Thumbnail

როგორ გაუშვა ჯგუფიდან Red Hot Chili Peppers-მა გიტარისტი, რათა ფრუშანტე დაებრუნებინა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Red Hot Chili Peppers-ის ყოფილმა გიტარისტმა, ჯოშ კლინჰოფერმა პოდკასტ WTF with Marc Maron-ში საუბრისას ის მომენტი გაიხსენა, როდესაც ბენდიდან მისი გაშვებისა და ჯონ ფრუშანტეს დაბრუნების შესახებ აცნობეს.

► Red Hot Chili Peppers ჯონ ფრუშანტესთან ერთად ახალ ალბომზე მუშაობს

► 10 წლის შემდეგ, Red Hot Chili Peppers-ს ჯონ ფრუშანტე დაუბრუნდა

"Flea-სთან სახლში ველოსიპედით მივედი. იქ მყოფმა ჯგუფის სხვა წევრებმა მითხრეს - "პირდაპირ გეტყვით. გადავწყვიტეთ, ჯონს დაბრუნება ვთხოვოთ". ჩამოვჯექი მშვიდად და ვუპასუხე - "არ მიკვირს". იმ მომენტში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, მეთქვა, რომ "ვისურვებდი, მუსიკალური თუ შემოქმედებითი კუთხით ისეთი რამ მეკეთებინა თქვენთან ერთად, რაც ოდესმე ჩემი ჯგუფიდან წასვლის შესაძლებლობას გამორიცხავდა". Red Hot Chili Peppers-ში სწორედ რომ ფრუშანტეს ადგილია. ამიტომაც, ძალიან გახარებული ვარ, რომ ის დაბრუნდა. მე კოლექტივთან ერთად 10 წელი გავატარე, მათთან ერთად ორ ტურნესა და ამდენივე ალბომის ჩაწერაში მივიღე მონაწილეობა და ამით ვამაყობ", - თქვა ჯოშ კლინჰოფერმა.

ჯოშ კლინჰოფერმა ფრუშანტე 2009 წელს შეცვალა, როდესაც ამ უკანასკნელმა კოლექტივი ფრონტმენთან, ენტონი კიდისთან უთანხმოებისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების გამო მეორედ დატოვა. კლინჰოფერმა ჯგუფთან ერთად ორ სტუდიურ ალბომზე იმუშავა. ათი წლის შემდეგ, 2019 წლის დეკემბერში ფრუშანტე ბენდს დაუბრუნდა. სწორედ მისი მონაწილეობითაა შექმნილი კოლექტივის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალბომები Californication, By the Way და Stadium Arcadium.

Red Hot Chili Peppers 1983 წელს ლოს ანჯელესში შეიქმნა. 6 გრემის მფლობელ კოლექტივს დღემდე 80 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არტისტებმა ბილბორდის ალტერნატიული მუსიკის ჩარტის რეკორდიც მოხსნეს - სხვადასხვა დროს ჰიტ აღლუმს ბენდის 13 სინგლი ლიდერობდა. ჯგუფის ბოლო, რიგით მეთერთმეტე ალბომი The Getaway 2016 წელს გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული