Thumbnail

ბილი აილიშმა Grammy-ზე რეკორდი მოხსნა

18 წლის ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა 2020 წლის გრემის დაჯილდოებაზე რეკორდი დაამყარა. ის ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი გახდა, რომელმაც ღონისძიების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. საუკეთესო სიმღერისა და ჩანაწერის სტატუსი Bad Guy-მ დაიმსახურა. 

► ნახეთ: Grammy 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია

"ღმერთო ჩემო, ძალიან ბევრი სხვა კომპოზიცია იმსახურებდა ამ ჯილდოს, მაპატიეთ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე გრემის მივიღებდი", - თქვა ბილიმ პირველი ოქროს გრამოფონის მიღებისას.

ოთხ ძირითად ნომინაციაში პირველად 1981 წელს ამერიკელმა არტისტმა, კრისტოფერ კროსმა გაიმარჯვა, რომელიც მაშინ 30 წლის იყო. დღემდე ის ერთადერთ მუსიკოსად ითვლებოდა, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია.

ბილი აილიშმა კიდევ ერთი გრემი საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ წლის პროდიუსერის ნომინაციაში ოქროს გრამოფონის მფლობელი გახდა ბილის ძმა, ფინიასი. კომპოზიციებზე აილიში სწორედ მასთან ერთად მუშაობს.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული