეოთამაშის პერსონაჟებად გვევლინებიან.

ვიდეორგოლში უცნაურ სცენებს ვაწყდებით - მფრინავი თეფშები, ლეონარდო და ვინჩის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის გადასაღები მოედანი, ზვიგენები სერფინგის დაფის როლში და სხვა. თუმცა, კომპოზიციის ტექსტიც ხომ სწორედ ამაზეა. Californication ერთდროულად სატირაცაა და სიყვარულის ახსნაც მზიანი კალიფორნიის მიმართ. იმ ადგილის, სადაც ყველა ჯურის ადამიანს შეხვდებით და სადაც აბსოლუტურად ყველაფერია შესაძლებელი.

8. Gorillaz - Clint Eastwood

ოცზე მეტ წლიან კარიერაში ბრიტანულმა ვირტუალურმა ბენდმა ათობით შთამბეჭდავი ანიმაციური კლიპი გაავრცელა, რომელთა შორის საუკეთესოს დასახელება მხოლოდ გემოვნების საკითხია. Gorillaz-ის შესანიშნავი ვიდეოგრაფიიდან ჩვენს სტატიაში შესატანად კოლექტივის სადებიუტო სინგლზე Clint Eastwood შექმნილი მუსიკალური რგოლი შევარჩიეთ. მსმენელთა დიდმა ნაწილმა ხომ ჯგუფი სწორედ ამ კლიპით გაიცნო.

ნამუშევარი დიდწილად ზომბებზე გადაღებული კლასიკური ფილმებითაა შთაგონებული და ჰორორის ელემენტებთან ერთად, არც ამ ჟანრისთვის დამახასიათებელი შავი იუმორის ნაკლებობას უჩივის. კლიპში, ვირტუალური ბენდის წევრების გარდა, რეპერ დელვონ ჯონსის, იგივე Del tha Funky Homosapien-ის ანიმაციურ პერსონაჟსაც ვხედავთ, რომელიც ტრეკის ჩაწერისას კოლექტივის პარტნიორად მოგვევლინა. საინტერესოა, რომ დეიმონ ალბარნს Gorillaz-ის შექმნის იდეა სწორედ ჯონსის ჯგუფთან Deltron 303 თანამშრომლობისას დაებადა.

7. Childish Gambino - Feels Like Summer

Childish Gambino-ს ფსევდონიმით ცნობილ მუსიკოსს, მსახიობს, რეჟისორსა და კომიკოსს, დონალდ გლოვერს ვიზუალურ ნამუშევრებში სათქმელის მეტაფორებით გადმოცემა ყოველთვის ბრწყინვალედ გამოსდის. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი კომპოზიციაზე Feels Like Summer შექმნილი ვიდეორგოლია. კლიპში დონალდი ამერიკულ გარეუბანში მისეირნობს, რომელიც თანამედროვე პოპკულტურის ყველაზე ცნობილი პერსონაჟებითაა დასახლებული, დაწყებული ბიონსეთი და დრეიქით, დამთავრებული ნიკი მინაჟითა და ჯეი ზით. 

ნამუშევრის სიმბოლიკა ნათელია. ეკოლოგიური კატასტროფების, მსოფლიო პოპულაციის უკონტროლო ზრდისა თუ გლობალური დათბობის ფონზე მედიისა და საზოგადოების ყურადღება, პირველ რიგში, პოპულარულ ადამიანებსა და მათი პირადი ცხოვრების უმნიშვნელო დეტალებს ეთმობათ. ნამდვილი პრობლემები კი, მათ შორის ზაფხულისთვის დამახასიათებელი სიცხის უდროო დროს ჩამოწოლა, მეორეხარისხოვანი ხდება.

6. Radiohead - Paranoid Android

ბრიტანული კოლექტივის ეპოქალურ ალბომში OK Computer შესულ ამ კომპოზიციაზე შექმნილი ვიდეორგოლი ისეთივე არაორდინარულია, როგორც თავად ამ მისამღერის არმქონე კომპოზიციის სტრუქტურა. Radiohead-ის წევრებმა კლიპის დამზადება შვედ რეჟისორს, მაგნუს კარლსონს მიანდეს, რომლის შემოქმედებასაც ანიმაციური ტელესერიალიდან Robin იცნობდნენ. კლიპში სწორედ ამ შოუს მთავარი პერსონაჟის უცნაური თავგადასავალია აღწერილი, რომელშიც ხან ქალთევზები ფიგურირებენ, ხანაც ვერტმფრენით მოგზაური ანგელოზები.

კარლსონის ქმნილებაში ჩანაწერის სპეციფიკური ატმოსფერო და პარანოიდული განწყობა იდეალურადაა ასახული. ეს კიდევ უფრო დასაფასებელია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მუშაობის დაწყებამდე მუსიკოსებმა მას მხოლოდ ინსტრუმენტალი გაუგზავნეს, ვიდეორგოლი შინაარსი სიმღერის ტექსტთან მიმართებით ზედმეტად სწორხაზოვანი რომ არ გამოსულიყო. 

5. Kanye West - Good Morning

2007 წელს გამოსული ალბომით Graduation ეპოქალური ჰიპ ჰოპ არტისტის ე.წ. კოლეჯის ტრილოგია დასრულდა. ჩანაწერში შესულ ერთ-ერთ საუკეთესო ტრეკზე Good Morning ვიდეორგოლი, ისევე, როგორც მთელი ნამუშევრის ვიზუალური გაფორმება, იაპონელ ენდი უორჰოლად მონათლულმა ტაკაში მურაკამიმ შექმნა. კლიპში ქანიეს მაშინდელი ალტერ ეგო, ანთროპომორფული დათუნია კოლეჯში გამოსაშვებ საღამოზე დროულად მისწრებას ცდილობს, გზად კი უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევს.

ვიდეორგოლის შინაარსი დღევანდელი გადმოსახედიდან განსაკუთრებით სიმბოლურია. 20 წლის ასაკში ქანიემ კოლეჯში სწავლა მიატოვა, მაგრამ დღეს ის მულტიმილიონერი, თანამედროვე მუსიკის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი და, ასე განსაჯეთ, რელიგიური მოძრაობის ლიდერიცაა. აშკარაა, რომ თავის დროზე მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

4. A-ha - Take on Me

ნორვეგიული სინთპოპ ბენდის ეს კომპოზიცია ჩამთრევი მელოდიისა და ჯგუფის ფრონტმენის, მორტენ ჰარკეტის შთამბეჭდავი ვოკალური შესაძლებლობების წყალობით, თავიდანვე გაჰიტებისთვის იყო განწირული. ამ ღირსებებს კი მუსიკალური ვიდეორგოლების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო, ნახევრად ანიმაციური ნამუშევარიც დაემატა. Take on Me პირველ ნორვეგიულ სინგლად იქცა, რომელიც ამერიკული ჩარტების სათავეში მოექცა და პლატინის სტატუსიც დაიმსახურა.

რეჟისორ სტივ ბერონის მიერ გადაღებული კლიპი დიდწილად 1980 წელს გამოსული საკულტო საშინელებათა ფილმით Altered States იყო შთაგონებული. ანიმატორებმა მისი შექმნისას ე.წ. როტოსკოპის ტექნიკა გამოიყენეს, რომლის მეშვეობითაც საერთო ჯამში 3000 კადრი დაამუშავეს. მთელ ამ პროცესს დაახლოებით თექვსმეტი კვირა დასჭირდა, თუმცა, შრომა მიღწეულ შედეგად ნამდვილად ღირდა. კლიპმა 1986 წელს MTV Video Awards-ის ცერემონიაზე ექვსი ჯილდო მოიპოვა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

3. Dire Straits - Money for Nothing

ჯგუფის ფრონტმენმა, მარკ ნოფლერმა ამ სიმღერის ტექსტი ნიუ იორკში, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიაში დაწერა. მისი თქმით, ყველა ტელევიზორში MTV იყო ჩართული, ერთ-ერთი მუშა კი, რომლებიც ყუთების გადაზიდვით იყო დაკავებული, ეკრანზე ნანახი არტისტების მიმართ ცინიკურ კომენტარებს არ იშურებდა. ნოფლერმა მისი სიტყვები ჩაიწერა და მოგვიანებით თვითირონიით სავსე კომპოზიციის ტექსტად აქცია. ტრეკზე შექმნილმა კლიპმა კი, სწორედ MTV-ის წყალობით, დიდი პოპულარობა მოიპოვა. 

ვიდეორგოლის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამგანზომილებიანი კომპიუტერული ანიმაცია იყო, რომელმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში აუდიტორიაზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. თანამედროვე სტანდარტებს მიჩვეულ მაყურებელს დღეს მისი ხარისხი შესაძლოა, სასაცილოდ მოეჩვენოს, თუმცა, თავის დროზე ეს კლიპი, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ნამდვილი მიღწევა გახლდათ. აღსანიშნავია, რომ რეჟისურა ამ შემთხვევაშიც ჩვენი მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობმა სტივ ბერონმა ითავა.

2. The White Stripes - Fell in Love with a Girl

ამერიკული როკ დუეტის ამ კომპოზიციის თანმხლებ ვიდეორგოლზე მუშაობა რეჟისორ მიშელ გონდრის გაუგებრობის შედეგად მოუწია. ჯეკ უაითმა თავისი ლეიბლის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ Beck-ის კლიპის Devils Haircut ავტორის დაქირავება სურდა. ის ლეგენდარულ მარკ რომანეკს გულისხმობდა, თუმცა, პროდიუსერებს გონდრი და რომანეკი შეცდომით ერთმანეთში აერიათ. ჯეკი არც ფრანგ რეჟისორთან კოლაბორაციის პერსპექტივით დარჩა უკმაყოფილო. ასე ჩაეყარა საფუძველი მათ მრავალწლიან თანამშრომლობას. 

ვიდეორგოლში The White Stripes-ის საფირმო პალიტრაში - შავ, წითელ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ლეგოს კუბებითა და ე.წ. სტოპ მოუშენ ანიმაციით ძალზე ეფექტური სანახაობა იქმნება. კლიპის პრემიერამდე მუსიკოსებმა LEGO-ს შესთავაზეს, სინგლის თითოეულ ეგზემპლარში სათამაშო ჩაემატებინათ, რომლისგანაც მათი ფიგურის აწყობა იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა, კომპანიის წარმომადგენლებმა იუარეს, ჩვენი სამიზნე აუდიტორია 12 წლის ასაკს არ სცდებაო. კლიპის წარმატების შემდეგ, ისინი ჯგუფს ამ იდეის განხორციელების იმედით თავად დაუკავშირდნენ, მაგრამ უარი ამჯერად არტისტებისგან მიიღეს.

1. Queen - Innuendo

ლეგენდარული ბრიტანული როკ ბენდის ამ კომპოზიციაზე ვიდეორგოლის შესაქმნელად მისმა ავტორებმა, როგორც როტოსკოპის, ასევე სტოპ მოუშენის ტექნიკა გამოიყენეს. ჯორჯ ორუელის რომანის "1984" მაიკლ რედფორდისეული საკულტო ეკრანიზაციით შთაგონებული კლიპი Queen-ის ადრეული ვიზუალური ნამუშევრებიდან აღებული, გრაფიკულად დამუშავებული კადრებითაა აწყობილი.

ანიმატორებმა შთაგონება ლეგენდარული ხელოვანებისგან ისესხეს. ფრედი მერკური ლეონარდო და ვინჩისთვის დამახასიათებელ სტილშია გამოსახული, როჯერ ტეილორი ჯექსონ პოლოკის, ჯონ დიკონი პაბლო პიკასოს, ბრაიან მეი კი - ვიქტორიანული ეპოქის გრავიურების. ამის გარდა, კლიპში მეორე მსოფლიო ომის, სპარსეთის ყურის კონფლიქტის, ფრედის კერპის, მომღერალ უმ კულსუმის დასაფლავებისა და სხვა ისტორიული მოვლენების ამსახველი საარქივო კადრებიც გვხვდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული