Thumbnail

ცნობილი მუსიკოსები კობი ბრაიანტის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის, 41 წლის კობი ბრაიანტისა და მისი 13 წლის ქალიშვილის, ჯიანას ტრაგიკულ გარდაცვალებას ცნობილი ადამიანები, მათ შორის მუსიკოსები გამოეხმაურნენ. კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სპორტსმენის ოჯახის მიმართ სამძიმარი გამოთქვეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან: ქანიე ვესთი, დრეიქი, ტეილორ სვიფტი, ჯენიფერ ლოპესი და სხვები. 26 იანვარს მომხდარ ტრაგედიას ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი ემსხვერპლა.

► ნახეთ: გრემიზე ნიფსი ჰასლისა და კობი ბრაიანტის ხსოვნას პერფორმანსი მიუძღვნეს

"მე და ჩემი საქმრო, ალექსი კობისთან ერთად გატარებულ მომენტებს ვიხსენებდით. ამ დიდმა დანაკარგმა ყველა დაგვამწუხრა. თუმცა, ჩვენი განცდები არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ახლა მისი ცოლი, ვანესა გრძნობს. ცხოვრებაში იმაზე უსამართლო არაფერია, ვიდრე შვილისა და ქმრის ერთ დღეში დაკარგვა. ვანესა, ვლოცულობ, რომ ღმერთმა ამ გაუსაძლისი ტკივილის დაძლევა შეგაძლებინოს. იმავეს ვუსურვებ ყველა ოჯახს, რომელიც ამ განსაცდელის წინაშეა. კობი, შენ ბევრი ადამიანისთვის იყავი უმნიშვნელოვანესი და ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩები", - წერს ჯეილო ინსტაგრამზე.

"შენი ოჯახისთვის ვლოცულობთ. ვაფასებთ შენს განვლილ ცხოვრებასა და შენგან მიღებულ დიდ ინსპირაციას", - ამბობს ჰიპ ჰოპ არტისტი, ქანიე ვესთი ტვიტერზე. 

"მიღებული შოკისგან დილიდან ადგილს ვერ ვპოულობ, ვტირი. კობიმ, როგორც ღირსეულმა პიროვნებამ, ინტელიგენტმა, დისციპლინის, მებრძოლი სულის და მზრუნველი ბუნების მქონე ადამიანმა არაერთხელ მომანიჭა სიხარული. ის ჩემი შთაგონების წყარო და მოტივატორი იყო. მისით აღფრთოვანებული ვიყავი. რამდენჯერმე ჩვენი შეხვედრისას მეგობრულად გადამეხვია, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. გულს მითბობდა იმის ყურება, თუ როგორ უყვარდა საკუთარი ოჯახი, როგორ არ სცილდებოდა გვერდიდან თავის ულამაზეს გოგონას, ჯიანას. ენერგია, რომელიც მან ჩვენს სამყაროში გასცა, ყოველთვის გვემახსოვრება", - წერს ჯგუფ Red Hot Chili Peppers-ის ბასისტი Flea ინსტაგრამზე.

"გული გამიპო ამ დაუჯერებელმა ტრაგედიამ. წარმოუდგენელია, რისი გადატანა უწევთ დაღუპულთა ოჯახებს. კობი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ვლოცულობ მისი ცოლის, ვანესასთვის, სიყვარულს და თანაგრძნობას გამოვხატავ მის მიმართ. ასევე ვუსამძიმრებ ყველას, ვისაც ამ უბედურმა შემთხვევამ ახლობელი ადამიანი წაართვა", - აღნიშნავს ამერიკელი პოპვარსკვლავი, ტეილორ სვიფტი ტვიტერზე.

"სამყარომ ბუმბერაზი ადამიანი დაკარგა. მშვიდად განისვენე, კობი. სხვა მგზავრებისა და მათი ოჯახებისთვისაც ვლოცულობ", - აცხადებს ამერიკელი მუსიკოსი, ფარელ უილიამსი.

"ვერ ვიჯერებ. შენ ყოველთვის მამხნევებდი. მიყვარხარ", - წერს კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი და სპორტსმენთან ერთად გადაღებულ ძველ ფოტოს აქვეყნებს. 

"დაუჯერებელია!", - ამბობს კანადელი ჰიპ ჰოპ არტისტი Drake ინსტაგრამზე.

View this post on Instagram

😤😔🥺 it can’t be

A post shared by champagnepapi (@champagnepapi) on

"ვტირი. ძალიან სამწუხაროა. რა სევდიანი დღე გათენდა. გვიყვარხარ, კობი", - წერს რეპერი ASAP Rocky ტვიტერზე.

"რა საშინელი დღეა. ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. ყველას სიყვარულსა და მშვიდობას გისურვებთ", - ამბობს ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტი Cardi B ტვიტერზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

"ნათელში განისვენე, კობი ბრაიანტ. ვლოცულობ შენი ოჯახისთვის. იმედი მაქვს, ამ კოშმარისგან გამოერკვევიან. ეს სპორტის ისტორიაში ძალიან სევდიანი დღეა. გვიყვარხარ, ძმაო", - აღნიშნავს პოპულარული ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი Quavo ტვიტერზე.

"გულგატეხილი ვარ. ვინც მიცნობს, იცის, როგორი გამანადგურებელია ჩემთვის ეს ამბავი. მშვიდად განისვენეთ. ვლოცულობთ კობის ცოლისა და ოჯახის სხვა წევრებისთვის", - წერს ამერიკელი რეპერი 2 Chainz ინსტაგრამზე.

"მეფე დავკარგეთ", - აღნიშნავს რეპერი Lil Wayne. 

სპორტსმენისა და მისი გოგონას პატივისცემის ნიშნად ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბილი აილიშმა.

კობი ბრაიანტის პატივსაცემად მისი მაისური გაშალეს Aerosmith-ისა და Run-DMC-ის ერთობლივ პერფორმანსზეც.

კომენტარები

ბოლოს დამატებული